მთავარი პოლიტიკა გიორგი კვირიკაშვილი: გმირმა სპეცრაზმელებმა გაანეიტრალეს ის საფრთხე, რომელიც შეიძლება ცუდი შედეგით დასრულებულიყო

გიორგი კვირიკაშვილი: გმირმა სპეცრაზმელებმა გაანეიტრალეს ის საფრთხე, რომელიც შეიძლება ცუდი შედეგით დასრულებულიყო

0 193

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც დაჭრილი სამართალდამცველები მოინახულა განაცხადა, რომ ქალაქში გადაადგილება უსაფრთხოა და ამ კუთხით რაიმე შიშის საფუძველი არ არსებობს.
მან დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა და საზოგადოებას გარკვეული სპეკულაციებისგან თავის შეკავება სთხოვა.
„როგორც იცით, დასრულდა სპეცოპერაცია. სამწუხაროდ, გვყავს მსხვერპლი – სპეცრაზმის ერთი თანამშრომელი დაიღუპა.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივუსამძიმრო ოჯახს. ეს ადამიანი ნამდვილად გმირია. დანარჩენი ბიჭები კი მკურნალობენ, – მოგეხსენებათ, სამი დაჭრილია. მინდა მათ ვუსურვო გამოჯანმრთელება.
პოლიტიკოსები თუ ექსპერტები გამოთქვამენ სხვადასხვა მოსაზრებას. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ასეთ სიტუაციებში არ არის გამართლებული ასეთი ტიპის სპეკულაციები და მე მგონი, უნდა იყოს რაღაც მომენტი, როცა ჩვენ ყველანი ერთად დავდგებით. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ამას გაითვალისწინებენ. რა თქმა უნდა, შეკითხვები შეიძლება დაისვას.
ბუნებრივია, არსებობს ინსტიტუციური ფორმატები, რომლებშიც ამ კითხვებს პასუხი გაეცემა, მაგრამ არ შეიძლება ასეთი დონის საჯაროობით, ასეთი ტიპის ოპერაციების დეტალებზე საუბარი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და არანაირი საფუძველი იმის, რომ რამე შიში არსებობდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, არ არსებობს.
„ჩვენმა გმირმა ბიჭებმა გაანეიტრალეს ის საფრთხე, რომელიც შეიძლებოდა ძალიან ცუდი შედეგით დასრულებულიყო“, – განაცხადა პრემიერმა.
მანვე მადლობა სუს-სა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის თანამშრომლებს გადაუხადა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი