18/11/2018 – 08:41
მთავარი სამართალი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი საიხან მუზაევის საქმეს გამოეხმაურა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი გამოეხმაურა არასამთავრობოების მიმართვას, რომლებიც მოითხოვენ საიხან მუზაევის უფლებების დარღვევების ფაქტთან დაკავშირებით, საქმის გამოძიებას.
კომიტეტი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილსა და შინაგან საქმეთა მინისტრს ალესანდრე ჭიკაიძეს, გამოეხმაურონ არსებულ ფაქტს და მოახდინონ საკითხის ყოველმხრივი შესწავლა.
საიხან მუზაევმა, რომელიც 2012 წლიდან არის საქართველოს მოქალაქე, გადაწყვიტა სასწავლო მიზნით დიდ ბრიტანეთში გამგზავრება, ამისათვის, მან მიიღო შესაბამისი ვიზა, გადაიხადა სწავლისა და ცხოვრებისათვის საჭირო თანხა. თუმცა 2014 წლის 13 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეაჩერეს და ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი განმარტების გარეშე არ მისცეს ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა. მოგვიანებით, მან კიდევ თორმეტჯერ სცადა გამგზავრება, თუმცა ყოველი მცდელობისას შსს-ს თანამშრომლების მხრიდან ანალოგიურ უკანონო ქმედებას წააწყდა.
არასამთავრობო ორგანიზაციები: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი“, კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, აღნიშნავენ, რომ საიხან მუზაევს, კანონიერი საფუძვლების გარეშე შეზღუდული აქვს საქართველოდან გასვლის უფლება, რაც, მუზაევის განმარტებით, უკავშირდება ე.წ „ლაფანყურის საქმეს“. მისივე განმარტებით, სამართალდამცავები აიძულებენ ჩვენების მიცემას და მისთვის უცნობი ინფორმაციის დადასტურებას ლაფანყურის სპეცოპერაციის საკითხებზე.
საიხან მუზაევმა,  17.03.2014  წელს,  ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღუწერა მომხდარი ფაქტობრივი გარემოებები და მოითხოვა ქვეყნის დატოვებაში ხელშეშლის აკრძალვა, თუმცა სამინისტრომ რეაგირების გარეშე დატოვა საჩივარი. ს.მუზაევმა უფლებების დასაცავად სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, სადაც დღემდე მიმდინაროებს საქმის განხილვა.
ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მათ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში მიმართეს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს #1899/4-2 რეკომენდაციით, საკითხის შესწავლისა და სამართლიანი რეაგირების თაობაზე.
მათი თქმით, საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უფლების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, როცა საფრთხე ექმნება, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელებას.
ასევე ისინი აყენებენ საკითხს, არსებობს თუ არა საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაში მითითებული რომელიმე საფუძველი, რაც დაასაბუთებდა საიხან მუზაევისათვის ქვეყნის დატოვების უფლების შეზღუდვის კანონიერებას, აქვს თუ არა საიხან მუზაევის კონსტიტუციური უფლების დარღვევის ფაქტს ადგილი.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მოითხოვს, საქართველოს მთავარი პროკურორისგან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაადგინონ ყოველივე ეს და მოახდინონ დროული რეაგირება.

 

ავტორი: მაკა შამუგუა

0 926

საქალაქო სასამართლოში, თბილისის განვითარების ფონდის საქმის განხილვა დასრულდა, პროკურატურამ ორი მოწმე დაკითხა მათ შორის, პარტიის ისნის რაიონული ორგანიზაციის წევრი ბესიკ კვიციანი, რომელიც ერთ-ერთი იყო მერიის იმ თანამშრომლებს შორის, რომლებიც სამართალდამცავებმა 2013 წლის ივნისში დააკავეს და დასაკითხად ფინანსურ პოლიციაში წაიყვანეს. დღევანდელ პროცესს ესწრებოდა გიგი უგულავა, რომელმაც პროკურატურისგან ამ ფაქტის გამოძიება მოითხოვა.

გიგი უგულავა: ,, მაშინდელმა ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელმა, ბატონმა ფარცხალაძემ, როდესაც ეს ოცდახუთი ადამიანი ერთად, ქალაქის სხვადასხვა წერტილში დააკავა  და ფინანსურ პოლიციაში მიიყვანა, მაშინ სწორედ ოთარ ფარცხალაძე იყო თქვენი ყოფილი ხელმძღვანელი და შემდეგ იმიტომ, რომ საერთაშორისო სკანდალი ატყდა და რასმუსენი იმყოფებოდა საქართველოში, ამის გამო მოხდა დანარჩენი ადამიანების   გათავისუფლება, ეს ადმაინი მათ შორის იყო, დღეს ეს ადამინი პროკურატურის მიერ მოყვანილი მოწმეა. აი ასეთი დამოკიდებულებით პროკურატურის მხრიდან, საკუთარი მოწმის მიმართ, როგორ შეიძლება ჩვენ ვირწმუნოთ ის, რომ სიმართლე აინტერესებთ.

 

მომზადა. მარიამ ქობულიამ.

დადგენილების გარეშე ჩხრეკა აღარ ჩატარდება,  გადაწყვეტილება ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იქნა მიღებული.

პროექტის ინიციატორების თქმით, ცვლილება პრაქტიკაში არსებული ხარვეზების გამო იყო აუცილებელი. კერძოდ, სისხლის სამართლის არსებული საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლით, პოლიციას და გამომძიებელს არ აქვს ვალდებულება, წინასწარ ჩხრეკისას ორდერი წარადგინოს, ამავე კოდექსის 120-ე მუხლი კი პირიქით, გამომძიებელს დადგენილების წარდგენას ავალდებულებს.

მანანა კობახიძე:

ეს საკითხი , ჩემი აზრით, ნამდვილად ტექნიკური ხასიათის იყო, მე მაინც ამ პოზიციაზე ვარ, რომ  2012  წლის ადეკვატურ ასახვას ემსახურებოდა სხვა ნორმაში. რადგან არასამთავრობო ორგანიზაციებმა, დაინახეს საფრთხე, რომ ამას შეიძლება არასწორი გამოყენება შეიძლება ჰქონდეს პრაქტიკაში და პოლიციელმა არასწორი ზრახვებით დაარღვიოს ადამიანის უფლება, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს მოსაზრებები გავითვალისწინეთ. 

ეკა ბესელია:

ჩხრეკისა და ამოღების პროცედურები დარჩება იგივე, რაც არის მოქმედი რედაქციით, არ შევა ის ცვლილება, რომელიც იყო წარმოდგენილი. უფლებების დაცვის კუთხით დამატებითი განმარტებებიც გავაკეთეთ, მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი ჩვენი მოქალაქეების უფლებები.

ეკა ფოფხაძე :

სადაო ამ კანონპროექტში იყო ჩხრეკისა და ამოღების შემთხვევაში, დადგენილების არსებობა არასებობის საკითხი და შემოთავაზებული ვერსიით გამოძიების დადგენილება, არ იქნებოდა სავალდებულო რაც მნიშვნელოვან პრობლემებს შექმნიდა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, საგამომძიებლო ორგანოების მხრიდან. მნიშვნელოვანია  ის საფრთხეები, რომელიც ჩვენ დღეს წარმოვადგინეთ და კომიტეტზე გავაჟღერეთ, გათვალისწინებული იქნა , როგორც კანონპროექტის ინიციატორების მხრიდან, ასევე ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის მხრიდან.

ცვლილების შეტანას მხარი არ დაუჭირეს  „ნაციონალურმა მოძრაობამ”, „თავისუფალმა დემოკრატებმა” და „რესპუბლიკელებმა” მათ განაცხადეს, რომ ზეპირსიტყიერად  მოქალაქისთვის იმის განმარტება, რომ უნდა ჩატარდეს ჩხრეკა დამატებით პრობლემებს გამოიწვევს.

შეგახსენებთ, რომ კანონპროეტის  თანახმად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდოდა ცვლილება, რომლის თანახმად, გადაუდებელი აუცილებლობის დროს სამართალდამცველებს ჩხრეკის ჩატარება ორდერის გარეშე შეეძლებოდათ. ასეთ დროს საკმარისი იქნებოდა გამომძიებელს მოქალაქისთვის ზეპირად განემარტა ჩხრეკისა და ნივთმტკიცების  ამოღების საფუძვლები.

პროექტის ავტორები არიან დეპუტატები: მანანა კობახიძე, დავით საგანელიძე, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და პაატა კიკნაველიძე .

 

მოამზადა:  მარიამ ქობულიამ