მთავარი პოლიტიკა მარიამ ქობულია: ,,დიახ, ბატონო პრემიერო თქვენ ნამდვილად დიდი გამოწვევის წინაშე დგახართ”

მარიამ ქობულია: ,,დიახ, ბატონო პრემიერო თქვენ ნამდვილად დიდი გამოწვევის წინაშე დგახართ”

0 36906

,,საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მარიამ ქობულია, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით საჯაროდ მიმართავს.

,, ბატონო მამუკა, იძულებული გავხდი ასე საჯაროდ დამეფიქსირებინა ჩემი პოზიცია იმ შეუქცევად პროცესთან დაკავშირებით, რომელიც მარიხუანას ლეგალიზაციას და კულტივაციას მოყვება.  თავს უფლება მივეცი დამეფიქსირებინა ათასობით ადამიანის აზრი, რომლებმაც თავიანთი პოზიცია ყველაზე მშვიდობიანი, იურიდიული გზით დააფიქსირეს იმ ფურცლებზე,  რომლებსაც ვაგროვებდით საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად, მაგრამ არ დაგვცალდა. თქვენ ალბათ ფლობთ სტატისტიკას, მსოფლიოს  წამყვან ქვეყნებში რა ფორმით არის მარიხუანა დაშვებული, ასევე დარწმუნებული ვარ დაინტერესდებოდით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პოზიციით და  საქართველოს ჯანდაცვის  სამინისტროს რეკომენდაციით, რომლებიც უფრო კომპეტენტურები არიან მსგავსი საკითხების შეფასებაში, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, არათუ არსებული ინფორმაციის გათვალისწინება მოხდა, არამედ კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობისთვის განწირული აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობა. ამ ქვეყანაში თითოეული საღად მოაზროვნე ადამიანი აცნობიერებს იმას, რომ მარიხუანას გამო ციხეში ადამიანები არ უნდა ხვდებოდნენ, ამაზე ისედაც ვთანხმდებოდით მთელი ერი, მაგრამ დეკრიმინალიზაციის ფარგლები საკმარისი იყო იმისთვის, რომ კონკრეტული ადამიანები ციხეში არ მოხვედრილიყვნენ. მაშინ რა საჭირო იყო ლეგალიზაცია? თუ თქვენი პასუხი იქნება, რომ აი, თავისუფალია ჩვენი სასამართლო არც საპარლამენტო და არც აღმასრულებელი ხელისუფლება არ ერევა, ვერ დამაჯარებთ და არც არავინ დაიჯერებს, რომ ეს იყო უბრალოდ ორი მოსამართლის გადაწყვეტილება, ისე რომ ხალხის პოზიცია მაქსიმალურად უგულებელყოფილი ყოფილიყო.

არცერთ  განვითარებულ ქვეყანაში, მსგავსი ინიციატივები არ მიიღება საზოგადოების ჩარევის გარეშე, ხოლო საზოგადოება მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკოსები არ არიან ბატონო მამუკა და ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ყოველ დღე ტელევიზიით ვერ აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას, მაგრამ გააჩნიათ საკუთარი აზრი. დემოკრატიული პრინციპი ითხოვს, რომ გათვალისწინებული იყოს საზოგადოების უმრავლესობის აზრი და თუ ამ პრინციპს ხელისუფლების უმრავლეოსობა უარყოფს, მაშინ ლოგიკურად უნდა უარვყოთ დემოკრატიაც. მაშინ დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი და გვეცოდინება, რომ ჩვენ ვართ სრულიად უუნაროები, რომ ჩვენს ხმას არ გააჩნია ძალა, რომ სისულელეა არჩვენებიც და ამავე ლოგიკას თუ გავყვებით ლეგიტიმაციის გარეშე რჩება  საპარლამენტო უმრავლესობის იდეაც, რადგან თუ უმრავლესობას ძალა არ აქვს, მაშინ რა საჭიროა ის.

პოლიტიკური პასუხისმგებლობა დღეს თქვენ გეკისრებათ და არა რომელიმე ოპოზიციურ პარტიას, ამიტომ თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ მარიხუანასთან დაკავშირებული საკითხი არის თქვენი გამოწვევა, შესაბამისად ეს იქნება არა ორი მოსამართლის გადაწყვეტილება არამედ ხელისუფლების  პირდაპირი სიგნალი, რომ როდესაც რამეს დააყენებთ დღის წესრიგში, მიიღებთ საზოგადოების გვერდის ავლით. ამასთანავე მიჩნდება ლოგიკიური კითხვები კონკრეტულ სპეცოპერაციებთან დაკავშირებით, რომელიც თითქოს ნარკოტიკების წინააღმდეგ იყო მიმართული, მალევე წამოწყებული და განეიტრალებული საპროტესტო აქციები და  მთელი ხელისუფლების ფორსმაჟორული დღის წესრიგი, ნარკო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით.

ასევე შეგახსენებთ, თქვენც და თქვენს პოლიტიკურ გუნდსაც, ზუსტად ჩემი და ჩემი თაობის წყალობით ხართ დღეს ხელისუფლებაში, 2012 წელს გარეთ ჩვენ გამოვედით, როდესაც ციხეში არსებული სიტუაცია ათიათასობით სტუდენტმა გავაპროტესტეთ და სწორედ  მე ვიდექი იმ სტუდენტების წინ  და უდიდესი ბრძოლის ფასად  დაგვიჯდა თითოეულ ჩვენგანს მშვიდობიანად წარმართულიყო ყველაფერი და ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ ბედავდა მოახლოებასაც კი, იმდენად მტკიცე პოზიცია გვქონდა.

ამ გამოწვევის სწორად წარმართვის შესაძლებლობა დღეს საპარლამენტო უმრავლესობას შეუძლია, ამიტომ  ეს საკითხი როგორც დასრულდება  ისეთი იქნება თქვენი პოლიტიკური განაჩენიც. თქვენ გააკეთეთ არჩევანი როგორი ახალგაზრდობის პრემიერი გინდათ იყოთ, ჯანმრთელების და საღად მოაზროვნეების, თუ გონება დაბინდულების, რომლებსაც არანაირი პერსპექტივა არ ექნებათ ცხოვრებაში და ისინიც ჩვენი ძმები და დები იქნებიან დაღუპვისთვის განწირულები.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია ლეგალიზაციასთან და კულტივაციასთან დაკავშირებით, მაგრამ მოხდა ამ გადაწყვეტილების დამახინჯება კონკრეტული ჯგუფების მიერ, შესაბამისად საზოგადოება არ ფლობს ამომწურავ ინფორმაციას თუნდაც ამ გადაწყვეტილების შესახებ და ესეც ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხია. ოპოზიციას ხომ ვერ დავაბრალებთ რატომ არ არის ხალხი ინფორმირებულიო, თუმცა როგორი ინფორმირებაც არ უნდა მოხდეს უკვე საზოგადოების, მკაფიო პოზიცია აქვს სამოქალაქო სექტორს, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს , რადგან ეს ვალდებულებაა.

თქვენ, როდესაც კონკრეტული ესკორტით გადაადგილდებით, ეტყობა ვერ ხედავთ რა ხდება ქუჩებში, ბაღებში და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, არასრულწლოვანებისთვის როგორ გახდა უკვე ხელმისაწვდომი ეს ყველაფერი, სხვადასხვა კლუბებში კი კვლავ კანფეტებივით იყიდება კლუბური ნარკოტიკი.

ჩემი კოლეგა გიორგი სანაიაც სწორედ ამ ბიზნესს – წილების გადანაწილებას შეეწირა თავის დროზე და დიდი ხანია ეს ტრანზიტული ხაზი საქართველოში არსებობს, ამიტომ თუ თქვენივე ინტერესი არაა ამ ყველაფერში ეს გამოჩნდება, ხოლო თუ არის მეტი რაღა უნდა დავკარგოთ? თუ ხალხის აზრს ხაზს გადაუსვამთ, ხალხიც იგივენაირად მოიქცევა და მერწმუნეთ როგორც 2012 წელს პრინციპულად არცერთი ნაბიჯით არ დაგვიხევია უკან 6 წლის შემდეგაც არ გაგვიჭირდება, რადგან ვაზროვნებთ, მაშასადამე ვარსებობთ. რახან იურიდიული გზით არ მოგვეცა შესაძლებლობა დაგვეცვა ჩვენი პოზიცია, მთელი ახალგაზრდობა გარეთ გამოვა, როგორც მაშინ 2012 წელს და აუცილებლად კონკრეტული ცვლილებებით დასრულდება.

ჩვენ გვერდით დავუდგებით ჩვენს ეკლესიას და თუ ისინი ჩვენს წინ დადგებიან აუცილებლად ზურგს გავუმაგრებთ და თუ ჩვენს ზურგს უკან იდგებიან გადავეფარებით.

ასევე საჯაროდ გამოვიდეს ყველა ის პარლამენტარი თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი ვინც იღებს პასუხისმგებლობას ამ საკითხზე და  თუ ეყოფა ვინმეს ვაჟკაცობა თქვას რომ პასუხს აგებს შედეგებზე. სახელმწიფოებრივად იმოქმედეთ, ჯერჯერობით ამის თეორიული შანსი არსებობს, სხვა შემთხვევაში  სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს ვიბრძოლებთ ბოლომდე, ჩვენს თაობას ერთი კარგი თვისება აქვს, სადაც დაინახავს რომ ქვეყნას უჭირს იქ დგას და საქმეს აკეთებს.

ჩვენ გვინდა პროგრესი, წინსვლა, განათლება, განვითარება და მსგავს ინიციატივას ყოველთვის მხარს დავუჭერთ და პირიქით თქვენს გვერდით ვიქნებით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას თუ ექნება ადგილი, პირველი მე შემოგიერთდებით, მაგრამ ამის ნაცვლად თქვენივე მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი აპირებს იყოს დესპანი საზოგადოებაში, რათა უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს ჩვენს თანამოქალაქეებს მარიხუანას პლანტაციების შესახებ და ბოლოს, სირცხვილია საჯაროდ მარიხუანას ლეგალიზაციის საკითხზე რომ მოგმართავთ  და არა რაიმე საამაყო ინიციატივაზე, ვისურვებდი  პროგრესზზე გიხდიდეთ  მადლობას ვიდრე , ჩემს ენერგიას, განათლებას, დროს და პერსპექტივას  მარიხუანას ლეგალიზაცის წინააღმდეგ ბრძოლაში ვატარებდე, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად.

იმედს ვიტოვებ, საზოგადოების სასრგებლოდ გადაწყდება ეს საკითხი და სამომავლოდ უფრო კარგი ინიციატივის მხარდამჭერი იქნება ქვეყნის უმრავლესობა და ამ ბრძოლაში თითოეული ჩვენგანი ჩვენს აგურს აუცილებლად დავდებთ”.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი