25/11/2017 – 02:20
მთავარი სამართალი

0 187

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გრძელდება. ამ დროისათვის მოსახლეობა მიმიდებარე ტერიტორიას ტოვებს. ადგილზე შედიან სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის დამატებითი ჯგუფები. ისმის ინტენსიური სროლის ხმაც. სადარბაზოდან ამოდის კვამლი. არსებული ინოფრმაციით, სადარბაზოში, სადაც უშუალოდ სპეცოპერაცია მიმიდნარეობს ცარიელია და ადგილიდან მოსახლეობის გაყვანა უკვე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ამავე სადარბაზოში ორი ბინაა დანგრეული. ადგილობრივები ადასტურებენ რომ სროლის და აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. მთელი ღამის განმავლობაშ მიმიდნარეობდა სპეცოპერაციაც. გავრცელებული ინფორმაციით, 46 კორპუსის მე-3 სართულზე შეიარაღებული პირები იმყოფებიან. ჯერჯერობით არ არის ინფორმაცია დაჭრილების შესახებ.

 

0 63

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულების და რუსთავის N6 დაწესებულების ხუთი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი და ამავე განყოფილების თანამშრომლები ლ.ბ. და დ.ხ., დასჯისა და დაშინების მიზნით, პატიმრებს უსწორდებოდნენ ფიზიკურად და აყენებდნენ ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში. დადგინდა, რომ ბრალდებულები დაწესებულებაში შესახლებისას, პატიმრებს განურჩევლად უსწორდებოდნენ ძალადობრივი მეთოდებით, აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ პერიოდშიც ამავე პატიმართა მიმართ ძალადობას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რისი მიზანიც იყო მათი უსიტყვო მორჩილება.

ბრალდებულთა  ქმედებების შედეგად, პატიმრებს უკანონოდ შეზღუდული ჰქონდათ გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება. არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ასევე შეზღუდული ჰქონდათ ძილისთვის  და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო.

პატიმრების მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, 2012 წლამდე პერიოდში, ასევე სისტემური ხასიათი ჰქონდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის N6 დაწესებულებაში. გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავის N6 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომლებს – დ.ა.-ს,  თ.მ.-ს  და  ბ.დ.-ს  საპყრობილის რეჟიმის დებულების სრული იგნორირებით, შემუშავებული ჰქონდათ პატიმრებთან მოპყრობის საკუთარი წესები. კერძოდ, ბრალდებულები პატიმრებს ართმევდნენ კანონით მინიჭებული პირადი ჰიგიენის ნივთებს, საწოლისთვის განკუთვნილ თეთრეულს, იძულებით აშიშვლებდნენ და მათი ნების საწინააღმდეგოდ შიშველ მდგომარეობაში ამწყვდევდნენ კარცერში, სადაც დაბალი ტემპერატურის მიუხედავად,  გაუსაძლის მდგომარეობაში ამყოფებდნენ მრავალი დღის განმავლობაში. აღნიშნული სახის  არაადამიანურ მოპყრობას რუსთავის №6 დაწესებულებაში ჰქონდა სისტემური ხასიათი  და გამოიყენებოდა განურჩევლად, პატიმრების დასჯისა და დაშინების მიზნით.

არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაიკითხა 800-მდე მსჯავრდებული, რომლებიც განთავსებული იყვნენ პენიტენციური სისტემის სხვადასხვა დაწესებულებაში.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით  (მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ დამცირება, არაადამიანური, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს მათ.) რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურის მიერ, პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების შედეგად, სისხლისამართლებრივი დევნა დაწყებულია პენიტენციური სისტემის 72 თანამშრომლის მიმართ, მათ შორის  სასჯელაღსრულების დაწესებულების 8 დირექტორისა და 7 დირექტორის მოადგილის მიმართ.

ყველა ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ეპიზოდი ჩადენილია 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში. პროკურატურა ამ მიმართულებით აგრძელებს აქტიურ მუშაობას.

 

0 37

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული თ.ო. დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ლენტეხის რაიონის სოფელ სასაშის მიმდებარე ტერიტორიაზე, თ.ო.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს: „აკს“-ის და „აკმ“-ის მოდელების 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 6 მჭიდი, 145 საბრძოლო ვაზნა, „საიგას“ მოდელის და „სვდ“-ს ტიპის 2 შაშხანა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

0 69

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო – საბიუჯეტო და ინფრასტუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურების ხელმძღვანელი პირები დააკავეს.
როგორც „კვირას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტის განმახორციელებელ ერთ – ერთი კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელს დაუკავშირდნენ.
ბრალდებულებმა, მას სამსახურებრივი მფარველობის და ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის ხელოვნურად გაზრდის, ასევე ვითომდა შესრულებული სამუშაოების დადასტურების სანაცვლოდ, თანხა გამოართვეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 338-ე მუხლების პირველი ნაწილებით. ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.
„კვირას“ ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მარტვილის გამგეობის ფინანსური სამსახურის უფროსი, გია ჩიხლაძე და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი მამუკა კეკელია დააკავეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, „კვირასთან“ საუბრისას მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ კომენტარისგან თავი შეიკავა.

0 88

თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგებში, მიუხედავად სასამართლო ინსტიტუციის მიმართ გამოთქმული პატივისცემისა, რომ დოკუმენტში არ განხილულა საქმეზე მტკიცებულებათა გაზიარების მიზანშეწონილობა და განაჩენის დასაბუთებულობის შინაარსი, უჩა ნანუაშვილი გასცდა მისი კომპეტენციის ფარგლებს და მეტიც, სამართლებრივ საფუძველს მოკლებული შეფასებები გააკეთა. სახალხო დამცველი, პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებულობის თაობაზე, მსჯელობაში შევიდა და მიიჩნია, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას, გონივრულად წარმოშობილი ეჭვი, მოსამართლის მიერ ბრალდებულის საწინააღმდეგოდაა გადაწყვეტილი, რაც არაკონსტიტუციურია.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებას იღებს, ფაქტობრივი გარემოებების შეფასების, ასევე საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. არავის აქვს უფლება, მოსამართლეს მოსთხოვოს ანგარიში ან მიუთითოს, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე.
მოსამართლისგან განსხვავებით, სახალხო დამცველი არ არის უფლებამოსილი, საკუთარი შეხედულებები და შეფასებები თავს მოახვიოს საზოგადოებას და იმსჯელოს მასზე, როგორც ობიექტურ რეალობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომებს არა პირადად, არამედ მისი წარმომადგენელი ესწრებოდა.
სახალხო დამცველისაგან სასამართლოს განაჩენსა და სხდომათა სრულად დახურვის საკითხზე მსჯელობა უხერხულია მაშინ, როდესაც იგი ისე ასრულებს უფლებამოსილების ვადას, რომ ვერ განსაზღვრა სახალხო დამცველის საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლები. გამოქვეყნებული 16 გვერდიანი, სამართლებრივად უსუსური ანგარიში, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უჩა ნანუაშვილი სასამართლოს კომპეტენციაში იჭრება და სუბიექტური მოსაზრებებით და პოპულისტური განცხადებებით საზოგადოების დეზინფორმირებას ცდილობს“ – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

0 167

თბილისის საქალაქო სასამართლომ  სრულად  გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისის შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გ.ო. დამნაშავედ სცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების,  განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, პოლიტიკური დევნისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, და 25-147-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ  კოალიცია  „ქართული ოცნების“  პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლის, ასევე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა დაშინების მიზნით, 2011 წლის 15 და 17 ოქტომბერს გ.ო-ს ორგანიზებით, იმ დროისთვის  პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების დამზადების მიზეზით შპს „დაო-პრინტის“ მენეჯერი დ.შ. და აღნიშნული მაისურების საზოგადოებაში გამავრცელებელი  ლ.მ. თბილისის შს სამმართველოს  გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ დააკავეს.
გ.ო.-მ  თავის დაქვემდებარებაში მყოფ პოლიციის თანამშრომელს დაავალა პატაკის შედგენა თითქოსდა დ.შ. უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. რეალურად კი, აღნიშნული შინაარსის ინფორმაცია გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებს მიღებული არ ჰქონდათ. 2011 წლის 15 ოქტომბერს, გ.ო.-ს ორგანიზებითა და მისი უშუალო ხელმძღვანელობით, ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დაკავებულ იქნა დ.შ.  პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულს პირადი ჩხრეკა მხოლოდ დაკავების შემდგომ ჩაუტარეს, რა დროსაც მას რაიმე ნარკოტიკული საშუალება არ აღმოაჩნდა, თუმცა დ.შ.-ს მიმართ  დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდების წარსადგენად მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, გ.ო.-მ საქმის გამომძიებელს წარუდგინა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და დაავალა, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში აესახა ამ ნარკოტიკული საშუალების დ.შ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღების ფაქტი. მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის შედეგად, დ.შ.-ს წარედგინა ბრალდება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.
გ.ო.-მ 2011 წლის 17 ოქტომბერს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო,  კიდევ ერთი პირის დევნა განახორციელა და ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ იქნა დაკავებული კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ლ.მ., რომელიც შპს „დაო-პრინტი“-ს მიერ დამზადებული  პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების საზოგადოებაში გავრცელებას ახდენდა. გ.ო.-მ ანალოგიური გზით სისხლის სამართლის საქმის ხელოვნურად შექმნისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, საქმის გამომძიებელს წარუდგინა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და დაავალა, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში აესახა ამ ნარკოტიკული საშუალების ლ.მ.-სგან ამოღების ფაქტი, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულის შემდგომ ლ.მ.-ს მიმართ უკანონოდ განხორციელდა სისხლისსამართლებრივი დევნა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.
დ.შ.-სთვის და ლ.მ.-სთვის მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საფუძველზე წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას  11 წლამდე ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ო დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად   თავისუფლების აღკვეთა 4  წლის და 6  თვის ვადით განესაზღვრა. მასვე 2  წლის და 3  თვის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის და თანამდებობის დაკავების უფლება.

0 154

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ბიზნესმენი ლევან ქუჩულორია დაჭრეს. ინციდენტი გუშინ საღამოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის საკუთარი სახლის ეზოში დაჭრეს. ქუჩულორია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაყვანა.

როგორც ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერმა ნიკა ჭეჟიამ განაცხადა, ქუჩულორია კლინიკაში მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობით შეიყვანეს.

შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 19-108-ე მუხლით (მკვლელობის მცდელობა) არის აღძრული და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

0 471

შეიარაღებული პირი, რომელმაც „საქართველოს ბანკში“ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მანამდე „თიბისი ბანკის“ დაყაჩაღებას შეეცადა, – ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა პერტაია ავრცელებს.
„თბილისში, „საქართველოს ბანკის“ წერეთლის ფილიალში შეიჭრა შეიარაღებული პირი. პოლიცია განგაშის ღილაკის ამოქმედებიდან წუთ-ნახევარში უკვე  შემთხვევის ადგილას  იმყოფებოდა
შსს-ს თანამშრომლებმა თავდამსხმელს მოუწოდეს, დამორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და დანებებულიყო, რის შემდეგაც მან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა საკუთარი თავის მიმართულებით განახორციელა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული თავდამსხმელი არის ის პირი, რომელიც დღეს თბილისში, ასევე წერეთლის გამზირზე, „თი-ბი-სი“ ბანკის დაყაჩაღებას შეეცადა“ ,- აცხადებს თეა პერტაია.

0 252

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის მთავარი მოწმის ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავას შვილი მას „შუბლის გახვრეტით“ დაემუქრა. ამის შესახებ კობა გოგატიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მასზე ფირცხალავას მეუღლე და შვილი ზეწოლას ახდენდნენ, რათა ჩვენება შეეცვალა.
გოგატიშვილის ინფორმაციით, ნინო ხვიტია, ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ, მას 30 ათას დოლარს, საზღვარგარეთ გამგზავრებასა და იქ უზრუნველ ცხოვრებას ჰპირდებოდა.
„მე ვარ კორტების სპეცოპერაციის თვითმხილველი. ჩემი თვალით მაქვს ნანახი ყველაფერი. ჩვენება მიცემული მაქვს გამოძიებისთვისაც და სასამართლოსთვისაც. ჩემზე ფირცხალავას ოჯახის წევრებიდან და ახლობლებიდან იყო ზეწოლა და მუქარა. მაიძულეს, რომ შევხვედროდი. შემომთავაზეს 30 ათასი დოლარი და საზღვარგარეთ უზრუნველი ცხოვრება, რათა შემეცვალა ჩვენება და მეთქვა, რომ კორტებზე მოგვიანებით მივედი. ასევე, მეუბნებოდნენ, სიმართლეს, რომ ჰგავდესო თქვი, რომ პროკურორებისგან იყო ზეწოლაო. რეალურად, არავისგან არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. ფირცხალავას მეუღლისა და შვილის გარდა, შეხვედრაზე იყვნენ მამაკაცები, რომლებისაც შემეშინდა და ამიტომ ვუთხარი, რომ გავაკეთებდი ყველაფერს. სახალხო დამცველთან მიმიყვანეს და იქ უნდა მომეყოლა ის, რაც დამაზეპირებინეს. ვიდრე შევიდოდი, მანქანაში მომიბრუნდა ფირცხალავას შვილი და მითხრა, თუ არ შეცვლი ჩვენებას, გაგიხვრეტენ შუბლსო“, – განაცხადა კობა გოგატიშვილმა.
მოწმის თქმით, მან იცოდა, რომ საუბარს იწერდნენ. გოგატიშვილი ჩანაწერის სრული ვერსიის გასაჯაროებას ითხოვს. მოწმის ინფორმაციით, თანხა, რომელიც შეცვლილი ჩვენების სანაცვლოდ მისთვის უნდა გადაეცათ, ნინო ხვიტიას მანქანაში ედო.
„სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან რომ მივედით, მოვიმიზეზე ცუდად ყოფნა და ამიტომ ვერ მივეცი ის ჩვენება, რომელიც დამაზეპირებინეს. ამის შემდეგ, ჩვენ დავშორდით ერთმანეთს“, – აღნიშნა გოგატიშვილმა.
მისივე თქმით, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავას ოჯახთან და ადვოკატთან კონტაქტზე იძულებით გაიყვანეს და მუქარის შემდეგ, ის თავად დაუკავშირდა ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილს. როგორც გოგატიშვილმა აღნიშნა, მას ყველა ნომერი აქვს ამოწერილი, საიდანაც მუქარის შემცველი ზარები ხორციელდებოდა და ასევე, ყველა ესემესი, რომელიც ზეწოლას შეიცავს.
„მინდა, საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს. ელემენტარულად, კაცს რომ შენს თვალწინ მოკლავენ, ღმერთის არ ეშინიათ? ჩემგან რაღა უნდათ?“ – განაცხადა მოწმემ.

0 218

აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი ნოემბრამდე გადაიდო. სასამართლო სხდომის გადადების მიზეზი უცნობია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი დღეს თბილისის თბილისის დროით ღამის 12:00 საათზე იყო ჩანიშნული. სპორტსმენის დედა ელოდა, რომ დღეს მის შვილს გაათავისუფლებდნენ.

37 წლის ავთანდილ ხურციძე ნიუ იორკში, ე.წ. კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას სინდიკატის წევრებთან ერთად დააკავეს.

ავთანდილ ხურციძეს რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის რეკეტის, თავდასხმისა და რამდენიმე სახის თაღლითობის ბრალდებები.

წინასწარი მოსმენის დროს, სასამართლოზე გამომძიებლებმა მტკიცებულების სახით ორი ვიდეომასალა წარადგინეს, სადაც როგორც თავად განაცხადეს, ხურციძე გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმატორს და ასევე კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირში მყოფ პირს, რაჟდენ შულაიას დავალებით, ფიზიკურად უსწორდება. FBI-ის გამომძიებლების თქმით, ხურციძე რუსული მაფიის ბოსის, რაჟდენ შულაიას „კუნთი” იყო ბრუკლინში.

ავთანდილ ხურციძე ბრუკლინში მდებარე საპატიმროში იმყოფება.