18/11/2018 – 07:29
მთავარი უცხოეთის ამბები

იტალიის ქალაქ პარმაში პატიმრობაში მყოფი იტალიური კოზა ნოსტრას ერთ დროს დაუნდობელი და სასტიკი ,,ბოსთა ბოსი’’ სალვატორე ,,ტოტო’’ რიინა 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. რიინას 26 გზის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი 150 ადამიანის მკვლელობის ბრძანების გაცემის გამო. იგი ბოლო წლებში თირკმლის სიმსივნით, პარკინსონით და გულთან დაკავშირებული დაავადებებით იტანჯებოდა და საბოლოოდ კომაში მყოფი გარდაიცვალა.

სალვატორე რიინა 1930 წელს სიცილიაში, ქალაქ კორლეონეში დაიბადა. 19 წლის ასაკში ადგილობრივ მაფიაში გაწევრიანდა და პირველი მკვლელობაც ჩაიდინა. 70-იან წლებში იტალიური კოზა ნოსტრას ბოსი გახდა და სისასტიკისთვის მეტსახელად ,,მხეციც’’ კი შეარქვეს.80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში რიინა იტალიის სახელმწიფოს წინააღმდეგ დაუნდობელ ომს აწარმოებდა, რომელსაც ასეულობით სამართალდამცველი და სასამართლო ორგანოების წარმომადგენელი შეეწირა. 1992 წელს მისი ბრძანებით მაფიის წინააღმდეგ მებრძოლი ორი მოსამართლე ჯოვანი ფალკონე და პაოლო ბორსელინო მოკლეს, რამაც იტალიელი ხალხის მოთმინების ფიალა აავსო. 1993 წელს საბოლოოდ მოხერხდა რიინას ადგილსამყოფელის დადგენა და დაპატიმრება.

ციხეში მყოფი რიინა მაინც ახერხებდა თავისი ,,საქმიანობის’’ შესრულებას. ციხიდან მისი გაცემული ბრძანებით გაიტაცეს 13 წლის ბავშვი მამამისზე ზეწოლის მოსახდენად და სასამართლოში ჩვენების არმისაცემად. საბოლოოდ ბავშვი მოკლეს და მისი სხეული დაანაწევრეს. აღსანიშნავია, რომ სალვატორეს უფროსი ვაჟიც სამუდამო პატიმრობას იხდის 4 მკვლელობაში მონაწილეობის გამო.

გუშინ, 13 ნოემბერს სოჭში თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრისას განხილვის ძირითადი საკითხი სირიაში მიმდინარე მოვლენები და ქვეყნის მომავალი განვითარების პერსპექტივების განხილვა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სირიის კონფლიქტის მიმდინარეობისას ურთიერთდაპირისპირებულ ბანაკებს უჭერდნენ მხარს, დღეისათვის მათი პოზიციები ამ ქვეყნის პოლიტიკურ მომავალზე ერთმანეთს ემთხვევა. ,,ტერორიზმის წინააღმდეგ მიღწეული წარმატებებიდან გამომდინარე, მე და თურქეთის პრეზიდენტი შევთანხმდით, რომ ძალები არ უნდა დავიშუროთ სირიაში სიტუაციის გრძელვადიანი ნორმალიზაციისათვის’’ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

თავის მხრივ რეჯეფ ტაიპ ერდოღანი მიესალმა ვიეტნამში პრეზიდენტ ტრამპისა და პუტინის მიღწეულ შეთანხმებას სირიაში დეესკალაციის ზონებთან დაკავშირებით. ,,მოხარული ვარ, რომ ურთიერთობამ რუსეთსა და თურქეთს შორის ახალ, უფრო ძლიერ დონეს მიაღწია. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ჩვენს ქვეყნებს შორის თავდაცვის მრეწველობის კუთხით თანამშრომლობაში გადადგმული ნაბიჯები’’ – განაცხადა მან. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თურქეთმა გააფორმა ხელშეკრულება რუსეთისგან  s-400 ტიპის სარაკეტო კომპლექსის შეძენასთან დაკავშირებით.

ავიაკომპანია KLM-ის Boeing 777-300-ს, რომელიც  ამსტერდამი-ლიმას რეისს ასრულებდა,ფრენის დროს მეხი დაეცა. ინციდენტი ამსერტდამის სკიპჰოლის აეროპორტში მოხდა.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

როგორც ჩანს, დონალდ ტრამპის აზიური ვიზიტები მხოლოდ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მოკავშირეების მოძიებასა და მხარდაჭერის მოპოვებაზე არ იყო მიმართული. აშშ-ს პრეზიდენტის აზიური ტურნეს დასრულების პარალელურად, შტატების სამხედრო საზღვაო ძალები თავის იაპონელ და სამხრეთ კორეელ კოლეგებთან ერთად უპრეცედენტო მასშტაბის საზღვაო წვრთნებს ატარებენ, ჩრდილოეთ კორეის მახლობლად საერთაშორისო წყლებში. წვრთნებში სხვა ამერიკულ ხომალდებთან ერთად სამი ავიამზიდი ,,რონალდ რეიგანი’’, ,,თეოდორ რუზველტი’’ და ,,ნიმიცი’’ მონაწილეობენ. იაპონიის მხრიდან ძირითადად ჩართული არიან გამანადგურებლის (ესმინეცი) ტიპის ხომალდები, ხოლო სამხრეთ კორეის მხრიდან კი 7 საბრძოლო ხომალდი. საზღვაო წვრთნები შაბათს დაიწყო და მისი დასრულება სამშაბათისთვის იგეგმება.

 

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა მადლობის წერილი გაუგზავნა აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დე-ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას. წერილში იგი მადლობას უხდის ხაჯიმბას მისთვის დაბადების დღის მილოცვისთვის და სირიელი ხალხის მიმართ გამოთქმული თბილი სიტყვებისთვის.

,,წავიკითხე რა თქვენი გზავნილი, მივხვდი, რომ კარგად ერკვევით ჩემს ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ საკითხში, რაც შეეხება იმ სასტიკ თავდასხმებს და განადგურების პოლიტიკას, რასაც ზოგიერთი ქვეყანა იყენებს თავისუფალი ერების წინააღმდეგ, ნაცვლად ერთა შორის ცივილიზებული დიალოგისა და თანამშრომლობისა.

ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს პოზიციას ჩვენი არმიის და ჩვენი მოკავშირეების მიერ მიღწეული წარმატებების მიმართ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. გამოვთქვამ მადლობას თქვენი მხარდაჭერისთვის ჩემს ქვეყანაში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით“ – ნათქვამია წერილში.

7,3 მაგნიტუდის მიწისძვრას ერაყსა და ირანში 328 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 2500-ს აღემატება. მონაცემებს ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს. საავადმყოფოში მყოფი 380 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით, საღამოს 09:18 წუთზე მოხდა. ეპიცენტრი ერაყის ქურთისტანის რეგიონის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ ჰალაბჯასთან მდებარეობდა.

ყველაზე მეტად სტიქიამ ირანის ქირმანშაჰის პროვინცია დააზარალა. ყველაზე მეტი ადამიანი ირანის ქალაქ სარპოლ-ზაჰაბში დაიღუპა.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, თურქეთში, ისრაელსა და ქუვეითში.

ვიეტნამში მიმდინარე აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე (აპეკი) აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს, რომ დაიცვან სამართლიანი ვაჭრობის პრინციპები აშშ-თან ეკონომიკური თანამშრომლობის პროცესში, რადგან შტატები მეტს აღარ მოითმენს მსგავსი ტიპის უსამართლო დამოკიდებულებას მათი მხრიდან. მაშინ როცა აშშ-მა შეამცირა ბარიერები და ტარიფები ამერიკულ ბაზარზე უცხოური კომპანიებისათვის, საპასუხო ნაბიჯები ბევრმა ქვეყანამ არ გადადგა და ამ დისბალანსმა ვაჭრობის სფეროში მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა შტატების ეკონომიკას – განაცხადა ტრამპმა. მან ასევე მკაცრად გააკრიტიკა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და აღნიშნა, რომ იგი გამართულად ვერ მუშაობს და ვერ უზრუნველყოფს მისი წევრი ქვეყნების მიერ წესების სრულად დაცვას.

აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია აერთიანებს რეგიონის 21 ქვეყანას, რომელთა წილზეც მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 60% მოდის.  შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის პოსტზე მოსვლისთანავე დონალდ ტრამპმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში ახალი პრინციპის ,,ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ დანერგვა დაიწყო და ქვეყანა ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის შეთანხმებიდან გამოიყვანა, რადგან მისი აზრით ეს აშშ-ს ეკონომიკურ ინტერესებს სერიოზულ ზიანს აყენებდა.

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აზიური ტურნეს ფარგლებში ოფიციალური ვიზიტით ჩინეთს ეწვია. ჩინეთის ლიდერ სი ძინ პინთან შეხვედრისას განხილვის მთავარი საკითხები ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასა და აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო სფეროში არსებულ უთანხმოებებს შეეხო. დონალდ ტრამპმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა თავისი ჩინელი კოლეგის მიმართ, მადლობა გადაუხადა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის მხარდაჭერაში და სთხოვა მას, ყველანაირად შეეცადოს დაარწმუნოს ოფიციალური ფხენიანი, რათა შეწყვიტონ ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა.

რაც შეეხება სავაჭრო სფეროში არსებულ სადავო საკითხებს, სი ძინ პინი დაპირდა აშშ-ს პრეზიდენტს, რომ ახლო მომავალში ჩინეთი მოახდენს უცხოური კომპანიებისთვის არსებული ბარიერების შემცირებას თავისი შიდა ბაზრის ზოგიერთ სექტორში, კერძოდ კი საბანკო, სადაზღვევო და უსაფრთხოების სფეროებში და ასევე გეგმავს იმპორტულ ავტომობილებზე ტარიფების შემცირებას.

ჩინეთიდან დონალდ ტრამპი ჯერ ვიეტნამში, შემდეგ კი ფილიპინებში გაემგზავრება. შეგახსენებთ, რომ აზიური ტურნეს ფარგლებში ჩინეთში ვიზიტამდე იგი უკვე ეწვია აღმოსავლეთ აზიაში აშშ-ს მთავარპარტნიორ ქვეყნებს – იაპონიასა და სამხრეთ კორეას.

ხელისუფლების მაღალ ეშელონებში ანტიკორუფციული კამპანიის ფარგლებში საუდის არაბეთის სამართალდამცველებმა პრინცესა რიმ ბინტ ალ-ვალიდ იბნ ტალალი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სამეფოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მონარქის ოჯახის წევრს ამ ბრალდებით აკავებენ.

კორუფციისა და ფულის გათეთრების ბრალდებით მანამდე მისი მამა – საუდელი მილიარდერი ალ-ვალიდ იბნ ტალალ იბნ აბდელ-აზიზ ალ საუდი დააპატიმრეს, რომელიც, „ფორბსის“ ვერსიით, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია.

კამპანიის ფარგლებში სულ 11 პრინცია დაკავებული

ცნობილი გახდა ტეხასში, ბაპტისტურ ეკლესიაში მომხდარ მასობრივ მკვლელობებში ეჭვმიტანილის ვინაობა. 26 წლის დევინ პატრიკ კელი, რომელმაც 26 ადამიანი მოკლა და 20 დაჭრა, წარსულში 2010-2014 წლებში აშშ-ს საჰაერო ძალებში მსახურობდა. 2012 წელს იგი გასამართლებული იყო საკუთარ ცოლ-შვილზე თავდასხმისთვის. ამ ფაქტის შემდეგ იგი ჯერ ჩამოაქვეითეს წოდებაში და შემდეგ კი საერთოდ გაათავისუფლეს შეიარაღებული ძალებიდან. ბოლო პერიოდში კელი ერთ-ერთი აკვაპარკის დაცვის სამსახურში მუშაობდა და როგორც აშშ-ს სამართალდამცველი უწყებები ირწმუნებიან, არანაირი კავშირი ტერორისტულ დაჯგუფებებთან არ ჰქონია.