14/11/2018 – 06:44
მთავარი რელიგია

0 679

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღსრულდება.
მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს. წმინდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.

აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ. იესომ შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმინდას და უბრძანა, იერუსალიმიდან არ წასულიყვნენ.

ქრისტემ შემდეგ ისინი ბეთანიის მიმართულებით გაიყვანა და ელეონის მთაზე ამაღლდა. მანამდე უფალმა შეკრებილნი აკურთხა. ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, თეთრად მოსილი ორი კაცი ეჩვენათ. მათ შეკრებილებს უთხრეს, რომ ასევე იხილავდნენ ზეციდან მომავალ უფალს.

საქართველოს ახალგაზრდა ჟუნრალისტთა ასოციაცა და ინტერნეტ პორტალი შემი მედია გუნდი გილოცავთ ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს

0 933

წმინდა ცეცხლს თელ-ავივიდან თბილისში 23:15 საათზე ჩამოაბრძანებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აეროპორტის საინფორმაციო სამსახურში განუცხადეს, წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში ჩარტერული რეისით ჩამოიტანენ. წმინდა ცეცხლს აეროპორტში სხვადასხვა ტაძრების სასულიერო პირები და მრევლი დახვდება. წმინდა ცეცხლს აეროპორტიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს.

უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, წელს 15:31 საათზე გადმოვიდა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი მაცხოვრის საფლავზე 15:26 საათზე შევიდა. მანამდე იგი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა გაჩხრიკეს, მათ შორის პოლიციის წარმომადგენლებიც იყვნენ. იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა უფლის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის საგანგებო ლოცვა შეასრულა.

მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

0 763

იერუსალიმში მაცხოვრის საფლავიდან ზეციური ცეცხლი დაახლოებით 15:30 საათზე გადმოვიდა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 15:25 საათზე შევიდა. წესის თანახმად, საფლავი დაიხურა, მანამდე კი პატრიარქი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა, მათ შორის ებრაული პოლიციის წარმომადგენლებმა, საგულდაგულოდ გაჩხრიკეს. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა საგანგებო ლოცვები შეასრულა.
ზეციური ცეცხლის გადმოსვლას, ყოველწლიურად განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან და ამ დღისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, საგანგებოდ ჩადიან.

წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში შაბათს, გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ. იგი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ.

0 685

როცა ჩვენ ვფიქრობთ დღევანდელ დღეზე, როცა ჩვენ ვფიქრობთ ხალხზე, ჩენ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ კაცობრიობა სულ უფრო და უდრო ეცემა ცოდვებში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჟამი ახლოს არის. ჟამი მოახლოებულ არს ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სულიერად განვიწმინდოთ ჩენი გონება.

საოცარი ის არის რომ ადამიანი ეცემა სულიერად და არ გრძნობს, რომ ის ეცემა.

საოციარი ის არის, რომ ცოდვა თანამედროვე ადამიანს არ მიაჩნია ცოდვად და ყველაზე საშიში ეს არის.
საკვირველი ის კი არ არის, რომ ადამიანი ეცემა, საკვირველი ის არის, რომ უნდა მოიკრიბოს ძალა და ადგეს ამ ცოდვებისაგან. ბრწყინვალე მაგალითი ამისა არის მარიამ ეგვიპტელი. მარიამ ეგვიპტელი სულ ყრმობიდან, ახალგაზრდობიდან სულიერად დაეცა და დასჭირდა ბევრი შრომა, ბევრი ღვაწლი უდაბნოში მოღვაწეობა წლების განმავლობაში, რომ განწმენდილიყო იმ ცოდვებისაგან. და შევთხოვოთ უფალს, რომ მოგვცეს ძალა განწმენდისა, სულიერად ადგომისა, სულიერი განწმენდისა, სულიერი ამაღლებისა.

ადამიანი შექმნილია ხატად ღვთისა და უფალი, რომელიც აძლევს ჯვარს იგივე უფალი აძლევს ძალას ადამიანს,რომ გაუმკლავდეს ცოდვებს. ღმერთმა გიშველოთ! ღმერთმა ძალა მოგანიჭოთ! ღმერთმა მოგანიჭოთ ის მადლი, რომელიც კურნავს უძლურთა და აღავსებს ნაკლულევანთა.-

-განაცხადა დღეს საკვირაო ქადაგებაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

„სიმდაბლე და საკუთარი ცოდვების განცდა არის გზა სასუფეველისკენ“,-ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. როგორც უწმინდესმა ბრძანა, ვინც თავს აიმაღლებს, იგი დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს, იგი ამაღლდება.

“ვინც არ იმაღლებს თავს, იგი დამდაბლდება, ვინც დაიმდაბლებს თავს, იგი ამაღლდება. სიმდაბლე და განცდა თვისა ცოდვათა არის გზა სასუფეველისკენ. შევთხოვ უფალს, მოგვანიჭოს სიმდაბლე, რათა ავიდეთ ამ სრულყოფილ კიბეზე და გავხდეთ ღირსნი სასუფეველისა.

დღეს იწყება მეზვერისა და ფარისევლის კვირეული. სახარებაში წერია, რომ ტაძარში შევიდა ორი ადამიანი – მეზვერე და ფარისეველი. ფარისეველი დადგა წინ, მეზვერე კი – უკან. მეზვერე გრძნობდა თავის ცოდვებს, ხოლო ფარისეველი ამბობდა – მადლობ შენ უფალო, რომ მე არ ვარ ისეთი, როგორიც სხვა ადამიანები და ავაზაკები არიანო, კვირაში ორჯერ ვმარხულობ და შესაწირავს გავცემო.

მეზვერე, რომელიც გადასახადს კრეფდა ხალხისგან, გრძნობდა თავის დანაშაულს, ძალიან ხშირად ზედმეტსაც ართმევდა ხალხს. მაცხოვარი ამბობს, რომ მეზვერე უფრო გამართლებული გავიდა ტაძრიდან, ვიდრე ფარისეველი”, – ბრძანა პატრიარქმა.

0 852

მსოფლიო მართლმადიდებელთა საეკლესიო კრება ივნისში გაიმართება. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, ეს გადაწყვეტილება ჟენევაში, მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა შეხვედრაზე მიიღეს. უწმინდესის თქმით, 15 მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიიდან ერთს – ამერიკის ეკლესიას – ყველა არ აღიარებს, როგორც ავტოკეფალურს. დარჩენილი 14-დან კი შეკრებას არ ესწრებოდნენ ანტიოქიის პატრიარქი, საბერძნეთის ეკლესიის მეთაური და პოლონეთის მიტროპოლიტი.

“ამ ერთი კვირის განმავლობაში იყო შეხვედრები, კამათი და კიდევ ერთხელ გამოვლინდა, რომ მართლმადიდებლობა არის ერთადერთი გზა სასუფევლისკენ. მართლმადიდებლობა არის ის ეკლესია, რომელიც ატარებს რწმენას და ტრადიციებს განუყოფელი სამოციქულო ეკლესიისა. მათ გადაწყვიტეს, რომ ივნისში ჩატარდება მართლმადიდებელი ეკლესიების საეკლესიო კრება და განიხილება ზოგიერთი საკითხი. ის საკითხები, რომელიც იწვევს განსხვავებულ აზროვნებას, მიდგომას, არ იქნება განხილული, მაგალითად, კალენდარი. ზოგიერთი ეკლესია ძველ სტილზეა, ზოგი _ ახალზე, მაგრამ ეს არ არის დოგმატი. ჩვენ როგორც ვიყავით ძველ სტილზე, ისე დავრჩებით. უნდა ითქვას, რომ ყველაზე დიდი სიმტკიცე მართლმადიდებლობის ერთგულებისა ჩვენმა დელეგაციამ გამოიჩინა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ეკლესია იყო, არის და იქნება მართლმადიდებლობის ერთგული აწ და მარადის. საქართველოს ეკლესია ის ეკლესიაა, რომელმაც გადაარჩინა ჩვენი ერი ნგრევისაგან და მომავალშიც ჩვენი ეკლესია იქნება მართლმადიდებლობის სადარაჯოზე”, – განაცხადა უწმინდესმა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც არის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი.

ქადაგების დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რამდენიმე გვარი დალოცა და მრევლს თამარობის დღესასწაული მიულოცა.

0 723

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. როგორც “ინტერპრესნიუსს” საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყებს.
წირვის დასრულებამდე სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდება. წყალს უწმინდესი აკურთხებს და ახლად ნაკურთხ წყალს ტაძარში მლოცველებს ასხურებს. მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.
ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით _ ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.
ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.
წმ. სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა: “ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ”.

საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია და შენი მედია გუნდი გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს

0 710

ბორჯომში, დღეს, განბანვის რიტუალში მონაწილეობის მისაღებად მრევლისათვის უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დღეს, 20:30 საათზე, ავტობუსები ყვიბისიდან, არდაგნიდან, ახალი უბნიდან და ლიკანიდან გავლენ. განბანვა კი 21:00 საათზე ბორჯომის ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ მტკვრის სანაპიროზე დაიწყება.
ტრანსპორტი მორწმუნეებს რიტუალის დასრულებამდე მოემსახურება.
ინიციატივა ბორჯომის მუნიციპალიტეტსა და “ბორჯომის საზოგადოებრივ ტრანსპორტს” ეკუთვნის.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, მტკვარში განბანვა ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმეს კურთხევით ყოველწლიურად იმართება.

0 1230

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ვარდების მოედნიდან ტრადიციული ალილო დღეს, 14:00 საათზე დაიწყება. როგორც “ინტერპრესნიუსს” საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების თანამშრომელმა, ბარბარე რუხაძემ განუცხადა, მსვლელობა ტრადიციულად დეკორაციების გამოყენებით მოხდება.
მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს, ელენე ახვლედიანის აღმართით კი პრეზიდენტის სასახლესთან მივლენ. მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.
რუხაძის განცხადებით, ალილოს მონაწილეები ჯერ რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ შეჩერდებიან, შემდეგ თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს შენობასთან, სადაც მათ დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ტკბილეულით დახვდებათ. მონაწილეთა ჯგუფი “კონკადან” საპატრიარქოში შევა, სადაც მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დალოცავს და ალილოსთვის ტკბილეულს გადასცემს. შემდეგ მსვლელობის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლებენ, სადაც მათ ტკბილეულს პრეზიდენტი გადასცემს და მსვლელობაში მონაწილეებს შობას მიულოცავს.
გზადაგზა მოსახლეობა ასევე ალილოს მონაწილეებს ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს.
ბარბარე რუხაძის თქმით, ყოვლადწმინდა სამებაში მიტანილი შემოწირულობები შემდეგ ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.
საქართველოში ალილოს ტრადიცია სათავეს V-VI საუკუნიდან იღებს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია ისევ აღდგა.

0 1558

მართლმადიდებელი სამყარო დღეს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ჩატარდა, ზოგიერთ ტაძრებში კი დღეს დილიდან.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურება, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 23:00 საათზე დაიწყო, საღმრთო სადღესასწაულო ლიტურგია კი 00:00 საათზე.
წირვის დაწყებამდე ტაძარში პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს. წირვის შემდეგ უწმინდესმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და შობის დღესასწაული მიულოცა.
შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დასრულდა, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო. დღესასწაულის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში, 18 იანვრამდე მსგეფსი იქნება, რომლის დროსაც მრევლს ოთხშაბათსა და პარასკევს არასამარხვო საკვების მიღება შეეძლება. 18 იანვარი, ნათლისღების წინა დღე კი მარხვაა.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი.
მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს _ ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მრევლს შეახსენებს, რომ შობის ღამეს ფანჯარაში სანთლის დანთება არ დაავიწყდეს. ამის შესახებ ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა შესთხოვა უფალს, რომ “ყველა ჩვენგანში იშვას ქრისტე”.

საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია და მედია პორტალი შენი მედია გუნდი გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს