25/09/2017 – 10:11
მთავარი ეკონომიკა

0 166

მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, 19.5 მილიარდი ლარის სესხია გაცემული. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სექტორის მიმოხილვაშია ნათქვამი.
მიმოხილვის თანახმად, ივლისის მდგომარეობით 3.7 მილიარდი ლარის სამომხმარებლო სესხი გაიცა, 2016 წლის ამავე პერიოდში კი 3.9 მილიარდი ლარის.

საანგარიშო პერიოდში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1.6 მილიარდი ლარით გაიზარდა იპოთეკური სესხები. კერძოდ, 2017 წლის ივლისის მონაცემებით, 4.4 მილიარდი ლარის იპოთეკური სესხია გაცემული, მაშინ, როცა 2016 წლის ამავე პერიოდში ეს მონაცემი 2.8 მილიარდი ლარი იყო.

ეროვნული ბანკის მიმოხილვის მიხედვით, ივლისის მონაცემებით, ბიზნესზე გაცემულმა სესხებმა 2 მილიარდი ლარი შეადგინა. გასული წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 2.2 მილიარდი ლარი იყო. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი – 1.6 მილიარდი ლარი ენერგეტიკაზეა გაცემული; 0.8 მილიარდი მშენებლობაზე; ხოლო 0.5 მილიარდი ლარი გაიცა ვაჭრობაზე.

0 399
ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.
დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.5887 ლარია. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.5738 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0149 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.7474 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7787 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0313 ლარი შეადგინა.

0 527

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
”2016 წლის 27 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3264 შეადგინა”, – ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

0 345

2016 წლის 6 თვის მონაცემებით საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2.9% -ია, რაც განვითარებადი ქვეყნისთვის კატასტროფულად დაბალია და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ 2012 წლის შემდეგ, როცა საქართველოს ეკონომიკა 15.8 მლრდ დოლარი არათუ გაიზარდა ის, არამედ შემცირდა და 14.2 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ ისაუბრა.

„გთავაზობთ, 2016 წლის პირველი ექვსი თვის (იანვარი-ივნისი) ეკონომიკური ზრდის და ეკონომიკური მაჩვენებლების შეჯამებას.

პირველი, ნათელია, რომ 2013 წლიდან საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი სამწუხაროდ ძალიან დაბალია. 2004-2007 წლებში ეკონომიკა იზრდებოდა 2.7-ჯერ სწრაფად, ვიდრე ქართული ოცნების მმართველობის პირობებში. 2013-2016 წლებში ეკონომიკა საშუალოდ 3%-ით იზრდებოდა. 1016 წლის 6 თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 2.9%-ია. ასეთი ეკონომიკური ზრდა საქართველოს ტიპის განვითარებადი ქვეყნისთვის, კატასტროფულად დაბალია. ამ მონაცემით 2030 წელს ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც დღეს აზერბაიჯანი, სურინამი, გრენადა და თურქმენეთი არიან.

2012 წელთან შედარებით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, საქართველო გაღარიბდა. თუ 2012 წელს საქართველოს ეკონომიკა იყო 15.8 მლრდ დოლარი, ახლა ის 14.2 მლრდ დოლარია. “ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბევრს საუბრობდა, თითქოს “ნაციონალური მოძრაობის“ დროს საქართველოს ეკონომიკა ძირათად ვალების ხარჯზე იზრდებოდა. დინამიკა კი გვაჩვენებს, რომ დღეს ვალი მთლიან შიდა პროდუქტან მიმართებაში 10%-ით მეტია, ვიდრე 2012 წელს იყო. 2015 წელს კი, ვალმა მშპ-სთან მიმართებაში, 43% შეადგინა.

რაც შეეხება საშინაო ვალს, რომელიც ბევრად ძვირია, ვიდრე საგარეო ვალი და მას უამრავი უარყოფითი თვისება ახლავს, ბოლო სამ წელიწადში თითქმის გაორმაგდა და 1 მილიარდით გაიზარდა.

გთავაზობთ გრაფიკს – „ლარის კურსის დინამიკა 2004 წლიდან“. ჩვენ არა მარტო დავუბრუნდით 2003-2004 წლის ცუდ მაჩვენებელს, არამედ ლარი დღეს კიდევ უფრო მეტად გაუფასურებულია. 2014 წლის ნოემბრიდან ლარის გაცვლითმა კურსმა გაუფასურება დაიწყო და იგი 40%-თაც კი გაუფასურდა. ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დღეს 2.34 ლარს შეადგენს. ლარის კურსის ასეთი ცვლილება აღარიბებს ჩვენს მოსახლეობას. საქართველოში კრედიტს დოლარის ექვივალტში 500 000-ზე მეტი ადამიანი იხდის ყოველთვე. სწორედ ნახევარ მილიონ ადამიანს დღეს ვალის მომსახურება უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე ეს იყო 2-3 ან თუნდაც 4 წლის წინ. ექსპორტი, რამაც საქართველოში ფული უნდა შემოიტანოს, ბოლო ექვსი წლის მინიმუმზეა დასული. ის ნაკლებია, ვიდრე 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წელს იყო“, – განაცხადა კაპანაძემ

0 454

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3459 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3459 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3406 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0053 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5939 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5847 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0092 ლარი შეადგინა.

0 434

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3406 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3406 ლარი გახდება. კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.3407 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5847 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.6075 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0228 ლარი შეადგინა.ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3406 ლარი გახდა

0 486

ქვეყნის მთავარ სატრანზიტო ავტომაგისტრალს კიდევ ერთი ჩქაროსნული 11-კილომეტრიანი მონაკვეთი შეემატა – დღეს ბაში-დაფნარის მონაკვეთი გაიხსნა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ გზაზე გადაერთო.
საგზაო მონაკვეთის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ჩქაროსნული გზის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთის გახსნის შემდეგ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებებზე მოძრავი ავტოტრანსპორტი ქალაქ სამტრედიაში შესვლის გარეშე, გაცილებით კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას.
„ამ გზის მეშვეობით მგზავრებს საშუალება ექნებათ გვერდი აუქციონ მჭიდროდ დასახლებულ სამტრედიას და უფრო სწრაფად, კომფორტულად და უსაფრთხოდ გააგრძელონ გზა. ეს არის კიდევ ერთი ქვეპროექტი იმ დიდი პროექტისა, რასაც საქართველოს სატრანზიტო ავტომაგისტრალის განვითარება ჰქვია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო სამუშაოებში. მადლობას ვუხდი კონტრაქტორ კომპანიას, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რომელმაც კარგი მენეჯმენტი გაუწია ამ პროექტს, ინფრასტრუქტურის მინისტრს და მის გუნდს, ჩვენს პარტნიორებს – იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB),“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, მოწესრიგებული და კომფორტული გზა მეტ შესაძლებლობას იძლევა ყველასთვის, რაც, მისი თქმით, ნიშნავს, რომ ქვეყანასაც და ხალხსაც გაუჩნდება მეტი შემოსავლის წყარო .
“ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ინფრასტრუქტურის განვითარება, სატრანზიტო გზების განვითარება, რომელიც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, მეტი სარგებელი მიიღოს ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობით და სატრანზიტო ფუნქციით. ამ გზით ისარგებლებს ყველა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ბიზნესმენები, ჩვენი პარტნიორი და მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები, რაც საქართველოს მოსახლეობას მოუტანს მეტ შემოსავალს,“ – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ბედნიერი მგზავრობა უსურვა ყველას და განაცხადა, რომ დღეს ამ გზაზე სიმბოლურად პირველები გაივლიან ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც ხალხამდე მიაქვს სახელმწიფოს სერვისი. მისივე თქმით, ყველა სიახლე, რომელსაც მთავრობა ხალხის უკეთესი ცხოვრებისთვის აკეთებს, ამ გზით კიდევ უფრო სწრაფად მივა თითოეულ ოჯახამდე.
ბაში-დაფნარის 11-კილომეტრიანი მონაკვეთი მოიცავს ქუთაისის შემოვლითი – სამტრედიის (24 კმ-იანი გზის) 9 კილომეტრიან და სამტრედია-გრიგოლეთის (11.5 კმ-იანი გზის) 2 კილომეტრიან მონაკვეთებს. გზის აღნიშნული მონაკვეთი ბაშის კვანძიდან იწყება და არსებულ გზას დაფნართან უერთდება. ქუთაისის შემოვლითი – სამტრედიის გზის 9 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო 2 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, აშენდა 5 ხიდი და გზაგამტარი. სამშენებლო სამუშაოები,იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს(JICA) დაფინანსებით კომპანია “TODINI Costruzion Generali SPA” TAKENAKA CIVIL ENGINEERING&CONSTUCTION CO. LTD“ -მა განახორციელა. სამტრედია-გრიგოლეთის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი ითვალისწინებს 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მოწყობას. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით უკრაინული კომპანია “Road Building ALTCOM” ახორციელებს.
ახალი საგზაო მონაკვეთის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, იაპონიის ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი.

0 630

“რთველი 2016”-ის ფარგლებში, ”საფერავის” ჯიშის ყურძენზე სუბსიდიის თანხა 20 თეთრი, ”რქაწითელზე” კი – 45 თეთრი იქნება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც დანელიამ აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს რთველის სუბსიდირებასთან დაკავშირებით და პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით შარშანდელი მიდგომები შენარჩუნდა.

„ყველაზე გამართლებული შარშანდელი პრაქტიკა აღმოჩნდა, სადაც ბენეფიციარი იღებს 15 დღის შემდეგ ანაზღაურებას სუბსიდიის ნაწილში. ”რქაწითელის” ნაწილში გვექნება 45-თეთრიანი სუბსიდირება, ხოლო ”საფერავის” ყურძენზე 20-თეთრიანი სუბსიდირება. ველოდებით, დაახლოებით, 147 000 ტონა გადასამუშავებელ ყურძენს და საერთო ჯამში, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ, შარშანდელთან შედარებით, წელს დაახლოებით, 2000-3000 ტონით მეტი შეიძლება იყოს. აღნიშნული ასევე ითვალისწინებს ხელშეწყობას იმ ნაწილში, რომ მნიშვნელოვნადაა შემცირებული ღვინის საექსპორტო ღირებულება. იმის მიუხედავად, რომ ღვინის ექსპორტი 44%-ით არის გაზრდილი შარშანდელ ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, დაახლოებით, 25%-ით არის შემცირებული ფასი, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ საჭიროა სტიმული, თუმცა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჩვენი თვითმიზანია გამოვიდეთ სუბსიდიის მიდგომებიდან, როდესაც დარგი ამის შესაძლებლობას მოგვცემს. ფაქტია, რომ დღეს ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია როგორც მევენახეების, ისე ექსპორტიორთა ინტერესების გათვალისწინება“, – განაცხადა დანელიამ.

როგორც სოფლის მეურნეობის მინსიტრმა აღნიშნა, დაფინანსებულია 22 ყურძნის გადამამუშავებელი ახალი საწარმოა და გაფართოვდა 40-ზე მეტი.
„ასევე მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე მიმართულებით დავსახოთ პრიორიტეტული გეგმები – ეს გახლავთ ბრენდის განვითარებისა და ხელშეწყობის მიდგომა, რომელიც აღნიშნული სუბსიდირების ნაწილში გავითვალისწინეთ, ვინაიდან გვინდა ქართული ბრენდი კიდევ უფრო პოპულარული და კონკურენტუნარიანი იყოს ევროპულ ბაზარზე, ამიტომ აღნიშნული ტარიფები ითვალისწინებს საბრენდე სპირტის მიღების რენტაბელურ ტარიფებს“, – განაცხადა დანელია.

მისივე თქმით, აღნიშნული ღონისძიებისთვის სამინისტროს ფარგლებში 25 მილიონი ლარია გამოყოფილი. „საერთო ჯამში, ვფიქრობთ, რომ 35-დან 40 მილიონ ლარამდე დასჭირდება აღნიშნულ ღონისძიებას, დაახლოებით, იგივე რაც შარშან“, – დასძინა

0 947

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა. ბილიკის რეაბილიტაცია უპრეცედენტოდ მოკლე დროში, 12 კვირაში დასრულდა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნულ პროექტს სიმბოლური, წარმატებული და გამორჩეული უწოდა. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომლის უშუალო ჩართულობით და მხარდაჭერით ესოდენ მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სანავიგაციო სისტემების განახლებაში 70 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. პროექტის ფარგლებში დასაქმდა 200-მდე ადამიანი. სამუშაოებზე მობილიზებული იყო 60-ზე მეტი ერთეული ტექნიკა, რისთვისაც კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ 7 200 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. ბილიკის რეაბილიტაციის პროცესში დაიგო 135.000 ტონა ასფალტი და მისი მშენებლობისთვის გამოყენებულ იქნა ზუსტად ის ტექნოლოგია, რომლითაც აბუ-დაბის “ფორმულა 1”-ის სარბოლო მოედნის მშენებლობა განხორციელდა.
„ნამდვილად საამაყოა ის ფაქტი, რომ ასეთი შეზღუდული ვადების, უდიდესი მოცულობის და დაძაბულობის ფონზე პროექტის ყველა მონაწილემ შეძლო საერთო საქმისთვის გაერთიანება. სწორედ ამ წარმოუდგენელი და უპრეცენდენტო პროექტის შედეგად, ჩვენ გვაქვს სრულად განახლებული ასაფრენი ზოლი და ახალი II კატეგორიის სანავიგაციო შუქტექნიკა, რომელიც უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტ უსაფრთხოებას და კომფორტს ავიაკომპანიებისა და მგზავრებისთვის,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, „თბილისის აეროპორტის რეაბილიტაციის და განახლების პროცესი გრძელდება. კეთდება საჰაერო ხომალდების ახალი სადგომები. დაწყებულია ახალი ჩამოფრენის ტერმინალის მშენებლობა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მომზადებული შეხვდეს ახალ გამოწვევებს და ამავე დროს მზად იყოს მგზავრთნაკადის ყოველწლიური ზრდისთვის. 2015 წელს ჩვენ გვქონდა საერთაშორისო ვიზიტორების და ასევე მგზავრთნაკადის უპრეცენდენტო ზრდა და პროგნოზის მიხედვით, ზრდის ტენდენციები მომავალშიც შენარჩუნდება,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებით გამოყო ის ფაქტი, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების განმავლობაში აეროპორტში არ შეფერხებულა ავიარეისები. ყოველდღიურად ასაფრენი ზოლი იკეტებოდა 10 საათის განმავლობაში, იხსნებოდა 20:00 საათზე და საჰაერო ხომალდების მომსახურება დადგენილი გრაფიკის შესაბამისად განხორციელდა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროექტში ჩართული კომპანიების კოორდინაციაზე. მისი შეფასებით, ეს იყო ნამდვილად უპრეცენდენტო პროექტი და მისი წარმატება შესაძლებელი გახდა მასში მონაწილე ყველა მხარის სინქრონული და ეფექტური თანამშრომლობით. დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა პროექტში მონაწილე ყველა ორგანიზაციასა და კომპანიას (საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ტავ ჯორჯია, საქაერონავიგაცია, ტავ ქონსტრაქშენი, ბლექ სი გრუპი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, IATA Consulting, ADPI, ვირდგენის ჯგუფი და სხვ.) და მათ წარმომადგენლებს მადლობის სიგელები გადასცა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს სრულად განახლებული და მოდერნიზებული ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, რომელიც ასევე აღჭურვილია მეორე კატეგორიის სანავიგაციო შუქ-ტექნიკით. უმაღლესი კატეგორიის შუქ-სასიგნალო სისტემის უზრუნველყოფა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციამ” იტალიელ, უკრაინელ და ფრანგ კოლეგებთან ერთად განახორციელა, რისთვისაც 10 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.
განათების ახალი სისტემა კიდევ უფრო აამაღლებს ფრენების უსაფრთხოების დონეს საქართველოში და საჰაერო ხომალდებს, ძლიერი ნისლის, ცუდი მეტეოპირობებისა და მხედველობის დროს, აფრენა-დაფრენას საგრძნობლად გაუადვილებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და „ტავ ურბან საქართველოს“ შორის გაფორმებული, განახლებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა. პროექტი ფრანგულმა საინჟინრო კომპანიამ ADPI მოამზადა. მშენებლობის პროცესს ზედამხედველობა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ტექნიკურმა კონსულტანტმა გაუწია.
პრეზენტაციას ასევე საქართველოს მთავრობის წევრები, ტუროპერატორებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

0 433

ჰოლანდიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ნიდერლანდების სამეფოს სოფლის მეურნეობის მინისტრს, მარტინ ვან დამს შეხვდა. ჰააგაში გამართულ შეხვედრაზე ოთარ დანელიამ „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების” (DCFTA) ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების და საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში ასოცირების შეთანხმებით მიღებულ სარგებელს თითოეული ფერმერი იგრძნობს.
შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარებისა და ქართული პროდუქციის ევროპის ბაზარზე ექსპორტის საკითხები განიხილეს. ოთარ დანელიამ მცირე ფერმერული მეურნეობების გამსხვილების მნიშვნელობაზე და, შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციასა და ამ მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა, ბიოპროდუქციის წარმოებაზე და საერთაშორისო ბაზარზე, სწორედ ამ ნიშნის დამკვიდრების პოტენციალი აქვს.
ნიდერლანდების სამეფოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, ქართულ მხარეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობისა და სოფლის მეურნეობაში მაღალი ტენოლოგიების დანერგვის კუთხით საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.
ნიდერლანდების სამეფოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან გამართულ შეხვედრას, ოთარ დანელიასთან ერთად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე სურგულაძე ესწრებოდნენ.