მთავარი საზოგადოება უცხოელებზე 80 000-ზე მეტი ბინადრობის მოწმობაა გაცემული

უცხოელებზე 80 000-ზე მეტი ბინადრობის მოწმობაა გაცემული

2012-2017 წლებში სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე გაცემული ბინადრობის მოწმობა 71 681 იყო.
როგორც “კვირის პალიტრის” დღევანდელ გამოცემაშია ნათქვამი, არსებული ცნობით, 2018 წელს ზემოხსენებულმა რიცხვმა 80 000-ს გადააჭარბა, თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციით, შესაძლოა, 100 000-ზე მეტი იყოს.
2012-2016 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 34 024 უძრავი ქონება აღირიცხა. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ინფორმაციით კი საქართველოში უძრავ ქონებას 53% რუსი, 5% უკრაინელი, 5% სომეხი, 5% აზერბაიჯანელი და 4% ისრაელის მოქალაქე ყიდულობს.
გამოცემის ცნობით, უცხოელებისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი იცვლება და მნიშვნელოვნად რთულდება. ცვლილებების შეტანა “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში იგეგმება. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია, დეპუტატებს – გოჩა ენუქიძესა და ივლიანე წულაიას ეკუთვნით. დღეს მოქმედი კანონით, პირზე ბინადრობის ნებართვა გაიცემა მის მიერ არანაკლებ 300 ათასი ლარის ინვესტიციის დაბანდების საფუძველზე, ან საქართველოს ტერიტორიაზე უძრავი ქონების საკუთრებაში ქონის შემთხვევაში, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. ცვლილებების თანახმად, ნებართვის მიღების საფუძველი ჩვენს ქვეყანაში 300 ათასი დოლარის ინვესტირება ან უძრავი ქონების ფლობა გახდება, რომლის ღირებულებაც 100 ათასი აშშ დოლარს აღემატება. ამის გარდა, პროექტის მიხედვით, ინვესტორზე თავიდანვე მუდმივი ბინადრობის ნებართვა აღარ გაიცემა, მანამდე ინვესტორმა ჯერ 5 წლის ვადით, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უნდა მიიღოს.
კანონპროექტის ავტორების აზრით, ბინადრობის მოწმობის მისაღებად, კანონი საკმაოდ დაბალ თანხობრივ ცენზს აწესებს, რაც დღევანდელ რეალობაში და მიგრაციის არსებული დონის გათვალისწინებით, რაციონალურ მინიმალურ ზღვარზე უფრო დაბალია. ეს კი მათი შეფასებით, ხელს უწყობს არა იმდენად ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების (ძირითადად, მატერიალურ სიდუხჭირეში მყოფი პირების) მასობრივ მიგრირებას.
“კვირის პალიტრის” ინფორმაციით, შრომითი ნებართვების დიდი ნაწილი თურქეთის, ინდოეთის, ჩინეთის, უკრაინის და ირანის მოქალაქეებზეა გაცემული. მუდმივი ცხოვრების ნებართვებს, ძირითადად, აზერბაიჯანის, რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის მოქალაქეები იღებენ. სასწავლო ნებართვების დიდი წილი ინდოეთის, ერაყის, ნიგერიის, აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეებზე მოდის, ხოლო ოჯახის გაერთიანების მიზნით,ბინადრობის ნებართვები გაცემულია აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთის, უკრაინისა და თურქეთის მოქალაქეებზე.
2012-2016 წლებში არ დაკმაყოფილდა მხოლოდ 9 408 პირის განაცხადი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, რაც ჯამში, შესული განცხადებების დაახლოებით 12%-ია.
აღნიშნული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი – ილია წულაია აცხადებს, რომ ახალი რედაქციით, ინვესტირების შემდეგ, ბინადრობის მოწმობა გაიცემა მხოლოდ 5 წლით და არა მუდმივად.
“ასევე, ვცვლით საინვესტიციო ბინადრობის მოწმობის მოპოვების წესებსაც. მოქმედი კანონმდებლობით, თუ 300 ათასი ლარის ინვესტიციის საფუძველზე გაიცემა მუდმივი ბინადრობის მოწმობა, ეს ზღვარი 300 ათას დოლარამდე გავზარდეთ და კონტროლის მექანიზმი ჩავდეთ, რომ ეს იყოს რეალური ინვესტიცია და არა ბანკში ფორმალურად თანხის გადმორიცხვა. ასეთი რამ რომ არ მოხდეს, ინვესტირების შემდეგ, გაიცემა მხოლოდ 5-წლიანი და არა მუდმივი ბინადრობის მოწმობა, ასევე, ინვესტორს ყოველწლიურად ექნება ვალდებულება, რომ არანაკლებ 120 ათასი ლარის ბრუნვის დოკუმენტი წარადგინოს საგადასახადო სამსახურიდან, იმის დასტურად, რომ ფული ნამდვილად ბიზნესში აქვს დაბანდებული. თუ ამ დოკუმენტს ვერ წარადგენს, მისი ბინადრობის მოწმობა გაუქმდება”,-აცხადებს ილია წულაია “კვირის პალიტრასთან” საუბრისას.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი