17/11/2018 – 21:43
მთავარი Blog

100 132188

12670274_1020765117996044_4074148947715181107_n (1)
ჩემი აზრით, დღეს საქართველო ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაშია. ხომ გავუძელით მურვანს, თემურ ლენგს, ოსმალეთს, სპარსეთს, ლეკებს, გავუძელით ჩინგიზ-ხანს, შაჰ-აბასს, აღა-მაჰმად-ხანს და კიდევ ბევრს, ჩემი ქვეყნის სიცოცხლე მუდმივი ბრძოლა იყო და არის. ოღონდ ახლა ისეთი დრო დადგა გარეული მტრების გარდა შინაურებსაც ვებრძვით. გვებრძოდნენ და გვებრძვიან ჩექმით და ტყუილი სიყვარულით. ძველად იგრძნობოდა მაინც ქართველების ერთად დგომა, მტერს ყველანი ერთად ვებრძოდით, დღეს ? დღეს დაბეჩავებულები ვართ, ორად კიარა ათად გაყოფილები, შიდაპოლიტიკურად არეულები, ჩამოუყალიბებლები, ძალაუფლებისა და ჯიბის გამდიდრებისკენ ლტოლვამ სამშობლოს სიყვარული გადაწონა.
იცით რაზე მწყდება გული? ქვეყანაში, სადაც საკუთარი ენა აქვთ, რატომ უნდა ექცეოდეს ინგლისურს ბევრად მეტი ყურადღება? პირველკლასელებს დედაენა ინგლისური ენის სახემძღვანელოთი ჩაუნაცვლეს, ჩემი თაობა ერთ წინადადებას ქართულად, -მეორეს ინგლისურად ამბობს, ხალხო, აშშ აღმოცენებულიც არ იყო ჩვენ რომ ჩვენი ენა და კულტურა გვქონდა, ესაა ისტორიის გარეშე დარჩენილი ქვეყანა და რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, საუკუნოვანი ისტორიის მქონე ერი მათი გავლენის ქვეშ ვექცევით. დამოუკიდებლები ვართო რომ ამბობენ და თავს იშტერებენ, როგორ ვართ დამოუკიდებლები როდესაც რუსეთს აფხაზეთი, სამაჩაბლო უკავია და ლამისაა სასაზღვრო ზოლი ავტობანამდე გადმოგვიწიოს, თურქეთს აჭარაზე აქვს პრეტენზია, სომხები ჩვენს ტრადიციებსა და კულტურას ისაკუთრებენ, აშშ ჩექმით არა, მაგრამ ტკბილი სიტყვით ცდილობს გავლენის მოპოვებას და გამოსდის კიდეც…

რატომ უნდა ჰქონდეს ამერიკის ელჩს საქართველოში იმდენის უფლება, რომ ხუმრობის გამო რიგითი ახალგაზრდა დააკავებინოს ? მითუმეტეს თუ დემოკრატია და სიტყვის თავისუფლებაა. აღმაშენებლის გამზირზე ქართველს რომ ვხედავ მიხარია, არაბებსა და ირანელებს მიაქვთ პროსპექტი.. რამდენი გამოუვალი სიტუაცია მოგვიბრუნებია და წაგებული ბრძოლა მოგვიგია, დღეს რა გვჭირს?! დღეს მკვდარი თევზებივით მივყვებით დინებას და უმეტესობა აუღელვებლად უყურებს როგორ ვკარგავთ ტერიტორიას, კულტურას და უკვე ენასაც…
ისეთები უნდა ვიყოთ რომ სხვებს ჩვენი კულტურის საწინააღმდეგო რეფორმების გატარებაზეც ვერ გავაბედინოთ საუბარი, მაგრამ არ შეგვიძლია, რადგან საქართველოს პირველი მტერი ისევ და ისევ ქართველია, ქართველი რომლისთვისაც ფული მეტია ვიდრე სამშობლო !
-თათა მურაჩაშვილი

გუშინ, 23 მაისს, ევროვიზია 2015-ის ფინალური ტური გაიმართა. დასკვნით ტურში, სულ 27 კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის იყვნენ –  საქართველო, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი…  საქართველოს სახელით, კონკურსზე ნინა სუბლატი წარსდგა – სიმღერით “WARRIOR”.

წესების თანახმად, ევროვიზიის გამარჯვებული ქვეყნების მიერ  ხმის მიცემით და მის პროპორციულად დაწერილი ქულებით გამოვლინდება.  ამ შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზე შვედეთის წარმომადგენელი გავიდა 365 ქულით, მეორე ადგილი რუსეთის წარმომადგენელმა – პოლინა გაგარინამ დაიკავა,  303 ქულით. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ მეთერთმეტე ადგილი გხვდა წილად და ჯამში 51 ქულა დავაგროვეთ.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს შედეგები ნამდვილად მოულოდნელი იყო. მართალია, იმის შანსები, რომ საქართველო გაიმარჯვებდა, ძალიან მცირე იყო, გამომდინარე ევროვიზიის კონკურსის პოლიტიკური ხასიათისა, თუმცა, საპატიო ხუთეულში მოხვედრის მოლოდინი ნამდვილად არსებობდა. რა თქმა უნდა, ეს გამომდინარეობდა კონკურსის წინ და მისი მსვლელობისას სხვადასხვა გამოკითხვის შედეგებიდან , ასევე საერთაშორისო მედიისა თუ კრიტიკოსების შეფასებებიდან . ნინა სუბლატი ნამდვილად იყო ის კონკურსანტი, რომელიც თავიდანვე ყურადღების ცენტრში მოექცა –  ის აღიარეს კონკურსის ყველაზე ლამაზ მონაწილედ, “Warrior” შეფასდა, როგორც სიმღერა, რომელიც ყველაზე მეტად პასუხობდა თანამედროვე მუსიკალურ ტენდენციებს, ასევე დიდი  ყურადღება გამოიწვია მისმა სასცენო იმიჯმა, რომელიც პირველი ნახევარფინალური კონცერტის შემდეგ, მედიის განხილვის საგანი გახდა. “ძლიერი და ლამაზი”, “მებრძოლი ნინა საქართველოდან” – ეს იმ შეფასებების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც მსოფლიოს წამყვანი სააგენტოები მოიხსენიებდნენ ნინა სუბლატს. BBC-ის , TELEGRAPH-ის  და სხვა ლიდერი მედია საშუალებების სტატიებში, საქართველოს წარმომადგენელზე ყოველთვის აქცენტი იყო გაკეთებული, და რაც მთავარია, დადებითი კუთხით.

აქედან გამომდინარე, წინასწარი პროგნოზები საქართველოს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდა, თუმცა, შედეგების  გამოვლენის დროს, სრულიად სხვა ტენდენციები გამოიკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ყოველთვის აკრიტიკებენ რუსეთს, განსაკუთრებით კი უკრაინის მოვლენების შემდგომ – ბევრმა ევოროპულმა ქვეყანამ ქულების უმრავლესობა სწორედ რუსეთს მიანიჭა. რა საკვირველია, ამ შემთხვევაში, შესაძლოა გაჩნდეს მოსაზრება, რომ რუსეთი, როგორც პოლიტიკური სუბიექტი არაფერ შუაშია, რომ ეს სიმღერის კონკურსია და ხელოვნებას არაფერი არ აქვს საერთო პოლიტიკასთან, მაგრამ მრავალწლიანი გამოცდილებით ნამდვილად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ევროვიზიის შემთხვევაში, ეს ასე არ არის. დღეს კი შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ – დიახ, ევროვიზია ცალსახად პოლიტიკური კონკურსია – პოლიტიკური სტრატეგიით!

ის, რომ მსოფლიოსათვის საქართველო ნაკლებად ავტორიტეტული ქვეყანაა, გუშინ ნათლად გამოიხატა, უბრალოდ, აქ დგას კიდევ ერთი მტკივნეული საკითხი – რატომ მიიღო საქართველომ სხვა წლებთან შედარებით დაბალი შეფასება მაშინ, როცა 2015 წლის ევროვიზიის კონკურსზე საუკეთესო წარმომადგენლით გამოვდიოდით.

ასეა თუ ისე, ევროვიზიის კონკურსზე უამრავი დეტალია, რომელიც ე.წ  შიდა სამზარეულოში ხდება. ეს დეტალები, ალბათ, მას შემდეგ გახდება ჩვენთვის უფრო გასაგები, რაც ნინა საქართველოში დაბრუნდება და ოფიციალურ კომენტარს გააკეთებს. მანამდე კი არის საზოგადოების ცალსახად უარყოფითი შეფასებები შედეგების მისამართით და ნინას უპირობო მხარდაჭერა ( თუ არ გავითვალისწინებთ რუსეთში მოღვაწე ქართველ ჟურნალისტს –  თინა კანდელაკს, რომელმაც რუსეთის წარმომადგენელი უპირობო ლიდერად გამოაცხადა ).

დაბოლოს, მოვახდენ ნინას ერთადერთი კომენტარის ციტირებას, რომელიც მან ფინალის  შემდეგ გაააკეთა  - “რა დიდი სირცხვილია!”

 

 

 

 

“მარაოს” გადაცემა  “ერთგულების ტესტი” თავისი ფორმატით დამაინტრიგებელია, თუმცა იდეის სათავე იმ სტერეოტიპიდან მომდინარეობს, რომ მამაკაცებს  ერთგულება და მონოგამიურ ურთიერთობაში ყოფნა უჭირთ. ეს გადაცემაც, ექსპერიმენტის სახით, ამ მოსაზრების მართებულობის გადამოწმებას ცდილობს. თუმცა საკითხავია “ერთგულების ტესტი” ზემოთხსენებულ სტერეოტიპს ამსხვრევს თუ ამყარებს?

2015 წლის 5 მაისის “ერთგულების ტესტი” კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებს. ამ შემთხვევაში ექსპერიმენტმა თავის კულმინაციას მიაღწია და  სრულიად საქართველომ ტომას ჯელეკისა და მარი ბაბეტას სექსი იხილა. ეპატაჟურობა რომ პოპულარობის მოპოვების უმოკლეს გზად იქცა, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის სიახლეს აღარ წარმაოდგენს. მაგრამ სად გადის ზღვარი?

საინტერესოა წინასწარ აფრთხილებენ თუ არა მსხვერპლთან შესაგზავნ ქალბატონებს რისი უფლება აქვთ და რისი არა? თუ გოგოები თავად ირჩევენ ინტიმური სიახლოვის ზღვარს? მარი ბაბეტას გადაწყვეტილება, რომ კამერის თანდასწრებით სქესობრივი აქტი დაემყარებინა, ექსკლუზიურად მისია თუ უნდა ვიფიქროთ, რომ მისი წინამორბედებიც მსგავსად მოიქცეოდნენ თუკი ექსპერიმენტი შორს წავიდოდა? ჩვენ პატივს ვცემთ ამ გადაცემის ყველა მონაწილეს და მათ გადაწყვეტილებებს. მაგრამ რადგანაც დაისვა კითხვა, თუ რას იზამდნენ სხვა გოგოები, ეს უკვე ირიბი უპატივცემულობაა გადაცემის მხრიდან მათ მიმართ.

რა თქმა უნდა, ეჭვიც არ გვეპარება, რომ “მარაო” მონაწილეთა თანხმობის გარეშე, არცერთ ფარულ ჩანაწერს არ გაუშვებს ეთერში, თუმცა მაყურებელზეც ხომ უნდა ვიფიქროთ? ერთი შეხედვით გასართობი, სკანდალური გადაცემა რა გავლენას შეიძლება ახდენდეს საზოგადოებრივი აზრის ფორმიბრებაზე? რატომ ვამოწმებთ მამაკაცებს ერთგულებაზე? რატომ ვაკეთებთ ამით აქცენტს ერთი კონკრეტული სქესის ქცევაზე? როგორი იქნება მოზარდების რეაქცია, როდესაც ისინი მსგავსი ტიპის მესიჯებს იღებენ მედია საშუალებიდან?

სამწუხაროა, რომ ჩვენც იმ დიდი გამოხმაურების ნაწილი გავხდით, რომელიც ამ გადაცემის თავდაპირველ მიზანს წარმოადგენდა. არ ვიცით რამდენად რეალურია თუ დადგმული ეს შოუ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. უამრავი კითხვა გაგვიჩნდა და  არ შეგვეძლო ჩვენი კომენტარი არ გაგვეკეთებინა.

საბედნიეროდ “ერთგულების ტესტი” საღამოს ეთერში გადის და ტომას ჯელეკისა და მარი ბაბეტას სქესობრივი კავშირი ბევრ არასრულწლოვანს არ უნახავს. მაგრამ ღამის 9 საათი არც ისე გვიანი დროა 15-17 წლის მოზარდებისთვის.  18+ მითითებაც ადევს აღნიშნულ გადაცემას, თუმცა მოგმართავთ თხოვნით, რომ YOUTUBE-ის სივრცეშიც და MYVIDEO-ზეც დაადოთ ასაკობრივი ზღვარი, რადგან ამჯერად ეს ვიდეო ყველასთვის ხელმისაწვდომია.

 

პატივისცემით,

“საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია”

„წმინდა“ სანი ბოი

ვილი მილერი, იგივე სანი ბოი ვილიამსონი ჩემთვის წვიმის კაცია, თუმცა ამას არანაირი კავშირი აქვს ცნობილ ფილმთან „წვიმის კაცი“, სადაც დასტინ ჰოფმანი გენიალურად თამაშობს, უბრალოდ სანი ბოი და მისი ბლუზი ჩემთვის წვიმიდან მოდის. ძალზე სუბიექტური და ინტიმური განცდააალბათ, პირველად მისი ჩანაწერი ამ რამდენიმე კვირის წინ მოვისმინე keep it to yourself. წვიმიანი საღამო იყო,  გარეთ ცრიდა. გაზაფხულის წვიმაში გამლხვალი ატმოსფერო. სახლში ვბრუნდებოდი და ცოტა დავსველდი.. ყავა ავიდუღე, სიგარეტს მოვუკიდე და ფეისბუქის ნიუსებს ჩავუყევი, ერთ-ერთ ფრენდს ჰქონდა გაზიარებული სანი ბოის ეს სიმღერა. სცენაზე გამოდის ხანშისესული კაცი, თავზე შლიაპა ახურავს და ხელში ქოლგა უჭირავს. მორიდებულად უხდის მადლობას მსმენელებს and this time ladies and gentlemen.. keep it to yourself… მჟღერი, ოდნავ ხრინწიანი ბანი აქვს, მერე რუდუნებით, მოწიწებით იღებს ქურთუკის ჯიბიდან ჰარმონიკას, თითქოს რაღაც წმინდას ეხება და დაკვრას იწყებს… იმ წამს გავიფიქრე ეს კაცი ნამდვილი წმინდანია მეთქი, ჩუმი წმინდანი… მერე გავიგე რომ მილერი, თურმე მოძღვარი ყოფილა ახალგაზრდობაში, მისი  კი ბლუზი კი საერო და სასულიერო თემებს აერთიანებს.

ბიოგრაფიული ცნობები სანი ბოის შესახებ ძალიან მწირია, იგი ცნობისმოყვარე რეპორტიორებს სხვადასხვაგვარად უყვებოდა თავისი წარსულის შესახებ, ასე რომ სანი ბოის ახალგაზრდობა ერთგვარი მითია, ყოველ შემთხვევაში, გაზვიადების გარეშე შეიძლება თქვას, რომ ბუნდოვანებითაა მოცული.  ის არ უნდა აგვერიოს მოერე სანი ვილიამსონში, რომელიც ასევე ჰარმონიკაზე უკრავდა. რატომ აირჩია ვილი მილერმა მაინცადამაინც ეს ფსევდონიმი? ეს მისი პირადი საიდუმლოა. სანი ბოი იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის, ვის ცხოვრებასაც ალბათ მუსიკით უნდა ჩავწვდეთ, რადგან ფაქტები  ცოტას თუ გვკარნახობენ. ვიღაცისთვის მისი მუსიკა წვიმიდან მოდის, სხვისთვის ის უბრალოდ მაგარი ტიპია. სანი ბოის ბლუზი უშუალოა. ის ადგილს გვიტოვებს ჩვენი ფანტაზიისთვის და ამით მის პიროვნებას არაფერი აკლდება.

„რელიგიური“ და „დემონური“ მუსიკის დიქოტომია მილერის მუსიკაში ერთგვარი მეინსტრიმია. მაგალითად, ავიღოთ თუნდაც მისი “Eyesight  To The  Blind”, მილერი გვიყვება პატარა გოგოზე, რომელიც ალბათ მილიონერის შვილია, ყოველ ჯერზე როცა კი ვინმეს შეიყვარებს, ბრმებს თვალის ჩინი უბრუნდებათ და მუნჯი ლაპარაკს იწყებს (ყრუ-მუნჯების და ბრმების განკურნება წმინდანებს შეუძლიათ, დამეთანხმებით, ეს სიმბოლური კავშირი არაა რთული შესამჩნევი). არადა მთელმა შტატმა იცის, თუ როგორი ლამაზია პატარა გოგო. ამ მეტაფორაში მთხრობელი ისევეა „შეპყრობილი“ სულიწმინდით, ისეთივე ნეტარებას განიციდს, როგორც ალბათ ორგაზმის დროს. სექსი და სულიწმინდა ერთ სიმღერაშია, ერთ ტექსტში. სანი ბოისთვის ეს ხსნის გზაა.  თუმცა თავისი კარიერის ბოლოს მილერისთვის სექსი სხვა სიმბოლურ დატვირთვას იძენს, სექსი ისევე როგორც ღვთისმოსაობა შეიძლება ხსნაც იყოს და წყევლაც, სასჯელიც. სანი ბოი გაორებულია, სინამდვილეშიც ხომ ორი სანი ბოი ასრულებდა ბლუზს, ორივე ჰარმონიკაზე უკრავდა. ეს ბორხესისეული მეტაფორაა, რომელიც ალბათ შორს წაგვიყვანს. ამჯერად მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოვიფარგლები.

„ბლუზი – ეს სახლში დაბრუნებაა“. ყველას გირჩვეთ უყუროთ სკორსეზეს ამ მართლაც შესანიშნავ დოკუმენტურ ფილმს ბლუზის ისტორიაზე. 1963 წელს დანიაში მიცემულ ინტერვიუში მილერი ამბობს: „1897 წელს დავიბადე, პატარა ქალაქ გლენდორაში, მისისიპიში… რამდენიმე წლის შემდეგ კვალვ ვუბრუნდები შტატებს…“ თავისი პოპულარობის მწვერვალზე იყო, საერთაშორისო წარმატებას მიაღწია, და ბოლოს მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა, არკანზასში, რომ სიცოცხლის უკანასკნელი რამდენიმე დღე მისისიპიზე გაეტარებინა.

სანი ბოი ვილიამსონის შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრში ბლუზის განვითარებაზე. ეს უბრალოდ სტანდარტული ფრაზაა, ინფორმაციული ჩარჩო, რომელსაც შესაძლოა შეავსებს თქვენთვის ეს ჩანაწერი:

 

 

თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო “თბილისი მარიოტში” სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტის “მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება” შედეგების პრეზენტაციას დაესწრო.

შეხვედრაზე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა წარმოადგინეს თვითმმართველი ქალაქების მერებთან მათი თანამშრომლობის შედეგები და ისაუბრეს კონკრეტულ გეგმებზე, რომელთა განხორციელება, მათი თქმით, კომფორტულს გახდის საჯარო სივრცეებს პროექტის სამიზნე ქალაქებში.

როგორც თბილისის მერმა შეხვედრაზე განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის ყოველდღიურ საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართვა გამჭვირვალე მმართველობისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. „ეს არის ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც თვითმმართველ ქალაქებში ახალგაზრდული საბჭოების შექმნას და ადგილობრივი თვითმმართველობის ყოველდღიურ საქმიანობაში მათ ჩართვას გულისხმობს. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა. სწორედ მათ უნდა გვიკარნახონ, როგორი ქალაქი სჭირდებათ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

პროექტი საქართველოს ხუთ ქალაქში – გორში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისსა და ზუგდიდში განხორციელდა, სადაც ადგილობრივმა ახალგაზრდებმა მათი ქალაქის არჩეულ მერთან სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ითანამშრომლეს.

პროექტის შედეგების პრეზენტაციას ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრები, რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები და პროექტში ჩართული სტუდენტები.