25/09/2017 – 10:11
მთავარი რელიგია

0 437

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოსახლეობას სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.

„გლოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას, მცხეთობას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად ვართ, რა წმინდა ადგილია ეს. ეს არი ადგილი, სადაც დაკრძალული იყო ხალენი წმინდანი ილია წინასწამეტყველისა. ეს არის ის წმინდა ადგილი, სადაც იყო დაკრძალული კვართი უფლისა, სადაც მრავალი საქართველოს მეფე და დედოფალი ეკურთხებოდა, სადაც დღესაც ჩვენ დროს ეკურთხება კათალიკოს-პატრიარქი და ეპისკოპოსი. იმდენად წმინდა ადგილია სვეტიცხოველი, რომ როცა მირიან მეფემ იგრძნო მოახლოება გარდაცვალებისა, მან დატოვა ანდერძი, რომ არ დასაფლავებულიყო აქ, რადგან უღირსად თვლიდა თავის თავს და იყო დასაფლავებული იქ, სადაც სამთავროს მონასტერია. მრავალი ცრემლი და სისხლი დაღვრილა ამ წმინდა ტაძარში და ყოველი ადამიანი, რომელიც შემოდის რწმენით და სიყვარულით, გრძნობს მადლსა უფლისასა“, – აღნიშნა პატრიარქმა.

ილია მეორემ განსაკუთრებულად მიულოცა დღევანდელი დღე უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, აფხაზებს და ოსებს.​

“დალოცვილი და გახარებული იყავით. გილოცავთ ყველას ამ უდიდეს დღესასწაულს თქვენ და მთელ საქართველოს, განსაკუთრებით ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. ვულოცავ აფხაზებს, რომლებიც მოწყვეტილი არიან დროებით და მალე ჩვენთან ერთად ვიქნებით ღვთის წყალობით. ვულოცავ ოსებს, რუსებს და ყველას. დიდი ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი. უფალი, რომელიც გვაძლევს ამდენს მადლსა და ამდენ კურთხევას, უფალი მოჰკითხავს ყველა ჩვენგანს, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხალხში განმტკიცდეს სარწმუნოება მართლმადიდებელი, სიყვარული და სასოება. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა მადლი მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ კურთხევა და მშვიდობა სუფევდეს საქართველოში და ჩვენს ეკლესიაში“, – აღნიშნა პატრიარქმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრს და მთავრობას მშვიდობიანად ჩატარებული არჩევნები მიულოცა.

“დღევანდელ დღესასწაულზე ბრძანდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მინისტრები. ჩვენ ვულოცავთ პრემიერს და მთავრობას ამ დიდ დღესასწაულს. მინდა მივულოცო მშვიდობით ჩატარებული არჩევნები, ეს არის თქვენი დიდი დამსახურება, ბატონო გიორგი“, – აღნიშნა პატრიარქმა სვეტიცხოვლის ტაძარში.

0 408

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პატრიარქის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით სიონის ტაძარში გამართულ სადღესასწაულო ლიტურგიაზე მყოფი საქართველოს პრემიერ–მინისტრი და მთავრობის წევრები დალოცა.

„პრემიერ–მინისტრო, მთავრობის წევრებო, მადლობელი ვარ, რომ მობრძანდით და ილოცეთ ჩვენთან ერთად. წმინდა ილია წინასწარმეტყველი დიდი წმინდანია, მის სახელში ღმერთი ორჯერ არის ნახსენები. თქვენ უყვარხართ ხალხს და თქვენი სჯერა ხალხს, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“, – განაცხადა პატრიარქმა.

პატრიარქის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წმინდა სინოდის მღვდელთმთავრებსა და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. პრემიერ–მინისტრმა უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ანგელოზის დღე მიულოცა და მას ქვეყნის საკეთილდღეოდ ხანგრძლივი სიცოცხლე უსურვა.

„მინდა მივულოცო მის უწმინდესობას ანგელოზის დღე. ჩვენი თვალით ვიხილეთ ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოში რწმენის აღორძინება და ეს არის მისი უწმინდესობის დამსახურება. მინდა ვუსურვო მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე საქართველოს საკეთილდღეოდ“,–აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

0 596

ათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები დალოცა. სპორტსმენების თქმით, ოლიმპიური თამაშების წინ პატრიარქის დალოცვა ტრადიციაა და ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პატრიარქის კურთხევა, დალოცვა და ასე წასვლა ოლიმპიურ თამაშებზე. ეს ყოველთვის ტრადიციაა და ყოველთვის ფეხბედნიერი იყო. რა თქმა უნდა, პრეზიდენტთან და პრემიერთან შეხვედრაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პატრიარქიის კურთხევაა“, – განაცხადა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრმა, ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ.

ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში 39 ქართველი სპორტსმენი სულ 13 ოლიმპიურ სახეობაში მიიღებს მონაწილეობას.
ბატუტზე ხტომაში საქართველოს ღირსებას ლუბა გოლოვინა დაიცავს. ბერძნულ რომაული ჭიდაობაში: შმაგი ბოლქვაძე, ზურაბ დათუნაშვილი, რობერტ კობლიაშვილი, რევაზ ნადარეიშვილი, იაკობ ქაჯაია; თავისუფალ ჭიდაობაში: ვლადიმერ ხინჩაგაშვილი, ზურაბ იაკობიშვილი, იაკობ მაქარაშვილი, სანდრო ამინაშვილი, ელიზბარ ოდიკაძე, გენო პეტრიაშვილი.

კანოეში: ზაზა ნადირაძე. მშვილდოსნობაში: ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინა ესებუა, იულია ლობჟენიძე. მძლეოსნობაში: დავით ხარაზიშვილი, ბაჩანა ხორავა, ბენიკ აბრამიანი, ლაშა თორღვაძე, ვალენტინა ლიაშენკო. მხატვრულ ტანვარჯიშში: ხათუნა ფაჟავა.

პირველად ისტორიაში, ერთ ოლიმპიურ დისციპლინაში მონაწილეობას მიიღებს დედა-შვილი. კერძოდ, ტყვიის სროლაში საქართველოს ღირსებას ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი დაიცავენ. ფარიკაობაში: სანდრო ბაზაძე. ძალოსნობაში: ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე, გიორგი ჩხეიძე. ჩოგბურთში: ნიკოლოზ ბასილაშვილი.ცურვაში: ირაკლი ბოლქვაძე, თეონა ბოსტაშვილი.

ძიუდოში კი ოლიმპიური მედლების მოპოვებას ამირან პაპინაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი ეცდებიან. გოგონებში კი აღნიშნულ სახეობაში საქართველოს სახელით ესტერ სტამი გამოვა.

0 644

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს (12 ივლის) პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე საზეიმო ლიტურგიას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დღეს, 09.00 საათზე, დაიწყებს.

პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა. იგი 27 ივნისს დაიწყო და დღეს საზეიმო ლიტურგიის შემდეგ გახსნილდება. ქრისტეს მოწაფეთა – მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.

წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის ხმობამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად ადრე სვიმონი ეწოდებოდა. მისი რწმენის გამო უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.
წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა. მისი სურვილით იგი თავდაყირა დაკიდეს, რათა ჯვარზე ისე არ ყოფილიყო გაკრული, როგორც ქრისტე.

წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. მოციქულებრივ მსახურებამდე მას სავლე ერქვა. იგი მღვდელთმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს დევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რომლის დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა.

წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელზე, პირველი ტაძრები რომსა და კონსტანტინეპოლში IV საუკუნეში წმინდა მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა აღმართა.

0 393

ძალიან ხშირად კაცობრიობა მიდის უფსკრულთან, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვნთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. 
პატრიარქმა იქადაგა გიორგი მთაწმინდელისა და კირიონ მეორის ღვაწლზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში ზოგიერთ ადამიანს განსაკუთრებული როლი აქვს. ამ კონტექსტში პატრიარქმა უინსტონ ჩერჩილის სიტყვები გაიხსენა, რომ „არა ისტორია, არამედ ბიოგრაფიები“. მან ისუაბრა გიორგი მთაწმინდელის როლზე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის განმტკიცების თვალსაზრისით. უწმინდესის თქმით, ასევე განსაკუთრებული დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე პატრიარქ კირიონ მეორეს. 
„შევთხოვთ ამ ორ წმინდანს, რომ მშვიდობა და ურთიერთგაგება სთხოვონ უფალს საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის. თქვენ ხედავთ, რამდენად რთულია თანამედროვე ცხოვრება. ძალიან ხშირად კაცობრიობა მიდის უფსკრულთან და არა მარტო მიდის, არამედ იხედება უფსკრულში. ღმერთმა დაიფაროს, დაგროვილია ისეთი იარაღი, რომ შეიძლება სიცოცხლე მოისპოს დედამიწაზე, ამიტომ წმინდათა ლოცვა გვიშველის ჩვენ“, – აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. 

0 573

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დარიალის ხეობაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, მიმდინარე სამუშაოებით დაინტერესდა. არსებული ვითარება გიორგი კვირიკაშვილს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა გააცნო.

როგორც ნოდარ ჯავახიშვილმა აღნიშნა, მდინარე ახალ კალაპოტშია და ის ძველ კალაპოტს სავარაუდოდ დღის ბოლომდე დაუბრუნდება.

მინისტრის ინფორმაციით, თუ ამინდი ინტენსიური აღდგენითი სამუშაოების შესრულებას არ შეუშლის ხელს, გზა ორ კვირაში გავლადი გახდება.

ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ეს იქნება დროებითი, რადგან მსგავსი შედეგების თავიდან ასაცილებლად ადგილზე საჭიროა სხვა საინჟინრო გადაწყვეტილების მიღება.

0 442

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მსოფლიო პატრიარქს, მის ყოვლადუწმინდესობა ბართლომეოს I-ს წერილით მიმართავს.

წერილში ნათქვამია, რომ მსოფლიო პატრიარქის 17 ივნისით დათარიღებული წერილი საქართველოს საპატრიარქოს არ მიუღია, მისი შინაარსის შესახებ მხოლოდ ინტერნეტით შეიტყვეს და პასუხის დაგვიანებაც ამ მიზეზით არის განპირობებული.

„თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, გაცნობებთ, რომ ა.წ. 10 ივნისის საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილების გამო თქვენი თხოვნის შესრულებას ვერ შევძლებთ. სხდომის დადგენილებები თქვენც გადმოგეგზავნათ და სხვა ადგილობრივი ეკლესიების მეთაურებსაც. მასში აღნიშნული იყო ის კონკრეტული მიზეზები, რამაც განაპირობა ჩვენი ჩამოუსვლელობა. ამიტომაც არასწორია კრებაზე საქართველოს ეკლესიის დელეგაციის არდასწრების პოლიტიკურ ან ნებისმიერ სხვა ჭრილში გადატანა. ამასთან აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად არყოფნისა, თვალს ვადევნებთ სხდომების მიმდინარეობას და ვიმედოვნებთ, რომ ღვთის მადლით, საბოლოო შედეგები მისაღები იქნება ეკლესიის სისავსისთვის. ახლა კი შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკლესიას ხელი არა აქვს მოწერილი პროექტზე „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები“ და მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია VI მსოფლიო კრების 72-ე კანონის დოგმატური აკრძალვის შეცვლა და ეკლესიის საიდუმლოებებში არამართლმადიდებელთა მონაწილეობის დაშვება საკრებო განჩინებით. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს დაგმობილი აქვს ჯერ კიდევ 1998 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე, მეორედ კი – 2016 წლის 25 მაისს. მას ხელი არც მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლთა იანვრის შეხვედრაზე მოვაწერეთ და თუკი ვინმე აპელირებას მოახდენს შამბეზიში კრების რეგლამენტზე ჩვენს ხელმოწერაზე, მათ შევახსენებთ, რომ ეს ხელმოწერა მოხდა მანამდე, ვიდრე განსახილველად იქნებოდა გამოტანილი აღნიშნული დოკუმენტი და ჩვენც იმედი გვქონდა ერთობლივი პოზიციის შემუშავებისა, რაც არ გამართლდა.

სამწუხაროდ, მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდა ფანარშიც (ა.წ. აპრილში), როცა თქვენი მიწვევით საქართველოს ეკლესიის დელეგაცია ამ საკითხზე კონსენსუსის მისაღწევად იყო ჩამოსული და რაკი ეს არ განხორციელდა, მათ განმეორებით მოითხოვეს დოკუმენტის კრების დღის წესრიგის ამოღება. ახლაც კიდევ ერთხელ გთხოვთ, არ განიხილოთ დოკუმენტი „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები“, რადგანაც იგი არ გახლავთ მიღებული კონსესუსით და მას არც ანტიოქიის ეკლესია აწერს ხელს. შეგახსენებთ იმასაც, რომ 2016 წლის შამბეზის შეხვედრაზე განვაცხადეთ, რომ შამბეზში დამოწმებული დოკუმენტები გასაჯაროების შემდეგ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს წარედგინებოდა საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად. ა.წ. 25 მაისს გამართულმა წმინდა სინოდის სხდომამ კი დაადგინა, რომ:

ა) დოკუმენტი „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან“ შეიცავს სერიოზულ ეკლესიოლოგიურ და ტერმინოლოგიურ ცდომილებებს და საჭიროებს სერიოზულ გადამუშავებას. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ეკლესია მას მისაღებად არ მიიჩნევს;
ბ) დოკუმენტი „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში“ ასევე ცვლილებებს საჭიროებს (მითითებული იყო კონკრეტული ადგილები);
გ) ქორწინების დოკუმენტზე ზემოთ ვისაუბრეთ.

„თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, ჩვენ გვჯერა თქვენი სიბრძნისა და კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ იმედს იმისას, რომ არ დაუშვებთ ეკლესიის წიაღში პრობლემების შექმნას და ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რაც მართლმადიდებელთა ერთობას ჩრდილს მიაყენებს“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილში.

0 437

ჩვენ ვერ მივიღებთ, არ მივიღებთ მონაწილეობას კრებაში, რადგან ზოგიერთი საკითხი რთულია და ჩვენთვის მიუღებელია, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობა, თუმცა, ერთსულოვნება უნდა იყოს ჭეშმარიტების გზაზე. “უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვეუბნება, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ბედნიერია ის ადამიანი და ის ერი, რომელიც დაადგება უფლის გზას. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება წარმოშობს სხვადასხვა პრობლემებს და აი ამ დროს ადამიანი უნდა იყოს ფრთხილი, რომ არ ჩავარდეს უფსკრულში, არ ჩაიდინოს და არ გააკეთოს ისეთი საქმე, რომლის გამოსწორება მერე ძნელი იქნება”, – განაცხადა პატრიარქმა.

მისივე თქმით, დღეს არის მირიან და ნანას ხსენების დღე, რომლებიც პირველი ქართველი ქრისტიანი მეფე-დედოფალი არიან. “მათი ლოცვით ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ მტკიცედ ვიდგეთ ჭეშმარიტების გზაზე. მტკიცედ ვიდგეთ მართლმადიდებელ სარწმუნოებაში. 17-დან იწყება კრება საბერძნეთში. ჩვენ ვერ მივიღებთ, არ მივიღებთ მონაწილეობას, რადგან ზოგიერთი საკითხი რთულია და ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობა, მაგრამ ერთსულოვნება უნდა იყოს ჭეშმარიტების გზაზე. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი დაგვეხმარება, რომ ჩვენ დავიცვათ ის მცნებები, რომელიც გადმოგვცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ”, – ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

0 568

2015 წლის 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებთ სამების საკათედრო ტაძარში ხვალ პანაშვიდი აღევლინება, – ამის შესახებ საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა.

„ხვალ არის სტიქიური უბედურების ერთი წლისთავი. რამდენიმე კაცი დაიღუპა და ჩვენ გვექნება პანაშვიდი“, – აღნიშნა უწმინდესმა.

მისივე თქმით, ხუთშაბათს აღინიშნება მამადავითობა და მღვდელთმთავარი შეასრულებს წირვას, თავად პატრიარქი კი ეცდება 12:00 საათზე პარაკლისი გადაიხადოს. ხოლო მომავალ კვირას მისი უწმინდესობის თქმით, სულთმოფენობა და სამების საკათედრო ტაძრის დღეა.

0 420

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გამართულ წმინდა კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს.
წმინდა სინოდის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ხელმძღვანელობდა, რომელიც ჩეხეთიდან საქართველოში გუშინ დაბრუნდა.

ტრადიციულად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება და ეკლესიისთვის პრობლემატურ საკითხებს განიხილავს. წმინდა სინოდმა მართლმადიდებელთა მსოფლიო კრებისთვის მოსამზადებლად საკითხები 25 მაისის სხდომაზე უკვე განიხილა.

მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს. კრების დღის წესრიგის შესათანხმებლად ჟენევაში (შამბეზში) 22-27 იანვარს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრა ჩატარდა.

მართლმადიდებელ ეკლესიათა წმინდა და დიდი კრებაზე იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე როგორიც არის: მართლმადიდებლური ეკლესიების ურთიერთობა სხვა არამართლმადიდებელ ეკლესიებთან, ქორწინების დამაბრკოლებელ მიზეზები, კერძოდ, შერეული ქორწინებები მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებელს შორის, ქორწინება ნათესაური კავშირის შემთხვევაში და სხვა. ამ საკითხებთან დაკავშირებით მართლმადიდებელ ეკლესიებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ.