25/09/2017 – 10:11
მთავარი ალექსანდრე ჭელიძის ბლოგი

„წმინდა“ სანი ბოი

ვილი მილერი, იგივე სანი ბოი ვილიამსონი ჩემთვის წვიმის კაცია, თუმცა ამას არანაირი კავშირი აქვს ცნობილ ფილმთან „წვიმის კაცი“, სადაც დასტინ ჰოფმანი გენიალურად თამაშობს, უბრალოდ სანი ბოი და მისი ბლუზი ჩემთვის წვიმიდან მოდის. ძალზე სუბიექტური და ინტიმური განცდააალბათ, პირველად მისი ჩანაწერი ამ რამდენიმე კვირის წინ მოვისმინე keep it to yourself. წვიმიანი საღამო იყო,  გარეთ ცრიდა. გაზაფხულის წვიმაში გამლხვალი ატმოსფერო. სახლში ვბრუნდებოდი და ცოტა დავსველდი.. ყავა ავიდუღე, სიგარეტს მოვუკიდე და ფეისბუქის ნიუსებს ჩავუყევი, ერთ-ერთ ფრენდს ჰქონდა გაზიარებული სანი ბოის ეს სიმღერა. სცენაზე გამოდის ხანშისესული კაცი, თავზე შლიაპა ახურავს და ხელში ქოლგა უჭირავს. მორიდებულად უხდის მადლობას მსმენელებს and this time ladies and gentlemen.. keep it to yourself… მჟღერი, ოდნავ ხრინწიანი ბანი აქვს, მერე რუდუნებით, მოწიწებით იღებს ქურთუკის ჯიბიდან ჰარმონიკას, თითქოს რაღაც წმინდას ეხება და დაკვრას იწყებს… იმ წამს გავიფიქრე ეს კაცი ნამდვილი წმინდანია მეთქი, ჩუმი წმინდანი… მერე გავიგე რომ მილერი, თურმე მოძღვარი ყოფილა ახალგაზრდობაში, მისი  კი ბლუზი კი საერო და სასულიერო თემებს აერთიანებს.

ბიოგრაფიული ცნობები სანი ბოის შესახებ ძალიან მწირია, იგი ცნობისმოყვარე რეპორტიორებს სხვადასხვაგვარად უყვებოდა თავისი წარსულის შესახებ, ასე რომ სანი ბოის ახალგაზრდობა ერთგვარი მითია, ყოველ შემთხვევაში, გაზვიადების გარეშე შეიძლება თქვას, რომ ბუნდოვანებითაა მოცული.  ის არ უნდა აგვერიოს მოერე სანი ვილიამსონში, რომელიც ასევე ჰარმონიკაზე უკრავდა. რატომ აირჩია ვილი მილერმა მაინცადამაინც ეს ფსევდონიმი? ეს მისი პირადი საიდუმლოა. სანი ბოი იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის, ვის ცხოვრებასაც ალბათ მუსიკით უნდა ჩავწვდეთ, რადგან ფაქტები  ცოტას თუ გვკარნახობენ. ვიღაცისთვის მისი მუსიკა წვიმიდან მოდის, სხვისთვის ის უბრალოდ მაგარი ტიპია. სანი ბოის ბლუზი უშუალოა. ის ადგილს გვიტოვებს ჩვენი ფანტაზიისთვის და ამით მის პიროვნებას არაფერი აკლდება.

„რელიგიური“ და „დემონური“ მუსიკის დიქოტომია მილერის მუსიკაში ერთგვარი მეინსტრიმია. მაგალითად, ავიღოთ თუნდაც მისი “Eyesight  To The  Blind”, მილერი გვიყვება პატარა გოგოზე, რომელიც ალბათ მილიონერის შვილია, ყოველ ჯერზე როცა კი ვინმეს შეიყვარებს, ბრმებს თვალის ჩინი უბრუნდებათ და მუნჯი ლაპარაკს იწყებს (ყრუ-მუნჯების და ბრმების განკურნება წმინდანებს შეუძლიათ, დამეთანხმებით, ეს სიმბოლური კავშირი არაა რთული შესამჩნევი). არადა მთელმა შტატმა იცის, თუ როგორი ლამაზია პატარა გოგო. ამ მეტაფორაში მთხრობელი ისევეა „შეპყრობილი“ სულიწმინდით, ისეთივე ნეტარებას განიციდს, როგორც ალბათ ორგაზმის დროს. სექსი და სულიწმინდა ერთ სიმღერაშია, ერთ ტექსტში. სანი ბოისთვის ეს ხსნის გზაა.  თუმცა თავისი კარიერის ბოლოს მილერისთვის სექსი სხვა სიმბოლურ დატვირთვას იძენს, სექსი ისევე როგორც ღვთისმოსაობა შეიძლება ხსნაც იყოს და წყევლაც, სასჯელიც. სანი ბოი გაორებულია, სინამდვილეშიც ხომ ორი სანი ბოი ასრულებდა ბლუზს, ორივე ჰარმონიკაზე უკრავდა. ეს ბორხესისეული მეტაფორაა, რომელიც ალბათ შორს წაგვიყვანს. ამჯერად მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოვიფარგლები.

„ბლუზი – ეს სახლში დაბრუნებაა“. ყველას გირჩვეთ უყუროთ სკორსეზეს ამ მართლაც შესანიშნავ დოკუმენტურ ფილმს ბლუზის ისტორიაზე. 1963 წელს დანიაში მიცემულ ინტერვიუში მილერი ამბობს: „1897 წელს დავიბადე, პატარა ქალაქ გლენდორაში, მისისიპიში… რამდენიმე წლის შემდეგ კვალვ ვუბრუნდები შტატებს…“ თავისი პოპულარობის მწვერვალზე იყო, საერთაშორისო წარმატებას მიაღწია, და ბოლოს მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა, არკანზასში, რომ სიცოცხლის უკანასკნელი რამდენიმე დღე მისისიპიზე გაეტარებინა.

სანი ბოი ვილიამსონის შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრში ბლუზის განვითარებაზე. ეს უბრალოდ სტანდარტული ფრაზაა, ინფორმაციული ჩარჩო, რომელსაც შესაძლოა შეავსებს თქვენთვის ეს ჩანაწერი:

 

 

თავით-ფეხებამდე შავი ტყავის სამოსში გამოწყობილი მამაკაცი ზღვის ნაპირას დგას, მზეს აჰყურებს და ამბობს: მე მინდა ვიცოცხლო! მისი ნიღაბი სადომაზოხისტის ჩაცმულობას ჰგავს ერთი შეხედვით. თუმცა საქმე გაცილებით რთულადაა, ფილმის მთავარ გმირს რიკის (რომელსაც ბრედ პიტი თამაშობს) უკურნებელი სენი სჭირს – კანის ძალზე იშვიათი დაავადება, რომელიც სასიკვდილო შეიძლება აღმოჩნდეს. რიკის ტყავის ვიწრო ნიღაბი მზის სხივებისგან იცავს, მზის სხივები სასიკვდილოა მისთვის. რეჟისორი ბიჟიდარ ნიკოლიჩი თითქმის ნახევარი ფილმის მანძილზე არ გვაჩვენებს მთავარი გმირის სახეს, საბოლოოდ კი ვიღებთ საოცარ ეფექტს; რიკი ნიღაბს იხსნის დღის შუქზე, სარკის წინ დგას და აცრემლებული თავის თავს პირველად ხედავს სარკეში. რამ აიძულა მას ასეთი ნაბიჯის გადადგმა? რიკი ხვდება მოხეტიალე დასის მსახიობს ფრენსისს და ერთი ნახვით შეუყვარდება იგი. ფრენსისიც არაა მისდამი გულგრილი. იგი მოხიბლულია ნიღბიანი მოტოციკლისტით, რომელსაც კარნავალზე გაიცნობს. არადა ნიღაბი რიკის ბნელი მხარეა, მისი საკანია, „მზესაც ხომ შეიძლებ ჰქონდეს ბნელი მხარე“. ფრენსისს ნიღბიანი რაინდი უყვარს, რომელიც ედგარ ალან პოს სიტყვებით ესაუბრება („მე ბავშვობიდან, ყველაფერს სახვაგვარად ვხედავდი…“), ნამდვილი რიკი მისთვის მხოლოდ მეგობარია…

ფილმის მანძილზე არაერთხელ ისმის ბახის გენიალური ოპუსი, ორმაგი სავიოლინო კონცერტი. არსებობს ამ ნაწარმოების შესანიშნავი ჩანაწერი, სადაც იაშა ხეიფეცი ვიოლინოს ორივე პარტიას თავად ასრულებს. არ ვიცი ფილმის რეჟისორს რამდენად ჰქონდა ეს ჩანაწერი მოსმენილი, მაგრამ მუსიკალური მეტაფორა, თუ მინიშნება ძალიან ზუსტი კი გამოუვიდა, თუნდაც ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევა იყოს. ფილმის მთავარი გმირი, ხომ რიკიცაა და ნიღბიანი რაინდიც, ისევე როგორც  ხეიფეცი ასრულებს ვიოლინოს ორივე პარტიას.

საბოლოოდ ფრენსისი გაიცნობს ნამდვილ რიკის, თუმცა დრო თითქმის აღარ რჩება… ფილმი ნამდვილად დრამატულია, ისევე როგორც მისი შექმნის პროცესი.  გადაღებები 1988 წელს დაიწყო, თუმცა ყოფილ იუგოსლავიაში ომის დაწყების გამო, გარკვეული ხნით შეჩერდა, საბოლოოდ ფილმი დღის სინათლეზე მხოლოდ წლების შემდეგ გამოჩნდა, ისევე როგორც რიკ კლეიტონი.

აქვეა მცირე ფრაგმენტები ფილმიდან. დასაწყისში ბახის ორმაგი სავიოლინო კონცერტიც ისმის.