მთავარი უცხოეთის ამბები მსოფლიოში ყველაზე სასტიკი მაფიოზი, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში ყველაზე სასტიკი მაფიოზი, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

იტალიის ქალაქ პარმაში პატიმრობაში მყოფი იტალიური კოზა ნოსტრას ერთ დროს დაუნდობელი და სასტიკი ,,ბოსთა ბოსი’’ სალვატორე ,,ტოტო’’ რიინა 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. რიინას 26 გზის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი 150 ადამიანის მკვლელობის ბრძანების გაცემის გამო. იგი ბოლო წლებში თირკმლის სიმსივნით, პარკინსონით და გულთან დაკავშირებული დაავადებებით იტანჯებოდა და საბოლოოდ კომაში მყოფი გარდაიცვალა.

სალვატორე რიინა 1930 წელს სიცილიაში, ქალაქ კორლეონეში დაიბადა. 19 წლის ასაკში ადგილობრივ მაფიაში გაწევრიანდა და პირველი მკვლელობაც ჩაიდინა. 70-იან წლებში იტალიური კოზა ნოსტრას ბოსი გახდა და სისასტიკისთვის მეტსახელად ,,მხეციც’’ კი შეარქვეს.80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში რიინა იტალიის სახელმწიფოს წინააღმდეგ დაუნდობელ ომს აწარმოებდა, რომელსაც ასეულობით სამართალდამცველი და სასამართლო ორგანოების წარმომადგენელი შეეწირა. 1992 წელს მისი ბრძანებით მაფიის წინააღმდეგ მებრძოლი ორი მოსამართლე ჯოვანი ფალკონე და პაოლო ბორსელინო მოკლეს, რამაც იტალიელი ხალხის მოთმინების ფიალა აავსო. 1993 წელს საბოლოოდ მოხერხდა რიინას ადგილსამყოფელის დადგენა და დაპატიმრება.

ციხეში მყოფი რიინა მაინც ახერხებდა თავისი ,,საქმიანობის’’ შესრულებას. ციხიდან მისი გაცემული ბრძანებით გაიტაცეს 13 წლის ბავშვი მამამისზე ზეწოლის მოსახდენად და სასამართლოში ჩვენების არმისაცემად. საბოლოოდ ბავშვი მოკლეს და მისი სხეული დაანაწევრეს. აღსანიშნავია, რომ სალვატორეს უფროსი ვაჟიც სამუდამო პატიმრობას იხდის 4 მკვლელობაში მონაწილეობის გამო.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი