მთავარი უცხოეთის ამბები მექსიკური კარტელები და დაუნდობელი ბრძოლა ნარკოდოლარებისათვის

მექსიკური კარტელები და დაუნდობელი ბრძოლა ნარკოდოლარებისათვის

მექსიკაში ნარკოვაჭრობა კვლავ მტკივნეულ პრობლემად რჩება. 2006 წლიდან მოყოლებული დღემდე ბრძოლას ერთის მხრივ, თავად ნარკოკარტელებს და მეორეს მხრივ, კარტელებსა და სახელმწიფოს შორის 200 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა, 30 ათასი კი დაკარგულად ითვლება. განსაკუთრებით სასტიკი ბოლო 2017 წელი გამოდგა – 25 ათასი ადამიანი იქნა მოკლული გასულ წელს. პრობლემის მოგვარება პრეზიდენტებისა და პოლიტიკის შეცვლით ვერ ხერხდება. ქვეყანაში არსებული სიღარიბე, მაღალი დონის კორუფცია და დაუსჯელობის სინდრომი შეუძლებელს ხდის ამ სასტიკი დანაშაულებრივი ორგანიზაციების ერთხელ და სამუდამოდ დამარცხებას. სამართალდამცველებისა და სახელმწიფო მოხელეების გარდა სისტემატურად ხდება ჩვეულებრივი აქტივისტებისა და ჟურნალისტების მკვლელობა.
დღეისათვის მექსიკურ კარტელებს შორის სიძლიერით ორი მათგანი გამოირჩევა:
სინალოას კარტელი – დაარსდა ჯერ კიდევ 1980-იან წლებში. მისი დაუნდობელი ბოსის ხოაკინ გუზმანის იგივე ,,ელ ჩაპოს’’ ხელმძღვანელობით ეს კარტელი დიდი ხნის მანძილზე დომინირებდა მექსიკის ნარკოინდუსტრიაში. 2017 წელს ,,ელ ჩაპოს’’ დაპატიმრების და აშშ-ში ექსტრადირების შემდეგ კარტელი შედარებით დასუსტდა, დაიწყო ბრძოლა ძალაუფლებისათვის მის შვილებსა და თანაშემწეებს შორის. თუმცა იგი დღემდე აკონტროლებს მექსიკის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიის დიდ ნაწილს, რომელიც აშშ-ს ესაზღვრება. გამომდინარე ამ ხელსაყრელი ტერიტორიული მდებარეობისა მათი შემოსავალი ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს შეადგენს.

ჯალისკოს ახალი თაობა – დაარსდა 2010 წელს. თავდაპირველად წარმოადგენდა სინალოას კარტელის სამხედრო ფრთას, თუმცა შემდეგ მათი გზები გაიყარა და დღეისათვის ამ ორ კარტელს შორის დაუნდობელი ბრძოლაა გაჩაღებული ბაზარზე კონტროლის დასამყარებლად და ხელსაყრელი ტერიტორიების ხელში ჩასაგდებად. გამოირჩევიან განსაკუთრებული სისასტიკით, მათ შორის სამართალდამცველებისა და საჯარო მოხელეების მიმართ. ჯალისკოს ახალი თაობის ბოსი რუბენ ოსეგუერა იგივე ,,ელ მენჩო’’ გამოცხადებულია მექსიკის სახელმწიფოს მთავარ მტრად და დაწესებულია ჯილდო 1 მილიონი დოლარი მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
რაც შეეხება სხვა ნარკოკარტელებს, აღმოსავლეთ მექსიკაში ოდესღაც მრისხანე ,,ლოს ზეტასი’’ და ყურის კარტელი ლიდერების დაპატიმრებითა და მკვლელობებით მნიშვნელოვნად დასუსტდნენ და დაიქსაქსნენ. ქვეყნის დასავლეთში ,,ჯვაროსანი რაინდებისა’’ და ,,ლა ფამილიას’’ კარტელებმაც კონკურენტების მხრიდან შევიწროებისა და ახალი დანაშაულებრივი ჯგუფების გამოჩენის გამო პოზიციები დათმეს. მექსიკის ჩრდილოეთით ხუარესის, ტიხუანას და ბელტრან ლეივას კარტელები მნიშვნელოვნად დასუსტდნენ სინალოას კარტელისგან განხორციელებული აქტიური თავდასხმებისგან და დათმეს კონტროლი გარკვეულ ტერიტორიებზე.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი