მთავარი საზოგადოება რა დარღვევები გამოვლინდა თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებში

რა დარღვევები გამოვლინდა თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებში

2017 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ჯამში მონიტორინგი ჩაუტარდა თანამდებობის პირთა 287 ქონებრივ დეკლარაციას. აქედან 284 შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩა, ხოლო 3 დეკლარაცია დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე. საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცემებით, მონიტორინგის შედეგად 224 დეკლარაცია უარყოფითად, ხოლო 56 დეკლარაცია დადებითად შეფასდა.

ბიუროს ცნობით, დეკლარაციების შემოწმების დროს უარყოფითად შეფასების საფუძველი შემდეგი ძირითადი დარღვევები გახდა: შეუსაბამობა უძრავი ქონების ფართებში (დეკლარანტს მითითებული აქვს დაახლოებითი ფართი და არა რეალური ფართი, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზებში); დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება, რომელიც რეგისტრირებულია ოჯახის წევრის სახელზე და არის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ცდომილება საბანკო ანგარიშების დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით ჩაწერილ ნაშთსა და საბანკო ამონაწერში დაფიქსირებულ ნაშთს შორის; დაუდეკლარირებელი საბანკო (დამხმარე) ანგარიშები; შეცდომით დაანგარიშებული მატერიალური შედეგები სასესხო ხელშეკრულებების შემთხვევებში; სამეწარმეო საქმიანობის შემთხვევაში, არ ფიქსირდება საწარმოების წილების ან/და ინდივიდუალური მეწარმეობის თაობაზე ინფორმაცია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საწარმო დაფუძნებიდან დღემდე ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს და ანაზღაურებადი საქმიანობის ნაწილში დარღვევები: ოჯახის წევრების შემოსავლების არდაფიქსირება ან განსხვავებული ოდენობით დაფიქსირება, წლიური შემოსავალის არასწორად/ზეპირად დაანგარიშება და არა დაწესებულების ბუღალტრისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დაბეგრილი (ხელზე მიღებული) შემოსავალის

 დეკლარირება დაუბეგრავის (დარიცხულის) ნაცვლად. ამასთან, საჯარო ბიუროს ინფორმაციით, დეკლარაციებში აღმოჩენილი დარღვევების გამო ზოგიერთი თანამდებობის პირები დაჯარიმდნენ. მათ შორის არიან: 6 მოსამართლე, პრეზიდენტის მრჩეველი; თბილისის საკრებულოს შემთხვევაში დაჯარიმდა – 1 პირი, გამგეობების თანამდებობის პირებიდან დაჯარიმდა 5 დეკლარანტი, თბილისის მერიის სსიპ-ების თანამდებობის პირებიდან კი 2 მათგანი დაჯარიმდა.
საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცემებით,დაჯარიმებულთა სიაში ასევე არიან: შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ გამეზარდაშვილი; 112-ის დირექტორი გიორგი ბიჭაშვილი; კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი; პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე; სემეკ-ის წევრი გოჩა შონია; ყოფილი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია; საკრებულოს წევრი გიორგი მუსხელიშვილი; სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ზამბახიძე, საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თამაზ ურთმელიძე.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი