მთავარი საზოგადოება ქართველი ერი გადაშენების პირას მყოფი ერების ხუთეულშია

ქართველი ერი გადაშენების პირას მყოფი ერების ხუთეულშია

ღესდღეობით დედამიწის მოსახლეობა 7 მილიარდ ადამიანს შეადგენს და საერთო ჯამში კიდევ უფრო იზრდება. გაეროს სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, დედამიწის მოსახლეობა 2050 წლისათვის 9.5 მილიარდ ადამიანს მიაღწევს. მოსახლეობის ზრდა ყველა ერს არ შეეხება და გარკვეულ ერებს გაქრობის საფრთხე ემუქრებათ.გამოიკვეთა 5 ქვეყანა, რომელთა მოსახლეობას სამომავლოდ კლების ტენდენცია ექნება და გაქრობის გზას დაადგება. ესენია: იაპონია, უკრაინა, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბულგარეთი და საქართველო.

მოსახლეობის შემცირების ყველაზე მზარდი დინამიკა იაპონიაში აღინიშნება. იაპონიის მოსახლეობა დღეს 126 მილიონია, ხოლო 2050 წლისათვის, 95 მილიონამდე შემცირდება. როგორც საიტი The Conversation იტყობინება, XXII საუკუნის ბოლოს – 10 მილიონამდე, 3000 წლისთვის კი 62 ადამიანი დარჩება.

შემაშფოთებელი დემოგრაფიული მდგომარეობაა ასევე ბულგარეთში, სადაც დაბალ შობადობას მაღალი ემიგრაცია ემატება და ქვეყნის გენოფონდს გადაშენების საფრთხე ემუქრება.2050 წლისათვის ბულგარეთში მოსახლეობის რაოდენობის კლება 5.8 მილიონამდეა ნავარაუდები.

ბოსნია-ჰერცოგოვინაში 2050 წლისათვის მოსახლეობის რაოდენობის 3 მილიონამდე კლებაა პროგნოზირებული.

გაეროს ბოლო პროგნოზების მიხედვით პოსტ საბჭოთა სივრცეში ყველაზე სავალალო მდგომარეობა უკრაინასა და საქართველოშია. 2050 წლისთვის უკრაინის მოსახლეობა 25%-ით შემცირდება, ხოლო საქართველოს მოსახლოება 17%-ით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თენგიზ ცეკვავამ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოში ჩატარებული აღწერისა და მოსახლეობის მკვეთრი კლების დინამიკის შესახებ ისაუბრა.

თენგიზ ცეკვავას განცხადებით, 2017 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით გაირკვა, რომ საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობამ შობადობას გადააჭარბა.

„2017 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით ჩვენ დავინახეთ, რომ შობადობა, ბოლო წლებთან შედარებით, პირველად ჩამორჩა გარდაცვალებას, ანუ გარდაცვლილთა რაოდენობამ გადააჭარბა შობადობას. ეს პროცესი არის სწორედ იმის გამოძახილი, რომ 90-იან წლებში შობადობამ იკლო და ის მოსახლეობა, ის ახალგაზრდები, რომლებიც ახლა ფერტილურ ასაკში შედიან და განსაკუთრებით ქალები, მათი რიცხვი ფაქტობრივად განახევრდა. თუ 80-იან წლებში დაიბადა დაახლოებით 450 ათასი ქალი საქართველოში, 90-იან წლებში დაბადებულ ქალთა რაოდენობა 230 ათასი იყო, ანუ განახევრდა და სწორედ ის ქალები, რომლებიც დღეს შედიან ფერტილურ ასაკში, სწორედ მათ მიერ გაჩენილი ბავშვების რაოდენობა დაიწყებს კლებას“,- განაცხადა თენგიზ ცეკვავამ.

მისივე განმარტებით, 1990-იან წლებში ჩატარებულ აღწერასთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობა 1.8 მილიონით შემცირდა.

„2014 წლის აღწერამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა 3.7 მილიონს შეადგენს, რაც 2002 წლის აღწერასთან შედარებით, მნიშვნელოვანი კლებაა, რადგან მაშინ 4.3 მილიონი დაფიქსირდა. კიდევ უფრო დიდი კლებაა 1989 წლის ბოლო საბჭოთა აღწერასთან შედარებით, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ 5.5 მილიონი შეადგინა. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, არის საბჭოთა კავშირის რღვევა, ასევე, ჩვენს ორ რეგიონში აფხაზეთისა და სამაჩაბლოში მიმდინარე პროცესები და ის დიდი მიგრაცია, რომელსაც ადგილი ჰქონდა 90-იან წლებში. შესაბამისად, ჩვენი შობადობის დონე უახლოეს წლებში შემცირდება სწორედ იმის გამო, რომ 90-იან წლებში გვქონდა დიდი ჩავარდნა.“, – აღნიშნა თენგიზ ცეკვავამ.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი