მთავარი საზოგადოება 2018 წლის 1 მაისიდან სიმაღლეზე მომუშავე ადამიანებს შესაბამისი სწავლების გავლა მოუწევთ

2018 წლის 1 მაისიდან სიმაღლეზე მომუშავე ადამიანებს შესაბამისი სწავლების გავლა მოუწევთ

2018 წლის 1 მაისიდან სიმაღლეზე მომუშავე ყველა თანამშრომელს საერთაშორისოდ აღიარებულ სასწავლო მოდულებზე დაფუძნებული შესაბამისი სწავლება უნდა ჰქონდეს გავლილი.
ამის შესახებ, „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ“ დამტკიცებულ მთავრობის ტექნიკურ რეგლამენტშია აღნიშნული.

რეგლამენტის თანახმად, სიმაღლეზე მომუშავეებს უნდა ჩაუტარდეთ სწავლება სიმაღლიდან ვარდნის დამცავი საშუალებების შესაბამის გამოყენებაზე. პროგრამა უნდა უზრუნველყოფდეს თითოეული დასაქმებულისათვის ვარდნის საფრთხის გამოცნობის შესაძლებლობას და უნდა მოიცავდეს ამ საფრთხის მინიმუმამდე შემცირების მიზნით აუცილებელ პროცედურებს.

ამასთან, დასაქმებულებს უნდა ჩაუტარდეთ სწავლება მათი ინდივიდუალური პასუხისმგებლობისა და მოვალეობების შესახებ; უბედური შემთხვევისას პირველადი დახმარების აღმოჩენის შესახებაც უნდა ჰქონდეთ სწავლება გავლილი.

ამასთან, რეგლამენტში გაწერილია თუ რა შემთხვევაში იქნება საჭირო განმეორებითი სწავლება.
„განმეორებითი სწავლება საჭიროა იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დასაქმებული არ არის ადეკვატურად გადამზადებული; თუ გამოვლინდა, რომ დასაქმებული არ იყენებს ან/და არასწორად იყენებს დამცავ საშუალებებს; აღმოჩენილია ახალი საფრთხე; მასიური უბედური შემთხვევის დროს; პერიოდულად, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე,“-აღნიშნულია რეგლამენტში.

ამასთან, ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, სწავლება/ტრენინგი/ინსტრუქტაჟი არანაკლებ სამ თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს.

„ყველა სწავლება უნდა იყოს დოკუმენტირებული და უნდა მოიცავდეს შემდეგს: განხილულ მოდულებსა და საკითხებს; სწავლების ადგილს; ტრენერის სახელს/გვარს; სწავლების თარიღს; სწავლების მონაწილეთა მონაცემებს; დასაქმებულის ხელმოწერას. დამსაქმებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ტრენინგების პროგრამის შემუშავება და განხორციელება თითოეული დასაქმებულისათვის, რომელსაც შესაძლოა დაემუქროს ვარდნის საფრთხე,“-ვკითხულობთ რეგლამენტში.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი