მთავარი უცხოეთის ამბები საბერძნეთში, ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთში, ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთში საქართველოს ელჩის, იოსებ ნანობაშვილის განცხადებით, საბერძნეთში დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც ადგილობრივმა პოლიციამ ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავა. მისივე განმარტებით, საბერძნეთის პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით, დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის, საქართველოს მოქალაქე. თუმცა, ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეს საპატიმროში ამ დრომდე არ შეხვედრიან.
გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქე ნინო ინაიშვილია, რომელიც საქართველოდან საბერძნეთში 12 წლის წინ გაემგზავრა და იქ საქმიანობდა. ის თბილისში ცხოვრობდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში, კერძოდ, ხალკიდაში, პოლიციის თანამშრომლებმა ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის ფაქტი გამოავლინეს. საერთო ჯამში, დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების 9 წევრი. მათი უმრავლესობა ბულგარეთის მოქალაქეა, ერთი კი ქართველია.
მყიდველებსა და გამყიდველებს შორის შუამავლის როლი 40 წლის ქალმა შეასრულა და საბოლოოდ, შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, 4 დღეში პატარა გოგონა 18, 000 ევროდ გაიყიდებოდა. 40 წლის ქალმა შეხვედრა ატიკის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ ბინაში დანიშნა, რათა ბავშვი წაეყვანათ.
აღმოჩნდა, რომ ორმა ქალმა, რომელთაგან ერთი – 29 წლისაა და მეორე – 38 წლის, ახლახან იმშობიარეს, ხოლო კიდევ ერთი, 34 წლის ქალი კი ამჟამად ორსულად არის. ორმა ქალმა ახალშობილები გაყიდა, ხოლო 34 წლის ქალი, დაბადების შემდეგ, საკუთარ შვილსაც იმავეს უპირებდა. პოლიციამ ისინი ადგილზე დააკავა.
საერთო ჯამში, 9, 025 ევრო ამოიღეს. მიმდინარეობს გამოძიება. სამართალდამცველები ადგენენ, ჰყავთ თუ არა გაყიდული დაჯგუფების წევრებს სხვა ბავშვებიც.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი