მთავარი საზოგადოება მერია და „ყაზტრანსგაზი“ მოსახლეობას გამათბობლებსა და წყლის გამაცხელებლებს უფასოდ შეუმოწმებს

მერია და „ყაზტრანსგაზი“ მოსახლეობას გამათბობლებსა და წყლის გამაცხელებლებს უფასოდ შეუმოწმებს

დედაქალაქის მერია და კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ერთობლივ სოციალურ კამპანიას – „მეტი უსაფრთხოებისთვის“ იწყებს.

თბილისის მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე, სოციალური კამპანიის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ,  ირაკლი ბენდელიანმა და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

„სამწუხაროდ, ზამთრის სეზონზე ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსახლეობის CO-თი ინტოქსიკაციისა და ხშირ შემთხვევაში, მათი გარდაცვალების ფაქტები ხდება. სწორედ ამიტომ, 24 საათის განმავლობაში, სრულიად უფასოდ, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურებიან, გამათბობლებსა და წყლის გამცხელებლებს შეუმოწმებენ, შესაბამის კონსულტაციებს გაუწევენ, რაც ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მთავარმა ინჟინერმა გიორგი ლეფსვერიძემ კი, სოციალური კამპანიის დეტალებზე ისაუბრა და მოსახლეობას კონკრეტული რეკომენდაციების დაცვა სთხოვა.

მისი განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად, 82 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინტოქსიკაცია დაახლოებით, 350-მა მოქალაქემ მიიღო. გასულ წელს, CO-თი ინტოქსიკაციის რიცხვმა 125-ს მიაღწია, რომელთაგან 29 ადამიანი გარდაიცვალა.

„ამ ყველაფრის პრევენციის მიზნით, „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დაიწყო კამპანია – „მეტი უსაფრთხოებისთვის“. სამწუხაროდ, აბონენტთა 40%  ჩვენი თანამშრომლების მითითებებს ყურად არ იღებს და არასწორად დამონტაჟებული გაზის დანადგარების მოხმარებას განაგრძობს. ესენია ღია წვის კამერიანი დანადგარები, რომელსაც ჩვენ კატეგორიულად ვკრძალავთ“, – აღნიშნა გიორგი ლეფსვერიძემ.

კომპანიის მთავარმა ინჟინერმა მოქალაქეებს მოუწოდა, ნებისმიერი დანადგარის შეძენისა და მონტაჟის შემთხვევაში, კომპანიის ცხელ ხაზზე – 2 40 40 04, ან სავარიო სამსახურის ნომერზე – 114 დარეკონ.

„ჩვენი თანამშრომლები ადგილზე უმოკლეს ვადაში მივლენ, მისცემენ შესაბამის მითითებებს და შესაბამის ინსტრუქტაჟს ჩაუტარებენ. მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, რომელიც ბინას ქირაობს, დაგვირეკოს და შეგვამოწმებინოს ბინაში არსებული გაზის დანადგარები. ჩვენი თანამშრომლები, კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში, დადიან და მობინაადრეებს ამოწმებენ. მინდა მოვუწოდო ჩვენს აბონენტებს, რომ გაითვალისწინონ კომპანიის მითითებები“, – განაცხადა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მთავარმა ინჟინერმა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი