25/09/2017 – 10:09
მთავარი განათლება

0 511

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, წელს 27 782 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა.

მიმინოშვილის განცხადებით, სახელმწიფო გრანტი მიიღო 6 500-მა აბიტურიენტმა, ხოლო 4 000-მდე იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა, სადაც სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს.

მისივე თქმით, დღეს უკვე აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ ჩარიცხვებისა და საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგებს.

„41 ათასზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული, თუმცა გამოსაშვები გამოცდების შემდეგ დაახლოებით 3 ათასამდე აბიტურიენტი კონკურსს უკვე გამოეთიშა. მონაწილეობას 37 ათასზე მეტი აბიტურიენტი იღებდა და და დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 27 ათასზე მეტი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი,“-განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

1 720

თუ აღმოჩნდა მტკიცებულებები ბათუმში მდებარე, „შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმის“ მიერ ტერორიზმში ან სხვა სახის უკანონობაში ბავშვების ჩართვის შესახებ, ეს იქნება როგორც ადმინისტრაციული, ასევე შესაძლოა სისხლის სამართლის დევნის საფუძველი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განუცხადა, თუმცა მინისტრმა იქვე დასძინა, რომ ამ დროისთვის აღნიშნულის მტკიცებულებები მათ არ აქვთ. 

ჯეჯელავას თქმით, აშშ-ში მცხოვრები ფეთჰულა გიულენის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ფინანსდება, მათ შორის საქართველოშიც სკოლების მთელი ქსელი არსებობს.

„ეს სკოლები უმეტეს შემთხვევაში აკრედიტებულია ჩვენი კანონმდებლობით. ქართულ ენაზე მიდის სწავლება ჩვენი პროგრამების მიხედვით. შესაბამისად, არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერორიზმთან ან სხვა სახის უკანონობასთან ჰქონდეს კავშირი ამ სკოლებს, აქამდე არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით თურქეთის ხელისუფლების დამოკიდებულებას ახლა“, – განაცხადა ჯეჯელავამ. 
მისივე თქმით, ხვალ არის დაგეგმილი თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინსიტრის ვიზიტი. დელეგაციის შემადგენლობაში იქნება თავადაც და უმაღლესი დონის შეხვედრებზე აღნიშნულ საკითხს აუცილებლად განიხილავენ. 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენს მეგობრობას არაფერი ართულებდეს, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვანია, რომ ობიექტურად შევაფასოთ სიტუაცია და ერთი ადამიანის განცხადებაზე არ ავაგოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა ჯეჯელავამ.
კითხვაზე, ხომ არ შეუწყდება აკრედიტაცია აღნიშნულ ლიცეუმს, მინისტრის თქმით, არსებობს კანონი, რომელშიც კონკრეტულადაა გაწერილი აკრედიტაციის შეწყვეტის საფუძველი.

„მართლა თუ აღმოჩნდა მტკიცებულება ტერორიზმში, ან სხვა სახის უკანონობაში ბავშვების ჩართვის შესახებ, აუცილებლად, ეს იქნება როგორც ადმინისტრაციული, ასევე შესაძლოა სისხლის სამართლის დევნის დაწყების საფუძველი, თუმცა ამ წუთას ასეთი მტკიცებულებები ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

თურქეთის გენერალური კონსულის, იასინ თემისქანის განცხადებით, ბათუმში შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან. 
კონსულის განმარტებით, სასწავლო დაწესებულებას ტერორისტული დაჯგუფებები მართავენ, შესაბამისად, იქ ბავშვები მათივე იდეოლოგიის ქვეშ იზრდებიან. 

მისივე თქმით, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციას საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელი აქვს. ის აჭარის მოსახლეობას მოუწოდებს, ბავშვები სკოლიდან გამოიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი სავალალო შედეგის წინაშე აღმოჩნდებიან.

1 797

საერთაშორისო სკოლები ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებენ. როგორც საერთაშორისო სკოლების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი გმობენ ნებისმიერი ტიპის იმიჯისა და რეპუტაციის შემლახველ განცხადებებსა და ბრალდებებს. მათთვის მიუღებელია სკოლის მოსწავლეების, პედაგოგებისა და მენეჯმენტის მოხსენიება ნებისმიერ პოლიტიკურ ჭრილში. განსაკუთრებით კი მათი ერთ-ერთი სკოლის ხსენება ისეთ კონტექსტში, როგორიცაა ტერორიზმი. 

მათი შეფასებით, გენერალური კონსულის მიერ გაკეთებულმა არაეთიკურმა გამონათქვამმა, რომელიც სკოლა-ლიცეუმ „მეგობრობის“ მისამართით გაისმა, შეურაცხყოფა მიაყენა მთელს გუნდს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებსა და კურსდამთავრებულებს. 

საერთაშორისო სკოლები რეაგირებას ითხოვენ. აღნიშნულ განცხადებას ”ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

”გასულ კვირას ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოში მოქმედი სკოლები: რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, თბილისის ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა, თბილისი სსკოლა-ლიცეუმი ,,სხივი” და ბათუმის რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი „მეგობრობა“ ერთობლივად ვაცხადებთ, რომ ვგმობთ ნებისმიერი ტიპის იმიჯისა და რეპუტაციის შემლახველ განცხადებებსა და ბრალდებებს. ჩამოთვლილი სკოლებისთვის მიუღებელია სკოლის მოსწავლეების, პედაგოგებისა და მენეჯმენტის მოხსენიება ნებისმიერ პოლიტიკურ ჭრილში. განსაკუთრებით კი ჩვენი ერთ-ერთი სკოლის ხსენება ისეთ კონტექსტში როგორიცაა ტერორიზმი. 

როგორც ცნობილია, გასული საუკუნის ბოლოს ორი ქვეყნის უერთიერთშეთანხმების საფუძველზე თურქული მხარის ინიციატივით თბილისში დაფუძნდა პირველი საერთაშორისო ტიპის სკოლა, რომლის უმთავრეს მიზანსაც წარმოადგენდა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცება, განათლებისა და კულტურის გაზიარება. 20 წლის განმავლობაში ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში გაიზარდნენ ღირსეული ქართველები, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ მსოფლიო ასპარეზზე. ამ წლების განმავლობაში ჩვენმა კურსდამთავრებულებმა დიდი როლი შეასრულეს ქვეყნის აღმშენებლობაში და დემოკრატიული ფასეულობების დაცვაში. ცნობისთვის, ჩვენს სასწავლო დაწესებულებებში სწავლება მიმდინარეობს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის მიხედვით და სკოლების ფუნქციონირება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. 

გენერალური კონსულის მიერ გაკეთებულმა არაეთიკურმა გამონათქვამმა, რომელიც სკოლა-ლიცეუმ „მეგობრობის“ მისამართით გაჟღერდა, შეურაცხყოფა მიაყენა მთელს გუნდს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებსა და კურსდამთავრებულებს. მსგავსი ტიპის დისკრიმინაციული ბრალდებები შეურაცხმყოფელია სკოლისთვის და მისი პარტნიორებისთვის და იმ რეგიონისთვის სადაც სკოლა ფუნქციონირებს. 

ჩვენი მოთხოვნაა დაცული იქნას თითოეული მოსწავლისა და მასწავლებლის კანონიერი უფლება და აღიკვეთოს დისკრიმინაციული ბრალდებები თურქეთის საკონსულოს მხრიდან. მოხდეს გაკეთებულ განცხადებაზე შესაბამისი რეაგირება. ჩვენ ჩვენის მხრივ ცალსახად ვემიჯნებით ნებისმიერ პოლიტიკურ აქტივობას და ვგმობთ მცდელობას გარე პოლიტიკურმა ძალებმა გამოიყენონ ჩვენი სკოლები, როგორც იარაღი პოლიტიკურ ბრძოლაში, რადგან სასწავლო ინსტიტუტები გახლვათ აპოლიტიკური ორგანო, სადაც მთავარი ღირებულება განათლებული, თავისფლად მოზაროვნე და ჯანსაღი თაობის აღზრდაა.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს იურიდიულ უფლებას შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ გაჟღერებულ ცილისწამებაზე”, – ნათქვამია საერთაშორისო სკოლების განცხადებაში.

16 ივლისს, თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემისქანმა თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობაზე კომენტარი გააკეთა. მანვე ისაუბრა ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმზე.

„ეს ხალხი იმაგრებს საკუთარ პოზიციებს სკოლების მეშვეობით, ანუ ზრდიან თაობებს, რომლებიც არა სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან. სამწუხაროდ, აჭარაში არის მსგავსი სკოლები. ერთ-ერთია რეფაიდინ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი. მე მოვუწოდებ აჭარის მოსახლეობას, ქართველ ხალხს, ნუ გაუშვებთ შვილებს ამ სკოლაში, ნუ ასწავლით, იმიტომ რომ ეს არის ტერორისტული დაჯგუფება და აქ ტერორისტულ მიზნებს ემსახურებიან. უახლოეს პერიოდში მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, რათა ამ ორგანიზაციების სკოლები დაიხუროს“, – განაცხადა კონსულმა, რომლის კომენტარის ქართულ თარგამანს TV25 ავრცელებს.

0 583

როდესაც 38 000 ადამიანის გამოცდაზე გვაქვს საუბარი, რაღაც ხარვეზები ჩანს – ზოგან “პასტა” არ მოეწონათ, ბევრგან ცხელა, კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ზოგი კმაყოფილია ზოგს დისკომფორტი შეექმნა, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მინისტრმა წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდები მთლიანობაში დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ კარგად იყოს ორგანიზებული.
„კარგად იყო ორგანიზებული წლევანდელი ეროვნული გამოცდები. მადლობა ეკუთვნის გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მთელ გუნდს. ამავე დროს, რა თქმა უნდა, არის ხარვეზები. როდესაც 38 000 ადამიანის გამოცდაზე გვაქვს საუბარი, რაღაც ხარვეზები ჩანს – ზოგან “პასტა” არ მოეწონათ, ბევრგან ცხელა და ეს სერიოზული პრობლემაა, კონდიცირება ჯერ სამწუხაროდ, არ გაქვს. კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ზოგი კმაყოფილია ზოგს დისკომფორტი შეექმნა. ჩვენ გავაანალიზებთ ამას და მომავალში კიდევ უფრო კარგი გამოცდები გვექნება”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

0 398

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნები დასრულდა.
ყველა ფაკულტეტსა და სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში განლაგებულ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა 17:00 საათზე დასრულდა. როგორც სენატის წევრობის კანდიდატთა ნაწილი და არჩევნებზე დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, არჩევნებმა სახელმწიფო უნივერისტეტში ექსცესების და სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა.
თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები დღეს დილის 10:00 საათიდან ტარდება. აკადემიური პერსონალი და სტუდენტები სენატის 33 ახალ წევრს ირჩევენ, აქედან 12 მათგანი სტუდენტი, ხოლო 21 აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის წევრია.
საარჩევნო კომისია გამარჯვებულ კანდიდატებს არა უგვიანეს 23:00 საათზე გამოაცხადებს.

0 503

თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის)არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები „საქართველოს უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონსა და თსუ-ს წესდებაში შესული ცვლილებების თანახმად ტარდება. სენატის წარმომადგენლობა, კანონით 76 წევრით განისაზღვრა, დღეს 33 ახალი წევრი უნდა აირჩიონ, აქედან 12 უნდა იყოს სტუდენტი, ხოლო 21 – აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი.
არჩევნებისთვის გახსნილია 21 საარჩევნო უბანი, ამომრჩეველთა რაოდენობა 28 781-ია. საარჩევნო უბნები 10:00 საათზე გაიხსნა და 17:00 საათზე დაიხურება. საარჩევნო კომისია გამარჯვებულ კანდიდატებს 23:00 საათამდე გამოავლენს.
სენატი უფლებამოსილია დაამტკიცოს ბიუჯეტი და ჩაატაროს კანცლერის არჩევნები. სენატის არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალთვაძემ.

0 512

როგორც ცნობილია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, შეიქმნა პლატფორმა, რომელიც ღიაა ნებისმიერი დაინტერესებულისთვის, მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებში, იქნება განათლების რეფორმა, ხარისხის გაუმჯობესება, პროცესებში სტუდენტთა მონაწილეობის გაზრდა, სტუდენტური ცხოვრების მოწესრიგება და სხვა. პლატფორმის მეორე შეხვედრა მთავრობის მიერ აშენებულ ახალ სტუდენტურ საცხოვრებელში გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტები ესწრებოდნენ, ბევრ საინტერესო თემაზე იმსჯელეს, მათ შორის აკადემიური თავისუფლების, უნივერსტეტების ავტონომიის, გარე რეფერირების, სტუდენტური ცხოვრების მოწყობასა და სხვა ისეთ თემებზე, რაც განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და სწავლის ხელმისაწვდომობას ემსახურება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ შეხვედრაზე ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ძალიან მალე ჩამოვა დიდი ჯგუფი მაღალი დონის უცხოელი ექსპერტებისა, რომლებიც ქართულ მხარესთან ერთად ჩაერთვებიან ამ საქმიანობაში და გაგვიზიარებენ ევროპულ გამოცდილებას. რაც შეეხება პლატფორმას, იგი გადავა სხვადასხვა ფორმატით მუშაობის რეჟიმში და იქნება მუდმივმოქმედი.

0 414

განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას შეფასებით, სკოლაში არსებული სახელმძღვანელოები, რომლებითაც დღეს სწავლება მიმდინარეობს, დაბალი ხარისხისაა. ამის შესახებ განათლების მინისტრმა ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემაში “ჩემი კითხვა” განაცხადა.

მინისტრის თქმით, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში იწყება სახელმძღვანელობის გრიფირების პროცესი და განათლების სამინისტრო უახლოეს პერიოდში სახელმძღვანელოებზე ახალ კონკურსს გამოაცხადებს.

”დღეს რა სახელმძღვანელოებიც სკოლაში გვაქვს და რითიც მიმდინარეობს სწავლება, საკმაოდ დაბალი ხარისხისაა. ძალიან ვწუხვარ, რომ ამის აღიარება მიწევს, მაგრამ მეორე მხრივ ფაქტს რომ თვალი ავარიდოთ, შეუძლებელი იქნებოდა. მინდა ვთქვა, რომ დამტკიცებულია ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და სწორედ ახლა იწყება ე.წ. სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი. სულ მალე განათლების სამინისტრო ახალ სახელმძღვანელოებზე გამოაცხადებს კონკურსს და ყველა ავტორს, გამომცემლებთან ერთად საშუალება ექნება, რომ ამ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. მესმის, რომ რთული ამოცანაა, ამ მოკლე დროში სახელმძღვანელოების მომზადება, მაგრამ ეს შესაძლებელია. ვიცით, რომ ბევრი სხვადასხვა ავტორი ემზადება გრიფირების კონკურსისთვის”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

0 713

ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა. შემთხვევა დღეს, გლდანის რაიონის 39-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში, უცხოური ენის გამოცდის მეორე სესიაზე მოხდა.

აბიტურიენტს რეგისტრაციისას არაფხიზელი მდგომარეობა შეამჩნიეს. საპატრულო პოლიციის მიერ ჩატარებული ალკოტესტირების შედეგად, მას ალკოჰოლური ზემოქმედება დაუდასტურდა. აღნიშნული აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა.

როგორც ცნობილია, შარშანდელი პრეცენდენტიდან გამომდინარე, როდესაც საგამოცდო ცენტრში ნასვამი აბიტურიენტი გამოცხადდა, გამოცდაზე მოქცევის წესებს კიდევ ერთი პუნქტი დაემატა, რომელიც ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში, აპლიკანტის გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე მოხსნას ითვალისწინებს.

რაც შეეხება უცხოური ენის გამოცდის მიმდინარეობას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ სესიაზე დარეგისტრირებული 9300-ზე მეტი აბიტურიენტიდან გამოცხადდა 96%. მეორე სესიაზე დარეგისტრირებული 9000-ზე მეტი აბიტურიენტიდან გამოცდაზე გამოცხადდა 97%-მდე. გამოცდის ხანგრძლივობაა 2 საათი და 40 წუთია. 

0 660

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიაზე დღეს დარეგისტრირებული აბიტურიენტების 97%-ზე მეტი გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

მათივე მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით გახსნილია ოცდაერთი საგამოცდო ცენტრი და დღეს მიმდინარე ქართული ენისა და ლიტერატურის მეორე სესიაზე 9 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, აქედან აბიტურიენტთა 97%-ზე მეტი გამოცდაზე გამოცხადდა.

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის დღეს ჩატარებულ პირველ სესიაზე დარეგისტრირებული 9 300-მდე აბიტურიენტიდან 3 % არ გამოცხადდა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 38 500 -ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4 000 – მდე სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 12 500 – ზე მეტი კანდიდატი; პედაგოგთა საგნობრივ გამოცდაზე 22 700 – ზე მეტი პედაგოგი. 
საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: თბილისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, რუსთავი, თელავი, ხულო.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.