25/11/2017 – 02:21
მთავარი თვითმხილველი

პეტრიაშვილის ქუჩაზე ვეფხვმა სამი ძაღლი დაგლიჯა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში პეტრიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ვეფხვი კუს ტბის მიმართულებით წავიდა. სტიქიის შედეგად, ზოოპარკის დატბორვის შემდეგ, ცხოველები ზოოპარკიდან გამოვიდნენ. ამ დროისთვის რამდენიმე ცხოველის დაძინება მოხდა, რამდენიმე კი უსაფრთხოების მიზნით მოკლეს.

სოფელ ყარიფალაში, საკუთარი შვილის საფლავზე მყოფი იური ვაზაგაშვილი ააფეთქეს.  გავრცელებული ინფორმაციით აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც მან შვილის საფლავზე ყვავილები მიიტანა. ახლობლებისა და ადვიკატის განცხადებით საფლავი დანაღმული იყო.

გარდაცვლილის და, მანანა ვაზაგაშვილი თვითმკვლელობის და თავის აფეთქების ფაქტს გამორიცხავს. მისი განცხადებით, იური ვაზაგაშვილი მოკლეს.

ამ ფაქტს გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, ქალბატონი თეა წულუკიანი, მისი თქმით საქმის გამოძიება დაწყებულია და პროკურატურამ უსწრაფესად უნდა შეძლოს ყველაფრის გარკვევა.

ბათუმში, რუსთაველისა და თავდადებულის ქუჩების კვეთაში, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა დილის 6 საათზე მოხდა. მათივე ინფორმაციით, მანქანა ერთ-ერთ ბიზნესმენს ეკუთვნის. ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილზე ბენზინიანი ბოთლებიც იპოვეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ და მანქანა უკვე სპეციალურ სადგომზე გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროსადენებს გაუჩნდა. საქმეზე ძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ითვალისწინებს. ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

დღეს, 17 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორს – 33 წლის მაკა წივწივაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. როგორც თვითმხილველი ყვება,   მან გასროლის ხმა ოთხჯერ გაიგონა . წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლს ყოფილმა მეუღლემ  ესროლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. ამ ეტაპზე მაკა წივწივაძის შესახებ, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ის ილიას უნივერსიტეტში ინგლისურის მიწვეული ლექტორი იყო.

ჯერ-ჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას, შემთხვევის დეტალებთან დაკავშირებით.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სასწრაფო,  საპატრულო პოლიცია, ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.