20/08/2018 – 04:38
მთავარი ბლოგი

,,თურქები ბარბაროსი ხალხია… როდესაც ისინი ხოცავდნენ სომხებს, სამი დღის განმავლობაში ქალაქში სასაკლაოს სუნი იდგა. ბერძნები ჩაკეტეს სახლებში, ვერავინ ბედავდა ქუჩაში გამოჩენას, ყვიროდენ, კლავდნენ მთელი სამი დღის განმავლობაში.
– ვინ, მამაო? თურქი ჯარისკაცები?
– არა მხოლოდ ჯარისკაცები, არამედ უბრალო ხალხიც, აგრეთვე მოხუცებიც. მავანი მიდიოდა და კლავდა მეზობელს, რომლის გვერდით მრავალი წელი გაატარა. ბარბაროსები, ბევრი დანაშაული ჩაიდინეს. დადგება დრო ზღვევისა. ამუშავდება სულიერი კანონები. მიცვალებულებისთვის კოლიოს (წანდილის) მომზადების გარდა სხვა საზრუნავი აღარ დარჩებათ.“

-ღირსი პაისი მთაწმინდელის (1924-1994) წინასწარმეტყველება თურქეთის მომავალზე და კონსტანტინოპოლის გათავისუფლებაზე.

მიუხედავად უკვე მრავალჯერ დაგმობილი „ბატონ–ყმობისა“,  გარკვეული საზოგადოება დღესაც აქტიურად აგრძელებს ტრაბახს თავისი გვარის  უძველესი დამსახურებების საფუძველზე.
სოციალურ ფენათა არსებობა ძალიან  დიდი ხნის წინათაც აქტუალური მოვლენა იყო. ჯერ კიდევ  არქაულ ეგვიპტეში  საზოგადოების უმაღლეს ფენას დიდებულები და მათი წრიდან გამოსული ქურუმები განეკუთვნებოდნენ. მაღალი ფენის წარმომადგენლებად ითვლებოდნენ მეომრები და სახელმწიფო მოხელეები. შემდეგ მოდიოდა ვაჭართა ფენა, ხელოსნები და ბოლოს – თავისუფალი მონები.  ნებისმიერ  ქვეყანაში და   მომთაბარე ტომში ჩვენ ხვდებით არათანასწორ უფლებათა რახარუხს. განსაკუთრებულ შემთხვევად უნდა ჩაითვალოს რომი, სადაც არსებობდა სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები, რომლებიც ასევე არაერთგვაროვანი  უფლებებით სარგებლობდნენ – აქ არისტოკრათა წარმომადგენლობას განეკუთვნებოდნენ პატრიციები, ვინც სრულ უფლებიანობით გამოირჩეოდნენ  და პლებეები, რომლებიც რიცხვობრივად არ ჩამოუვარდებოდნენ, თუმცა უფლებების სიმწირეს ნამდვილად განიცდიდნენ.  რატომაა ეს შემთხვევა განსაკუთრებული? ჩვენ შეიძლება ჩვენს თავებს ლიბერალურ ადამიანებს ვეძახით, მაგრამ ამის დამტკიცება არ შეგვიძლია. პლებეებმა კი დაამტკიცეს, რომ ისეთ მკაცრ სახელმწიფოშიც კი როგორიც რომი იყო, შენი უფლებებისთვის ბრძოლა და წარმატების მიღწევა შესაძლებელია.  თუ ობიექტურად შევხედავთ აშკარად შევამჩნევთ, რომ პლებეებს მონები არ ერქვათ, მაგრამ მონურ ცხოვრებას ნამდვილად ეწეოდნენ. ლუკმა პურის არ ქონა და ამის გამო პატრიციის ტყვედ ჩავარდნა სწორედ ამას მოწმობს. მათ დაიწყეს ბრძოლა თავიანთი უფლებების გამო. საბოლოოდ რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მათ მოახერხეს ტრიბუნის შექმნა შემდგომში კი – პატრიცის და პლებეის უფლებათა სრული გათანასწორება. ჯონ ლოკის მოსაზრება პირდაპირ ეხმიანება ამ ამბავს. მისი აზრით, გონება კარნახობს ადამიანებს, რომ ყველა თანასწორი და დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება, ხელყოს სხვისის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, თავისუფლება ან ქონება.
საქართველოში ეს მოვლენა საინტერესოა, რადგან აქ ერი თვლიდა, რომ მეფე და მისი მოხელეები, ანუ ფეოდალები და თავად–აზნაურობა, ღმერთისგან ნაბოძები უფლებით სარგებლობდა. ილია ჭავჭავაძემ თავის ნაშრომში „კაცია ადამიანი!?“  კარგად გვაჩვენა, თუ როგორ დაიმკვიდრა ამ ცნებამ არისტოკრატიულ და გლეხურ ფენებში. ერთ–ერთი მაგალითია: ლუარსაბის აზრი, რომ ადამის და ევას დროსაც იყო ეს დიფერენცია.
ბოლო დროს რამდენიმე ადამიანისგან მოვისმინე აზრი, რომ ილია იყო ამაყი თავადი, რომელიც უბრალო ადამიანებს არაფრად აღიქვამდა.  მინდა ვთქვა, რომ ეს არის უდიდესი არაადეკვატურობა, რადგან ილია იყო ერთ–ერთი პირველი, ვინც ამის დანგრევას ცდილობდა. მისი ნაწარმოებებიც ამის დამამტკიცებელია. ოთარაანთ ქვრივი, რომელიც არ არის არისტოკრატული გვარიდან, მაგრამ  გაკრვეულ წილად ილიამ თავისი თავი გამოხატა ალეგორიულად და ლუარსაბ თათქარიძე, რომელიც არანაირად არ იმსახურებს ადამიანების პატივისცემას. „კაცია ადამიანის“ დაწერის შემდეგ თავადებს სურვილიც კი გაუჩნდათ, ილია მოეკლათ, რის გამოც მას თავისი მეგობარი, ილია წინამძღვრიშვილი თან დაჰყვებოდა დასაცავად.
XX საუკუნის მეორე ნახევარში არისტოკრატიათა გვარი გარდაიქმნა, ეგრეთ წოდებულ ინტელიგენციად, რომლითაც ედუარდ შევარდნაძე კარგად მანიპულირებდა. ეს სწორედ იმის დამადასტურებელია, რომ „თავადობა“ არ ნიშნავს იყო ღირსეული, მაგრამ განათლებას შეუძლია გაქციოს პიროვნებად. პიროვნება კი ვერ შეეგუება არასახარბიელო რეალობას, მაშასადამე, იქნება საზოგადოების აქტიური წევრი, რომელსაც ილიამ „თერგი“ უწოდა.
ამ თემაზე საუბრისას აუცილებელიც კია, ჟან–ჟაკ რუსო ვახსენო, რომელმაც  პირუთნელად  ჩამოაყალიბა თანასწორობის ძირითადი პრინციპები. იგი სვამს კითხავს, რომელსაც შემდეგ თვითონვე პასუხობს. რაშია უზანესი კეთილდღეობა, რომელიც კანონმდებლობის საფუძველი უნდა იყოს? ის თავისუფლებასა და თანასწორობაშია. თანასწორობა არ უნდა გავიგოთ, ისე თითქოს ყველას თანაბარი ძალა და სიმდიდრე ჰქონდეს, არამედ როგორც ძალაუფლების მხოლოდ კანონის მიერ აღსრულება სახელმწიფოში…
ავტორი: თოკო კაპანაძე

”ყველაფერი ხელიდან მცვივა”, ”მარცხენა ფეხზე ავდექი” – ასეთი უსიამოვნო მდგომარეობა ნაცნობია, ალბათ, ყველასთვის.  ხანდახან გვეჩვენება, რომ მასთან ბრძოლა უშედეგოა – ადრე თუ გვიან ხომ ” თავისით გაივლის”. მაგრამ დამტკიცებულია, რომ ნეგატივს, შეუძლია მიგვიყვანოს საკმაოდ რთული ფორმის ფსიქიკურ აშლილობამდე, რომელსაც სწორედ, რომ დეპრესია ჰქვია.  ესეიგი, გადაწყვეტილება მარტივია – კარგი განწყობა თავად უნდა შევიქმნათ.
რაშია მიზეზი?
მანამ სანამ პესიმიზმის შემოტევას გავუმკლავდებით, საჭიროა მისი გაჩენის მიზეზი გავარკვიოთ. ის შეიძლება იყოს თვალსაჩინო – მაგალითად, უსიამოვნება სამსახურში ან ჩხუბი საყვარელ ადამიანთან. ასეთ შემთხვევაში ნათელია, რომ პრობლემის გადაწყვეტა უნდა დავიწყოთ.

ცოტათი რთულია სიტუაცია, როდესაც სევდისა და უხასიათობის მიზეზი არც თუ ისე ნათელია. მეგობრის გამოსროლილი უსიამოვნო სიტყვა ან ფრაზა თქვენი მისამართით, კომფლიქტი საზოგადოებრივ ტრანსპორტში, შემოდგომის ტალახით დასვრილი ფეხსაცმელი – ერთი შეხედვით, თითქოს წვრილმანია, არადა სწორედ მათ შეუძლიათ ხანგრძლივი დროით აპათიის მდგომარეობაში გამოგვამწყვდიოს.

საბოლოოდ, ცუდი განწყობის მიზეზი შესაძლოა სულაც ფიზიოლოგიური ხასიათი იყოს. ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პესიმიზმისა და აგრესიულობის  მიზეზი – უძილობაა, რომელიც არღვევს ადამიანის ტვინის მუშაობას. ”ნაცრისფერი ნივთიერება” – გამოუძინებელი ადამიანის ტვინი ვერ ახერხებს მთელი რიგი ინფორმაციის გადამუშავებას, რომელსაც გარესამყაროსგან ღებულობს, რის გამოც ადამიანი აგრესიული ხდება.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გამოიძინებს – და გაიღვიძებს მხიარულ გუნება-განწყობაზე და ბედნიერი? სულაც არა. პრინციპი ” დაეხმარე საკუთარ თავს” იმაზე უფრო აქტუალურია ამ სიტუაციაში, ვიდრე ჩვენ გვგონია.

ცხოვრება მოძრაობაში
ფიზიკური აქტივობა – შესანიშნავი შესაძლებლობაა დაგროვებული ნეგატივის ამოსაფრქვევად. ზოგიერთ იაპონურ კომპანიაში არსებობს სპეციალურად სტრესის მოსახსნელად მოწყობილი შენობები, სადაც შესაძლებელია, მაგალითად : ბოქსით დაკავდე, სპორტდარბაზში ივარჯიშო, იცეკვო ან ირბინო სუფთა ჰაერზე, აუზში იცურაო, ნებისმიერი სახლის სამუშოც – შესანიშნავი შესაძლებლობაა ვებრძოლოთ ცუდ გუნება – განწყობილებას.

არა ნაკლებ სასარგებლოა გონებრივი საქმიანობა- მაგალითად, ჭადრაკის თამაში ან წიგნების კითხვა, მითუმეტეს თუ ეს ცნობილი და წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიაა. იყო დრო როდესაც ჯენიფერ ლოპესს რეჟისორები კინოფილმებში გადაღებაზე უარს ეუბნებოდნენ, გარეგნობას უწუნებდნენ, კონკრეტულად კი მისი აღნაგობა და კილოგრამები არ აკმაყოფილებდათ, მის მსახიობურ ოსტატობაზე კი ამბობდნენ, რომ  – სუსტია.

პოზიტივის შემომტანი კიდევ ერთი შესაძლებლობა – ხელოვნებაა. შეეცადეთ დიდ ფურცელზე დახატოთ თქვენი აგრესია,  შეცვალეთ ის, მიეცით ახალი ფორმა ან მიანიჭეთ ახალი ფერი – აუცილებელი არაა შედევრი გამოვიდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სახალისო იქნება. შთაგონების წყაროდ შეიძლენა მეგობრებთან შეხვედრაც აღმოჩნდეს ( შეეცადეთ არ ეწუწუნოთ ცხოვრებაზე), მაღაზიაში გასვლა, კინოთეატრში ან მუზეუმში ვიზიტი – ცუდ განწყობასთან ბრძოლის ბევრი საშუალება არსებობს. ენდორფინის გამომუშავებაა ( ” ბედნიერების ჰორმონი” ) ხელს უწყობს მიკროელემნტები, რომელსაც შეიცავს : შოკოლადი, თევზი, რძე, ზღვის კომბოსტო, ბანანი და სხვა პროდუქტები.

სიტუაციას შეხედე დადებითად
განწყობის ამაღლება – ნახევარი საქმეა. ბევრად რთულია პოზიტიური განწყობილების შენარჩუნება. ამ სიტუაციაში დაგვეხმარება ფსიქოლოგიური სავარჯიშოები. პირველ რიგში – აუცილებელია ვისწავლოთ სიტუაციის მიღება, იმ შემთხვევაში თუ მისი შეცვლა არ შეგვიძლია. ამის გაკეთება არც ისე რთულია – საკმარისია ყველა უსიამოვნო სიტუაციაში აღმოაჩინოთ დადებითი მომენტები. გაგიფუჭდათ კომპიუტერი? ესეიგი ყველაზე შესაფერისი მომენტია დაისვენოთ ან სახლის საქმეებს მიხედოთ. გარეთ წვიმს? ეს ყველაზე კარგი შესაძლებლობაა ჩაიცვათ ახალი მოსასხამი.

როგორც ცნობილია, აზრი , მატერიალურია. სწორედ ამიტომ გვმართებს ვიფიქროთ მხოლოდ კარგზე, სასურველზე ( თუნდაც ჯერჯერობით მიუღწეველზე) – და ის აუცილებლად ახდება. რაც შეეხება რთულ საფიქრალს : უსიამოვნო მოგონებებზე ან დამარცხებაზე, მათზე დიდხანს გაჩერება არ ღირს.

და ბოლოს გეტყვით, რომ კარგი განწყობის მთავარი პირობაა – ღიმილი. ეს საკმაოდ რთული ფიზიოლოგიური პროცესია, რომელიც მოქმედებს ტვინიდან გადაცემული იმპულსების ხარჯზე. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ აუცილებლად უნდა ვაიძულოთ საკუთარ თავს გავიღიმოთ ბუნებრივად და ხშირად, შევეცადოთ ათი წუთით შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა – და მაშინ ცუდი განწყობის კვალიც კი არ დარჩება, ღიმილი კი გულღია და ბუნებრივი გახდება.

გაუღიმეთ ცხოვრებას და ის აუცილებლად გაგიღიმებთ თქვენ !

keep-calm-and-radiate-positivity

გვესაუბრება  ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი ქალბატონი ნანა გოგიჩაშვილი :

როგორ შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა?

პირველ რიგში,  გავარკვიოთ  რა არის პოზიტიური აზროვნება და განწყობა. პოზიტიური აზროვნება გახლავთ პიროვნების  ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ზოგადად ცხოვრებისადმი, საკუთარი თავისადმი,  ეს არის დადებითი აზრები, ფრაზები, მოლოდინები და რეაქციები, რომლებიც ხელს უწყობენ პიროვნულ ზრდას და წარმატების მიღწევას ცხოვრებაში. პოზიტიური აზროვნება ეს არის სიხარულის, სიყვარულის, კეთილგანწყობის, ნებისმიერი საქმის წარმატებით განხორციელების მოლოდინი.

რაც შეეხება შენარჩუნებას, ეს პირდაპირ კავშირშია ადამიანის მიზანთან ანუ პიროვნულ მოტივაციასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგადად, ადამიანის ქცევა  ორი რამით არის განპირობებული  – სურვილი რაღაცას გაექცეს   და სურვილი რაღაცას (ან ვიღაცას) დაეუფლოს ან  მიაღწიოს. აქედან გამომდინარე, მოტივაციის ხარისხი  ხდება პოზიტიური აზროვნების საფუძველი.

როგორ გავუმკლავდეთ აგრესიის გამომწვევ მიზეზებს?

აგრესია, რომელიც სტრესის საფუძველზე იჩენს თავს, გახლავთ  ორგანიზმის საპასუხო რეაქცია გარე გამღიზიანებლზე, რომელიც მიმართულია სხვისთვის ან სხვისი ინტერესებისათვის ზიანის მიყენებაზე და რომელიც, თავის მხრივ,  საკმაოდ რთული სამართავია. უმართავ აგრესიას მოჰყვება შფოთვა, წინააღმდეგობა საკუთარ თავთან და გამოფიტვა. გამკლავების რამდენიმე გზა არსებობს, ადამიანის ფსიქოტიპზეა დამოკიდებული თუ როგორ შეეცდება გაუმკლავდეს ამ პრობლემას. მაგალითისათვის შეიძლება რამდენიმე ჩამოვთვალოთ : ფიზიკური დატვირთვა და შრომითი თერაპია, კონტრასტული შხაპი და ვიზუალიზაცია ანუ წარმოდგენა იმისა, რომ წყლის ჭავლს მიჰყვება თქვენი აგრესია, სალონში წასვლა და იმიჯის შეცვლა, აგრესიული კომპიუტერული თამაშებით განტვირთვა, განცდების გაზიარება, ტირილი, ტაძარში სიარული, დამტვრევა და დალეწვა, თუ ამის საშუალება გაქვთ.

როდის და როგორ ებრძვის ნეგატივი ადამიანს ყველაზე მეტად?

დღესდღეობით  აღარავის უკვირს მოსახლეობაში ნევროზული ფონის მატება, მაგრამ რაც შეეხება ინდივიდუალურ ნეგატივს და აგრესიას,   მას ადგილი აქვს, მაშინ როდესაც სურვილი დიდია, თუმცა, მისი განხორციელების  ადამიანური და ფინანსური რესურსი – ნაკლები.
რა გავაკეთო? როგორ? სწორად ვიქცევი თუ არა? რომ არაფერი გამოვიდეს, მერე? ამგვარი კითხვები უსასრულოდ შეიძლება დაისვას, მაგრამ აქ აუცილებელი და სასურველია გარკვეული პოზიციების არსებობა, როგორც ზოგადად პრობლემურ სიტუაციებთან, ისე ადამიანებთან მიმართებაში. მაგალითად : მიუხედავად ყველაფრისა, ეცადე სიამოვნებით აკეთო შენი საქმე, არ მოგერიდოს საკუთარი აზრის გამოთქმა, დაიცავი სწორი კვების პრინციპები, ნუ დაიკლებ ძილს, ყველას და ყველაფერს სიყვარულით მოეპყარი, ხშირად მიეცი საკუთარ თავს ემოციური განმუხტვის საშუალება, უარი თქვი ისეთ ქცევაზე, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას შენს ჯანმრთელობას და სხვ. საინტერესოა ბრიტანელი მეცნიერების აზრი, რომლებიც პირდაპირ გვთავაზობენ ადამიანის ბედნიერების 10 წესს. ესენია: ქველმოქმედება, მეგობრებთან ურთიერთობა, სპორტი, ბუნებით ტკბობა, საკუთარ თავზე მუშაობა, მიზნის დასახვა და მიღწევა, საკუთარ შეცდომებზე სწავლა და ცხოვრებაზე პოზიტიური შეხედულება.

ძირითადად რომელ ასაკში ჭარბობს ადამიანში არაპოზიტიური განწყობა?

სავარაუდოდ არაპოზიტიური განწყობა ადამიანს ეუფლება ე.წ. საშუალო ასაკში, როდესაც ადამიანები კრიტიკულად აანალიზებენ და აფასებენ ნახევრად განვლილ ცხოვრებას, თანაც ამ ასაკში თავს იჩენს ისეთი ნორმატიული ასაკობრივი ფაქტორები — როგორიცაა ნაოჭები, ჭაღარა, მენოპაუზა და სხვ, რაც, შეიძლება თავისთავად გახდეს კრიზისის დაწყების მიზეზი. ამავე დროს ჩნდება კითხვა – ეს არის ,,გაფურჩქვნის“ ასაკი თუ დასასრულის დასაწყისი?

რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?

არა, არა და არა ნეგატიურ განწყობას, სევდას, დეპრესიას, შფოთვას, აპათიას და ა.შ. მე მესმის, რომ მარტივია მითითებები მისცე გნებავთ გაზეთის ფურცლებიდან, გნებავთ ტელეეკრანიდან, მაგრამ სანამ ადამიანს უფლისგან ნაბოძები სიცოცხლე აქვს, მას არცერთ შემთხვევაში არა აქვს დანებების უფლება. დავესესხები პატრიარქს, რომელიც ამბობს: ,,ჩიხი არ არსებობს“. რა თქმა უნდა, მართლაც,  ჩიხი არ არსებობს, კარი თუ იკეტება, ფანჯარა რჩება და თუ მაინც, არ მეძლევა ის, რაც ვითხოვე  ე.ი. არც არ არის საჭირო. მიხვდით ალბათ საით მიმყავს საუბარი. ეს არის მიმღებლობა და მზაობა უფლისგან გამოგზავნილი განსაცდელებისა, რომელიც თუ არ მკლავს, აუცილებლად მაძლიერებს.  გახსოვდეთ, თქვენ ნამდვილად იმსახურებთ ბედნიერებას და სურვილის და ძალისხმევის შემთხვევაში, თქვენ მას აუცილებლად, აუცილებლად მიაღწევთ. თითოეულ ჩვენგანს ხომ საკუთარი ევერესტი გვაქვს დასაპყრობი. ასე რომ, წინ, წარმატებებისაკენ!!!

 

 

ავტორი: ნინი მაჭავარიანი