მთავარი სამართალი საქალაქო სასამართლო ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ სახალხო დამცველს განცხადებით პასუხობ

საქალაქო სასამართლო ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ სახალხო დამცველს განცხადებით პასუხობ

0 113

თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგებში, მიუხედავად სასამართლო ინსტიტუციის მიმართ გამოთქმული პატივისცემისა, რომ დოკუმენტში არ განხილულა საქმეზე მტკიცებულებათა გაზიარების მიზანშეწონილობა და განაჩენის დასაბუთებულობის შინაარსი, უჩა ნანუაშვილი გასცდა მისი კომპეტენციის ფარგლებს და მეტიც, სამართლებრივ საფუძველს მოკლებული შეფასებები გააკეთა. სახალხო დამცველი, პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებულობის თაობაზე, მსჯელობაში შევიდა და მიიჩნია, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას, გონივრულად წარმოშობილი ეჭვი, მოსამართლის მიერ ბრალდებულის საწინააღმდეგოდაა გადაწყვეტილი, რაც არაკონსტიტუციურია.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებას იღებს, ფაქტობრივი გარემოებების შეფასების, ასევე საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. არავის აქვს უფლება, მოსამართლეს მოსთხოვოს ანგარიში ან მიუთითოს, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე.
მოსამართლისგან განსხვავებით, სახალხო დამცველი არ არის უფლებამოსილი, საკუთარი შეხედულებები და შეფასებები თავს მოახვიოს საზოგადოებას და იმსჯელოს მასზე, როგორც ობიექტურ რეალობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომებს არა პირადად, არამედ მისი წარმომადგენელი ესწრებოდა.
სახალხო დამცველისაგან სასამართლოს განაჩენსა და სხდომათა სრულად დახურვის საკითხზე მსჯელობა უხერხულია მაშინ, როდესაც იგი ისე ასრულებს უფლებამოსილების ვადას, რომ ვერ განსაზღვრა სახალხო დამცველის საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლები. გამოქვეყნებული 16 გვერდიანი, სამართლებრივად უსუსური ანგარიში, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უჩა ნანუაშვილი სასამართლოს კომპეტენციაში იჭრება და სუბიექტური მოსაზრებებით და პოპულისტური განცხადებებით საზოგადოების დეზინფორმირებას ცდილობს“ – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი