18/11/2018 – 00:15
მთავარი რეგიონი

ქობულეთში, ძლიერი ნალექის შედეგად, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 30 შეტყობინებაა შესული. მათივე ცნობით, ამ წუთებში, მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აღმაშენებლის, სოხუმისა და თხილაიშვილის ქუჩებზე აწარმოებენ.

0 569

ხულოს მუნიციპალიტეტში მცირე გამოდარების შემდეგ, გუშინ საღამოდან ისევ თოვს. თოვლის საფარმა გოდერძის უღელტეხილზე 1,8 მეტრს, მაღალი ზონის სოფლებში 1,5 მეტრს, ხოლო დაბლობში 1 მეტრს მიაღწია.
თოვლმა შეფერხებები შექმნა საავტომობილო მიმოსვლასთან და ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით. ამ დროისათვის ელექტორენერგიის გარეშე დარჩენილია ფუშრუკაულის, სხალთის, ვაშლოვანის და დეკანაშვილების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი რამდენიმე სოფელი, სადაც მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. პარალელურად, დაწყებულია გზის გაწმენდითი სამუშაოებიც. ამ დროისათვის ღორჯომის, ხიხაძირის და ვაშლოვანის მიმართულებით მუშაობს აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხულოს წარმომადგენლობის 7 ერთეული მძიმე ტექნიკა. დღის მეორე ნახევარში მათ შეუერთდება კიდევ 8 ერთეული ტექნიკა და გზები დანარჩენ სოფლებშიც პერიოდულად გაიწმინდება.
სასწავლო პროცესი შეჩერებულია 11 საჯარო სკოლაში. მუშაობს მხოლოდ დაბის ბაგა-ბაღები.
შუახევის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე თოვს. ღამით იყო ძლიერი ქარბუქი. თოვლის საფარი დაბალ ზონაში 30-50 სმ-ია, მაღალი ზონის სოფლებში კი თოვლის საფარი 120-140 სმ აღწევს.
საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეჩერებულია. ორხიდიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებამდე. ღამით კვლავ დაზიანდა ელ. გადამცემი ხაზები და დენი მუნიციპალიტეტს ღამის საათებში წყვეტილად მიეწოდებოდა. ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება ბარათაულის, ჭვანის, წყალსაყრის, ოლადაურის, უჩამბის, ნაწილობრივ შუახევის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებს. სასწავლო პროცესი შეჩერებულია რამდენიმე სკოლაში. სახელმწიფო დაწესებულებები, მოსახლეობა უზრუნველყოფილია გათბობით.
სააღმზრდელო დაწესებულებიდან მუშაობს მხოლოდ დაბისა და ჭვანის ბაგა-ბაღები. საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში კვლავ აგრძელებს მუშაობას.
ქედის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად თოვს. მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პრობლემები არ შექმნილა. ახალი თოვლის საფარმა დაბლობში 10-15 სანტიმეტრია, ხოლო მაღალ სოფლებში 50-60 სანტიმეტრი.
ამ დროისთვის გადაადგილება ორხიდიანი ავტომობილებით თითქმის ყველა მიმართულებითაა შესაძლებელი. გუშინ ამინდის გამოსვლისთანავე გაიწმინდა სოფელ დოხოძეებში საავტომობილო გზა, სადაც მეწყერის შედეგად 9 ოჯახთან მისასვლელი გზა იყო ჩაკეტილი. ქედის საგზაო წარმომადგენლობამ დილიდან დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები, ამ დროისთვის 4 მიმართულება იწმინდება.
რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, შუქი არ მიეწოდება მერისისა და დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულებს, წონიარისის 3 სოფელს და ცხმორისის 2 სოფელს. მობილიზებულია მობილური ჯგუფები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
სასწავლო პროცესი მოსწავლეთ გამოუცხადებლობის გამო შეწყდა სოფელ ჯალაბაშვილების არასრულ სკოლაში და 5 საბავშვო ბაღში.
ამ დროისთვის ქედაში კვლავ თოვს.
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევი – ხულოს მონაკვეთი კურორტ გოდერძამდე სისტემატურად იწმინდება. გოდერძი ახალციხის მონაკვეთი კი დიდთოვლობის გამო გაზაფხულამდე იკეტება.

დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ჩეხ და პოლონელ ტუროპერატორებს რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები გააცნეს. პრეზენტაციას, რეგიონში მოქმედი ტურისტული სააგენტოების წარმომადენლებიც დაესწრნენ. პრეზენტაციის შემდეგ ქართველმა და უცხოელმა ტუროპერატორებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ჩეხი და პოლონელი ტუროპერატორები აჭარაში ქობულეთის გამგეობის ორგანიზებით 21 ნოემბერს ჩამოვიდნენ და 24 ნოემბრამდე დარჩებიან. ტუროპერატორების ჯგუფს ხელმძღვანელობს პოლონეთში ქობულეთს დამეგობრებული ქალაქის პიეკარი შლონცკეს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი დარიუს გაცეკი. ვიზიტის მიზანია ქობულეთის ტურისტული პოტენციალისა და სასტუმრო ინფრასტრუქტურის გაცნობა. სამი დღის განმავლობაში სტუმრები ქობულეთში არქეოლოგიურ ნაქალაქარს, ისპანის დაცულ ტერიტორიას, მუზეუმს, ციცინათელას, ბლექ სი არენას, ღვინის სახლსა და სხვა ტურისტულ ადგილებს მოინახულებენ.

0 588

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს მომხმარებელთა კმაყოფილების დონისა და მომსახურების ხარისხის კვლევას. კვლევის მიხედვით რეგიონში განთავსებისა და კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების, ტურისტული მარშრუტების, ტურისტული ატრაქციების, ახალი ტურისტული პროდუქტების, გიდისა და სოფლად არსებული საოჯახო სახლების სერვისის შეფასება მიმდინარეობს.

კვლევისას დაფიქსირებული შედეგები დაეხმარება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს რეგიონში ტურისტული მომსახურების ხარისხის განსაზღვრასა და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვაში. კვლევისას გამოკვეთილ ტურიზმის სექტორის წარმატებულ ობიექტებს დეპარტამენტი წლის ბოლოს წარადგენს ტურიზმის რეგიონულ ფორუმზე „მაგნოლია 2016“.

ობიექტების შეფასებისას მთავარი პროცენტული მაჩვენებელი უჭირავს სამენოვან ონლაინ გამოკითხვას, რომელის საშუალებითაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს აჭარაში არსებულ ტურისტულ ობიექტებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება პირველ დეკემბრამდე დააფიქსიროს. კითხვარი განთავსებულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ გვერდსა Gobatumi.com (goo.gl/ZxiiD2) და facebook გვერდზე visitbatumi. გარდა ამისა, კითხვარის ბეჭდური ვერსია გადანაწილებულია რეგიონში არსებულ ყველა ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში, სადაც მომხმარებლების უმრავლესობა უცხოელი ტურისტია.

ტურისტული ობიექტებისა და მარშრუტების შეფასებისას ონლაინ გამოკითხვას ემატება ტურისტული სააგენტოების, სექტორში მოქმედი კერძო კომპანიების გამოკითხვები და სოციალური მედიაში (booking.com, tripadvisor, facebook) გავრცელებული შეფასებები. ტურისტული სააგენტოს შეფასებისას კი სასტუმროების, რესტორნებისა და სატრანსპორტო კომპანიების გამოკითხვა.

ონლაინ კვლევის პრეზენტაციას 9 ნოემბერს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ტურიზმის რეგიონული საბჭოს წევრები დაესწრნენ. საბჭოს შემადგენლობაში შედის რეგიონში მოქმედი ტურისტული ობიექტებისა და კომპანიების წარმომადგენლები.

კითხვარის შევსება შესაძლებელია არსებულ ბმულზე – goo.gl/ZxiiD2.

0 511

აჭარის მთავრობის თვმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ჩაქვში ციტრუსის შემფუთავ-დამხარესხებელი საწარმო დაათვალიერა. რეგიონის პირველი პირი სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლაშა კომახიძესთან ერთად გაეცნო. საწარმო „ჩაქვის ჩაის ფაბრიკის“ ბაზაზე გაიხსნა და ციტრუსის გადამუშავებასთან ერთად უახლოეს მომავალში პირვანდელი პროფილით მუშაობას დაიწყებს.
ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი და შემფუთავი საწარმო მიმდინარე წლის 15 ნოემბერს გაიხსნება. კომპანიამ უკვე 100 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. საწარმო უკვე მზადაა ციტრუსის მისაღებად. ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე ევროსტანდარტების შესაბამისი დანადგარებით. საწარმოში სამომავლოდ იგეგმება 100 ტონიანი სამაცივრე მეურნეობის მოწყობა.
საწარმო 24 საათის განმავლობაში 200 ტონა ციტრუსოვანთა ნაყოფის მიიღება-დახარისხებას და პარაფინირებას შეძლებს. მარტო წელს მიიღებს და გადაამუშავებს 3000 ტონამდე ნაყოფს, რომელიც რუსეთის და უკრაინის ბაზარებზე გავა. საწარმოში 40 -მდე ადამიანია დასაქმებული.

“ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი სეზონი გვექნება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მალე გახსნილად გამოაცხადებს ციტრუსის სეზონს. დღეს მოვინახულე საწარმო,რომელიც საკმაოდ დიდია და მნიშვნელოვანია ადგილობრივი ციტრუსის რეალიზაციისთვის. განვიხილავთ სუბსიდირების საკითხსაც. სასიხარულოა, რომ სამიზნე ქვეყნებს დაემატა ბალტიისპირეთისა და შუააზიის ქვეყნები. სახელმწიფო მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ფერმერებს სეზონის წარმატებით დასრულებაში. ძალიან კარგი სიახლეები გვაქვს. მათ შორის ისიც, რომ აჭარაში გაიმართება ციტრუსის ფესტივალი, რაც აქამდე არასოდეს ყოფილა. ეს ტურისტული მიმართულებისთვისაც მნიშვნელოვანია განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, საწარმოს დათვალიერების შემდეგ.”
2016-2017 წლის ციტრუსის სეზონზე ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში შეუფერხებლად იმუშავებს 40–მდე ციტრუსის მიმღებ დამხარისხებელი საწარმო. მათი ჯამური სიმძლავრე შეადგენს 30 000 ტონას. საექსპორტო პროდუქცია პლასტმასის, მუყაოსა და ხის (შპონის) ტარაში შეიფუთება.
ადგილობრივი ტარა მასალით საექსპორტოდ განკუთვნილი 45 000 ტონა ნაყოფის გადატვირთვის უზრუნველყოფაა შესაძლებელი. ციტრუსის ნაყოფის დროებით შენახვის აუცილებლობის შემთხვევაში, რეგიონში არსებული სამაცივრე დანადგარებით, შესაძლებელია 7000 ტონამდე ციტრუსის შენახვა.

მალე, კინოთეატრებში აჭარის ველურ ბუნებაში მოგზაურობის შესახებ დოკუმენტური ფილმი „ჯარა“ გამოჩნდება. ფილმი-ზღაპარი ადამიანისა და ცხოველების თანაცხოვრების შესახებაა გადაღებული. მისი მთავარია გმირია ფუტკარი, საიდანაც ვითარდება მთელი სიუჟეტური ხაზი და აჭარის ეკოტურისტულ სიმდიდრეს წარმოაჩენს.

ფილმის გადაღებები აჭარაში ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სახელწოდება „ჯარა“ ტრადიციულ ქართულ სკას ნიშნავს, რომელშიც ფუტკრის მოშინაურება ერთ-ერთი უძველესი მეთოდია. ამ ეტაპზე სტუდია „Eco films” უკვე ფილმის მონტაჟზე მუშაობს და ფილმის პრემიერა დეკემბრის ბოლოსთვის იგეგმება.

„ასეთი მაშტაბური ფილმი, ოთხი სეზონის გადაღებებით, რამდენიმე სიუჟეტური ხაზით, ამდენი ადამიანის, ცხოველისა თუ ფრინველის შესახებ აქამდე არათუ ჩვენ არ გადაგვიღია, არამედ საქართველოში საერთოდ არ გადაღებულა. მიზანიც არ გვაქვს მარტივი, გვინდა ვაჩვენოთ, რეალური მოვლენები, ადამიანებისა და ველური ბუნების, ცხოველების თანარსებობა, მათი გავლენა ერთმანეთზე, ზემოქმედება და ამ ზემოქმედების შედეგები,“ აცხადებს ფილმის რეჟისორი და სტუდია “Eco films” დამფუძნებელი ნიკა წიკლაური.

ფილმში გამოდმოცემულია აჭარაში მეფუტკრეობის, ბაზიერობისა და სხვა უძველესი ტრადიციების თანაარსებობა თანამედროვე წეს-ჩვეულებებთან ერთად. მასში კარგად ჩანს იმ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება, რომლებიც აჭარის მიუვალ ხეობებში ველურ ბუნებასთან თანაცხოვრობენ. აჭარის ეკოტურისტული პოტენციალი თავისი სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით ფილმში ასევე კარგადაა წარმოჩენილი.

„ფილმი ნამდვილი აღმოჩენაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მოგზაურობა და სიახლეები აინტერესებთ. მასში კარგად ჩანს ის ეკოტურისტული სიმდიდრე, რაც აჭარას გააჩნია და რითიც შეიძლება მოვიზიდოთ ველურ ბუნებაში მოგზაურობის მსურველები. რეგიონს ოთხი მხოლოდ ეროვნული პარკი გააჩნია, რასაც ემატება მაღალმთიანი აჭარის ბიომრავალფეროვნებაც. მსგავსი ფილმები კი ხელს უწყობს ამ ყველაფრის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას,“ აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი.

0 523

უამინდობასთან დაკავშირებით, წუხელ ღამით მეწყრული პროცესები განვითარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში. მიწის მასა ჩამოწვა სოფელ ხეღრუში საავტომობილო გზასთან, თუმცა გადაადგილების პრობლემა არც ავტომობილებს და არც ქვეითად მოასიარულეებს არ შექმნიათ. ადგილზე ვითარება უკვე შეისწავლა გამგეობის სპეციალისტებმა. სამუშაოები უკვე დაწყებულია.
დილიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 10-მდე ლოკაციაზე საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის შედეგად დაზიანერბულ კერებზე სამუშაოები დილის 7 საათიდან დაიწყო. ამჟამად ტექნიკის საშუალწებით მიწის მასისგან იწმინდება სოფელ სარფში კალენდერეს დასახლება, ზედა ჯოჭოს, ახალშენის, კიბეს და ორთაბათუმის ტერიტორიები.
პარალელურად მიმდინარეობს ზარალის ოდენობის დათვლა. სოფლებში სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი, მოადგილეები და გეოლოგები სწავლობენ არსებულ ვითარებას. ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში საგანგებო ვითარებაში მუშაობენ გამგებლის წარმომადგენლები.

აჭარაში ჩინეთში წამყვანი მედიასაშუალებებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები იმყოფებიან. ჟურნალისტები და ტუროპერატორები ერთდღიანი ინფოტურის ფარგლებში ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს ეცნობიან. ბათუმის ბოტანიკური ბაღის მონახულების შემდეგ ისინი ძველ ბათუმს, ბულვარს, ევროპის მოედანსა და სხვა ტურისტულად მიმზიდველ ადგილებს ათვალიერებენ, ასევე, გაეცნობიან ბათუმის სასტუმრო ინფრასტრუქტურას და ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებენ. ჩინელი ჟურნალისტები და ტურ-ოპერატორები აჭარას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით სტუმრობენ. აჭარაში ჩამოსვლამდე ისინი თბილისის, კახეთისა და მცხეთის ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნენ. მათი ერთკვირიანი ინფოტური საქართველოში მესტიასა და ქუთაისში ვიზიტით დასრულდება.

ჩინურ ტურისტულ ბაზარზე საქართველოს გააქტიურება, რაც პრეს და ინფოტურების ორგანიზებაშიც გამოიხატება ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების დანიშვნას უკავშირდება. სექტემბრის ბოლოდან თბილისის მიმართულებით ჩინური ავიაკომპანია „China Southern Airlines“ რეგულარულ ფრენებს იწყებს.

აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სია ცნობილია.

აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოში მოსახვედრად, პარტიიდან 15 კანდიდატი წარადგინეს, მათ შორის, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატებიც არიან.

„ნაცმოძრაობის“ მიერ წარდგენილი სია ასე გამოიყურება: ლევან ვარშალომიძე, პეტრე ზამბახიძე, გია აბულაძე, გიორგი დიასამიძე, ელგუჯა ბაგრატიონი, ასმათ დიასამიძე, ნინო ჯინჭარაძე, ლაშა კილაბერია, ქენან კახიძე, პაატა აციმბა, ნუგზარ ამაღლობელი, რაულ თავართქილაძე, მამული სურმანიძე, რევაზ ხარაზი და გელა დეკანაძე.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ათეული ცნობილია.

პარტიული სია ჟურნალისტებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილმა გააცნო.

მისი განცხადებით, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორის პირველი მოადგილე ცოტნე ანანიძე და პოლიტოლოგი ნინო ჩხეტია არიან.

პირველი ათეული ასე გამოიყურება: ნუგზარ სურმანიძე, დავით გაბაიძე, ირაკლი ჭეიშვილი, ცოტნე ანანიძე, დავით თედორაძე, ვლადიმერ მგალობლიშვილი, დავით ბაციკაძე, ნინო ჩხეტია, გიორგი მანველიძე, ნატალია ზოიძე.

ირაკლი ჭეიშვილმა ავთანდილ ბერიძისა და არჩილ ხაბაძის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე სავარაუდოდ, აღმასრულებელ რგოლში იქნება. ხოლო, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე საქართველოს პარლამენტის გამსვლელ სიაშია.