21/02/2018 – 05:39
მთავარი პოლიტიკა

0 299

„ადრე ხელფასი ცალკე იყო, დანამატი – ცალკე და პრემიაც ცალკე, ამიტომ ხელფასი და დანამატი ერთიანდება, რაც კანონის შესაბამისად ხდება, პრემიების გამოწერის გადაწყვეტილებას პირადად მე მივიღებ”,-ამის შესახებ თბილისის, მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან განმარტა, მისი მოადგილეებისა და სამსახურის უფროსებისთვის ხელფასის მატების შესახებ ინფორმაცია არასწორია და მატება არ მომხდარა.
„ადრე ხელფასი ცალკე იყო, დანამატი – ცალკე და პრემიაც ცალკე, ამიტომ ხელფასი და დანამატი ერთიანდება, რაც კანონის შესაბამისად ხდება. პრემიების გამოწერის გადაწყვეტილებას პირადად მე მივიღებ, ეს არის წახალისების ერთ-ერთი მიმართულება და ეს არის ნორმალური. ეს ხდება ყველა ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში. მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს გონივრულად და შესაბამისად, მერი მიიღებს გადაწყვეტილებას თავისი სამსახურების მუშაობის შეფასების შედეგად, თუ ვის როგორ და რამდენი პრემია გამოუწეროს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

0 257

აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის გადადგომის შესახებ ინფორმაცია, ,,შენი მედია გუნდს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

პრესსამსახურის უფროსის განცხადებით, ლევან მაისურაძე საკუთარი სურვილით, უწყებაში საქმიანობას აღარ გააგრძელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა ცნობით, აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან წასვლა როტაციის წესს არ უკავშირდება. უწყებაში კი რეორგანიზაცია არ იგეგმება.

აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, ლევან მაისურაძე 2017 წლის ივნისში გიორგი მღებრიშვილმა დანიშნა. რამდენიმე თვეა მღებრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი აღარაა და იგი საქმიანობას, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე აგრძელებს.

მაისურაძე  ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტშიც მუშაობდა. უფრო ადრე კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს პირველი განყოფილების უფროსი იყო.

ლევან მაისურაძემ კახაბერ ბუხრაძე ჩაანაცვლა, რომელმაც როტაციის პრინციპით 11-12 მარტის აქციების შემდეგ რამდენიმე თვეში თანამდებობა დატოვა.

0 130

ყველაზე დიდი პრობლემა, რაც გამოიკვეთა, არის ზოგადად სახელმწიფოს და კონკრეტული პოლიტიკური პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობა პირადად ახმედ ჩატაევთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებულ თემაზე საუბრისას განაცხადა.

სერგი კაპანაძის თქმით, ბევრი კითხვაა როგორც თბილისის, ასევე პანკისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.

„ყველაზე დიდი ჩავარდნა, რისთვისაც უნდა დადგეს იმ ადამიანების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც ამაში მიუძღვის ბრალი, იყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქნა გათავისუფლებული ჩატაევი თავის დროზე, როგორ დატოვა მან ქვეყანა და მას მერე, რაც მან ჩაიდინა სასტიკი ტერორისტული აქტი სტამბოლში, რაც დადასტურდა მისი კავშირი „ისლამურ სახელმწიფოსთან“, ის იქნა შეყვანილი ყველა შავ სიაში, რომელიც არსებობს ტერორისტებთან დაკავშირებით – ამ ყველაფრის შემდეგ როგორ მოხდა მისი უკან დაბრუნება საქართველოში. ეს არის მთავარი კითხვები, რომელსაც უნდა გაეცეს პასუხი, სადაც იკვეთება აუცილებლად კონკრეტული პოლიტიკოსების პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

ამის მიღმა, ბუნებრივია, არის ლეგიტიმური კითხვები, რომელიც უკავშირდება სპეცოპერაციებს როგორც თბილისში, ასევე პანკისში. ეს კითხვები პირველ რიგში უკავშირდება იმას, იყო თუ არა ძალა გამოყენებული გადამეტებულად მაჩალიკაშვილთან მიმართებაში, იქიდან გამომდინარე, რომ კითხვა ჩნდება, რამდენად საჭირო იყო მისი ასე გაწირვა და მისთვის თავში სროლა.

ამასთან, ჩნდება კითხვები – დროულად აღმოუჩნე​ს თუ არა მას სამედიცინო დახმარება საქართველოში, ასევე, რამდენად იყო შესაძლებელი უფრო ადრე მისი საზღვარგარეთ გადაყვანა”, – აცხადებს სერგი კაპანაძე.

 

0 165

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის სხდომის დაწყებამდე პანკისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა.

“მინდა, შევეხო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას – ეს არის ტერორიზმი –  გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენი სახელმწიფოც ყველაფერს აკეთებს ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. რა თქმა უნდა, როდესაც ამ გამოწვევას თანბრძოლა საკუთარ ქვეყანაში გიწევს, მით უფრო, როდესაც საკითხი ეხება ჩვენს მოქალაქეებს, ის არის ძალიან მგრძნობიარე  და საფრთხილო.

ჩვენმა  სპეცსამსახურებმა ჩაატარეს რამდენიმე სპეცოპერაცია და თითოეული მათგანი სწორედ ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილებას ეხებოდა. ამ ოპერაციებს შეეწირა ჩვენი სპეცსამსახურების ერთი თანამშრომელი და დაგვეჭრა – ოთხი. ეს ბიჭები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას.

მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ პირველ რიგში არის სწორედ ხელისუფლების ინტერესი, რომ პროკურატურის ობიექტურმა და ეფექტურმა გამოძიებამ საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გასცეს პასუხები. ამიტომაც, დღეს, ამ ვითარებაში, წინასწარი განცხადებების თუ წინასწარი დასკვნების გაკეთება აზიანებს სახელწიფო ინტერესებს.

სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა, თუმცა, სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. და რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, მინდა, სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს.

მინდა, ასევე, ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს ქისტ თანამემამულეებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში, თავიანთი დამოკიდებულებით, არაერთხელ დაამტკიცეს საქართველოსა და მისი ინტერესების ერთგულება. ამ სიმტკიცეში არავის შეაქვს ეჭვი და გარწმუნებთ, რომ  აქ ბზარის შეტანა შეუძლებელია.

ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმის, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და ჩვენი სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ ამ უპირველესი ვალდებულების უზრუნველსაყოფად”,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

0 167

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საზღვარგარეთ მოგზაურობის მსურველ საკუთარ მოქალაქეებს ახალი რეკომენდაციებს აძლევს.

აშშ-ის დიპლომატიურმა უწყებამ უსაფრთხოების მიხედვით ქვეყნები ოთხ კატეგორიად დაყო.

პირველ, ყველაზე უსაფრთხო კატეგორიაში, საქართველო მოხვდა, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში გამგზავრებისგან, არასტაბილური გარემოს, კრიმინოგენული ვითარებისა და ნაღმების საფრთხის გამო.

პირველ კატეგორიაში ასევე მოხვდნენ სკანდინავიის ქვეყნები, ავსტრია, შვეიცარია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, კანადა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, გარდა რუსეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინისა.

მეორე კატეგორიის ქვეყნებში, როგორიცაა დასავლეთ ევროპის ქვეყნები ( დიდი ბრიტანეთი, გერმანია), მეტი სიფრთხილეა საჭირო, რაც ტერორისტული აქტების მომატებული რისკებით არის განპირობებული. ამავე კატეგორიაში მოხვდა უკრაინაც, კრიმინალის დონისა და არეულობების თვალსაზრისით.

მესამე კატეგორიაში შესულ ქვეყნებში სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს, რადგან არსებობს აშშ-ის მოქალაქეთა შევიწროების და დაკავების რისკები, ასევე არასტაბილური გარემო, საპროტესტო აქციების სახით. ასეთ ქვეყნებს მიეკუთვნება რუსეთიც. სახელმწიფო დეპარტამენტი კატეგორიულად აფრთხილებს მოქალაქეებს ჩეჩნეთსა და ოკუპირებულ ყირიმში გამგზავრებასთან დაკავშირებით. მესამე კატეგორიაში მოხვდნენ ასევე, ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილი, კუბა, ვენესუელა.

ქვეყნებში კი, რომლებიც მეოთხე კატეგორიაში მოხვდნენ, მოგზაურობა დაუშვებელია სიცოცხლისთვის არსებული საფრთხის გამო. ასეთ ქვეყანათა სიაში მოხვდნენ სირია, ერაყი, ირანი, ავღანეთი, ლიბია, სომალი, ჩრდილოეთ კორეა და სხვ.

სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ასეთ ქვეყნებში მოგზაურობის დროს დახმარების საჭიროების შემთხვევაში, დიპლომატიურმა უწყებამ შესაძლოა, სათანადო რეაგირება ვერ შეძლოს.

სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე წარმოადგენს რისკების ინდიკატორს. ინდიკატორები ქვეყნებს მინიჭებული აქვთ იმის მიხედვით, თუ რა სახის საფრთხე არსებობს თითოეულ ქვეყანაში. კრიმინალი, ტერორიზმი, სამოქალაქო არეულობა, ჯანდაცვის რისკები, ბუნებრივი კატასტროფები, მოკლევადიანი მოვლენები და სხვა.

0 337

ავსტრიის მთავრობა თემირლან მაჩალიკაშვილის სამკურნალოდ მიღებაზე უარის თქმის მიზეზს განმარტავს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჰერბერტ კიკლის განცხადებას ავსტრიული გამოცემა Krone ავრცელებს.
ავსტრიის შს მინისტრის, ჰერბერტ კიკლის განმარტებით, ტერორისტის პოტენციური დამხმარეს ქვეყანაში შეშვებაზე უარი, უსაფრთხოების გამო თქვეს.
„ჩვენ ვგრძნობდით, რომ ავსტრიაში ტერორიზმში ეჭვმიტანილის ჩამოსვლა, ძალიან სარისკო იყო. ვენაში მაჩალიკაშვილის მკურნალობა ავსტრიის შიდა უსაფრთხოებისთვის დიდი საფრთხე იქნებოდა“, – აღნიშნა ჰერბერტ კიკლმა.
ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არსებობდა დიდი რისკი, რომ განხორციელდებოდა მაჩალიკაშვილის გათავისუფლების მცდელობა ან თავდასხმა, რაც შესაძლოა, მსხვერპლით დასრულებულიყო.
ამას გარდა, გამოცემა წერს, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი არ ყოფილა „ისლამური სახელმწიფოს“ უწყინარი წევრი. ის ტერორისტების ლიდერის, აჰმედ ჩატაევის სავარაუდო დამხმარე იყო.
გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილი ჩატაევს იარაღის მიწოდებაში ეხმარებოდა.
წარმოშობით ჩეჩენი ჩატაევი რვა წლის განმავლობაში ვენაში ცხოვრობდა. სხვადასხვა სპეცსამსახურებმა ჩატაევი სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორად დაასახელეს.
„რა თქმა უნდა, ტერორისტების პოტენციური დამხმარე ქვეყანაში ვერ შემოვა. უსაფრთხოების მიზნებით, ჩვენ ვეუბნებით მკაფიო არას ავსტრიაში ტერორიზმში ეჭვმიტანილების შემოსვლას, ეს ეხება მკურნალობის მიზნით ჩამოსვლასაც“, – განაცხადა ჰერბერტ კიკლმა.
შეგახსენებთ, რომ პანკისში, სოფელ დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა.
მანამდე მაჩალიკაშვილის სამკურნალოდ მიღებაზე რამდენიმე უცხოურმა, მათ შორის ავსტრიისა და გერმანიის კლინიკებმა თქვეს უარი.

0 201
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული ერთ-ერთი პირი აჰმედ ჩატაევია, – ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული, დნმ-ის ანალიზის შედეგად დადასტურდა. როგორც ბრიფინგზე გაცხადდა,
 აჰმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა.
სუს-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.
ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის, ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, აჰმედ ჩატაევის ოჯახის წევრები საქართველოში არ იმყოფებიან.

0 270

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც დაჭრილი სამართალდამცველები მოინახულა განაცხადა, რომ ქალაქში გადაადგილება უსაფრთხოა და ამ კუთხით რაიმე შიშის საფუძველი არ არსებობს.
მან დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა და საზოგადოებას გარკვეული სპეკულაციებისგან თავის შეკავება სთხოვა.
„როგორც იცით, დასრულდა სპეცოპერაცია. სამწუხაროდ, გვყავს მსხვერპლი – სპეცრაზმის ერთი თანამშრომელი დაიღუპა.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივუსამძიმრო ოჯახს. ეს ადამიანი ნამდვილად გმირია. დანარჩენი ბიჭები კი მკურნალობენ, – მოგეხსენებათ, სამი დაჭრილია. მინდა მათ ვუსურვო გამოჯანმრთელება.
პოლიტიკოსები თუ ექსპერტები გამოთქვამენ სხვადასხვა მოსაზრებას. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ასეთ სიტუაციებში არ არის გამართლებული ასეთი ტიპის სპეკულაციები და მე მგონი, უნდა იყოს რაღაც მომენტი, როცა ჩვენ ყველანი ერთად დავდგებით. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ამას გაითვალისწინებენ. რა თქმა უნდა, შეკითხვები შეიძლება დაისვას.
ბუნებრივია, არსებობს ინსტიტუციური ფორმატები, რომლებშიც ამ კითხვებს პასუხი გაეცემა, მაგრამ არ შეიძლება ასეთი დონის საჯაროობით, ასეთი ტიპის ოპერაციების დეტალებზე საუბარი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და არანაირი საფუძველი იმის, რომ რამე შიში არსებობდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, არ არსებობს.
„ჩვენმა გმირმა ბიჭებმა გაანეიტრალეს ის საფრთხე, რომელიც შეიძლებოდა ძალიან ცუდი შედეგით დასრულებულიყო“, – განაცხადა პრემიერმა.
მანვე მადლობა სუს-სა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის თანამშრომლებს გადაუხადა.

0 690

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მძევლები აყვანილი არ ჰყოლიათ, თუმცა ამის საფრთხე არსებობდა.

ამის შესახებ მან რეფერალურ საავადმყოფოსთან განაცხადა, სადაც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაჭრილები მოინახულა.

”საფრთხე, რომ მძევლად აეყვანათ მოსახლეობა იყო, რადგან სერიოზული ჯგუფი იყო, მაგრამ მძევლები აყვანილი არ ჰყოლიათ”, – განაცხადა გომელაურმა.

როგორც ვახტანგ გომელაური განმარტავს, მოქალაქეები და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები, რომ არ დაშავებულიყვნენ სპეცოპერაცია ამდენი ხანი იმიტომ გაგრძელდა.

მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდა რომ სპეცოპერაციას მსხვერპლი არ მოყოლოდა, თუმცა სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა.

”პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახს, ის იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების მებრძოლი. ასევე დაჭრილი არიან ჩვენი და შს სამინისტროს თანამშრომლები. მათი ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურია. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ არ დასრულებულიყო ოპერაცია ასე. იმ ერთი ადამიანის დაღუპვა ძალიან მძიმე იყო. ღმერთს მადლობა, რომ ჩვენი თანამშრომლები მსუბუქად არიან დაჭრილები. კითხვები იყო იმაზე, თუ რატომ გაგრძელდა ამდენი ხანი სპეცოპერაცია, ზუსტად იმიტომ, რომ არ დაშავებულიყვნენ მოქალაქეები, ძალოვანები, პოლიციელები. აქედან გამომდინარე იყო ყველაფერი, რომ ნაკლები დანაკარგები ყოფილიყო”, – განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაციის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა ძალოვანი უწყებების 4 თანამშრომელი.

0 167

საქართველოს მთავარ პროკურატურაში, 14:00 საათზე ბრიფინგი  გაიმართება. ამის შესახებ “კვირას” მთავარი პროკურატურიდან აცნობეს. ბრიფინგის თემა წინასწარ არ კონკრეტდება.