მთავარი საზოგადოება რა გახდა ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების მიზეზი

რა გახდა ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების მიზეზი

მოულოდნელი სიკვდილი ყოველთვის ბევრ კითხვას აჩენს. ასე მოხდა ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების შემთხვევაშიც. ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გავრცელდა.
მათ შორის, გაჩნდა კითხვა, გარდაცვალება დიეტურმა აბებმა ხომ არ გამოწვია. ლიკა ქავჟარაძე რომ წონაში დასაკლებ აბებს იღებდა, ცნობილი ფაქტია, ამ ინფორმაციას მეგობრებიც ადასტურებენ. მსახიობმა თავის ბოლო ინტერვიუში თოქშოუ „პროფილში“ თქვა, რომ 17 კილოს დაკლებას აპირებდა.
ზაზა კოლელიშვილის თქმით, ამასთან დაკავშირებით ლიკა ქავჟარაძეს ნიძლავიც კი ჰქონდა დადებული.
უცნობია, რა წამლებს იღებდა მსახიობი. იყო ვერსია, რომ მისი გარდაცვალება ფსიქოტროპული წამლების ჭარბი რაოდენობით მიღებას უკავშირდება. ცნობილია, რომ ლიკა ქავჟარაძეს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და მკურნალობის კურსსაც გადიოდა. ამის შესახებ მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუშიც საუბრობს: „ჩემს ცხოვრებას ჭრელსაც დავხატავდი და პესიმისტურ ფერებშიც, შავში, მაგალითად, მე ავად ვიყავი და ეს ავადმყოფობა ცოტა ძნელად გადასატანია, ამიტომ იმ პერიოდს პესიმიზმში დავხატავდი. არ ვიცი, რამ მომიტანა ეს ავადმყოფობა. ალბათ, ეს იყო ძალიან დიდი დატვირთვა კინოში, მუსიკაში. ექიმები სულ მეუბნებოდნენ, ძალიან მგრძნობიარე ხარო. ძალიან დიდი ხანი ვებრძოდი ამ ავადმყოფობას. ახლაც ვსვამ წამლებს, რომ სტაბილურად ვიყო“.
ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მისი ძებნა იმ სალონის მეპატრონემ დაიწყო, სადაც მსახიობი ყოველდღიურად დადიოდა.
სალონის მეპატრონე მარგალიტა გომელაური ყვება, რომ ლიკა ქავჟარაძის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც სალონში ორი დღის განმავლობაში არ ჩანდა.
გომელაურის თქმით, გარდაცვალების წინა დღესაც, ანუ 10 ოქტომბერს, ლიკა ქავჟარაძე თმის დასავარცხნად იყო ჩაწერილი. მისი ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც სალონში მისი მეგობარი სოსო ლომთაძე მივიდა და თქვა, რომ ლიკას ვერ უკავშირდებოდა.
„სალონში ბოლოს კვირა დღეს იყო, ორშაბათსა და სამშაბათს არ გამოჩენილა. თმის დავარცხნაზე ჩაეწერა. მისი მეგობარი სოსო ლომთაძე მოვიდა, რომელმაც იცოდა, რომ ლიკა ჩვენს სალონში ხშირად დადიოდა, დღეში 2-3-ჯერაც კი. სოსო ლომთაძემ გვითხრა, რომ მას უნდა შეხვედროდა და ვერ უკავშირდებოდა, სახლშიც ურეკავდა და არავინ იღებდა ყურმილს. სოსომ გვითხრა, რომ მივიდოდა და ფანჯარაში შეიხედავდა, თუმცა, ვურჩიე, სამაშველო გამოეძახებინა და ასე შესულიყო ბინაში. ამის შემდეგ 7 საათზე სალონი დავკეტე და დავინახე, რომ მის ბინასთან უკვე მაშველები იყვნენ მისული და სახლში გადასვლას ცდილობდნენ“,- აცხადებს მარგალიტა გომელაური „პრაიმტაიმთან“ საუბარში.
როგორც ზაზა ლოლელიშვილის ჰყვება, მსახიობი საწოლზე მიწოლილი ნახეს – „ხალათი ეცვა, ეტყობა შესცივდა“.
მარგალიტა გომელაურის თქმით, ლიკა ქავჟარაძე მისი მეგობარი იყო, ლიკას შესახებ ყველაფერი იცოდა და ირწმუნება, რომ მსახიობს დეპრესიული ფონი არ აღენიშნებოდა.
„ჩვენი მეგობარი იყო, აქ უყვარდა ყავის დალევა. ხშირად ჩამოდიოდა და გველაპარაკებოდა. კვირას მასაჟი გაიკეთა და ძალიან კარგ ხასიათზე იყო. მაკიაჟიც იყიდა. ძალიან კარგი გეგმები ჰქონდა. ჩვენ ყველაფრის საქმის კურსში ვიყავით: ვარსკვლავის გახსნაზე, დაბადების დღეზე.. დეპრესიული არ იყო. მშიშარა იყო და კარს ყოველთვის კარგად კეტავდა. სიგნალიზაცია ჰქონდა დაყენებული“,- იხსენებს სალონის მეპატრონე.
მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცხედარი პროზექტურაში გარდაცვალების ღამესვე გადაასვენეს და მეორე დილით დააბრუნეს. ექსპერტიზის შუალედური შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. გამოძიება კი დეტალებზე არ საუბრობს და საქმეს 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მსახიობის ცხედარს თავსაფარი ეკეთა, რომელიც ყელსა და კისერს სრულად უფარავდა. ჭირისუფლების თქმით, ცხედარს მარჯვენა მხარეს სილურჯე ჰქონდა. ამ ფაქტმა თვითმკვლელობის ეჭვიც გააჩინა, თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რადგან ჩალურჯება მხოლოდ მარჯვენა მხარეს შეინიშნება, თვითმკვლელობა გამორიცხულია.
„არ ვაპირებთ, გამოძიებისა და ექსპერტების დასკვნას გადავუსწროთ, თუმცა, ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ სილურჯის ახსნის რამდენიმე ვერსია გაჩნდა. სავარაუდოა, რომ ლიკა ქავჟარაძემ სახის მარჯვენა ნაწილი რამეს ჩამოარტყა“,- წერს „პრაიმთაიმი“.
გამოცემის ინფორმაციით, მსახიობს საწოლთან ნიტროგლიცერინი ედო. არსებობს ვერსია, რომ მსახიობმა ნიტროგლიცერინი ფეხზე მდგარმა მიიღო, რაც არ შეიძლება, რადგან წამალი თავბრუსხვევას იწვევს და შესაძლებელია, დაეცე. თუმცა, არის სხვა ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების მიზეზი ინფარქტი გახდა და მან ნიტროგლიცერინის მიღება საერთოდ ვერ მოასწრო.
მსახიობი 14 ოქტომბერს ვაკის სასაფლაოზე მშობლების გვერდით დაკრძალეს. ქართული სილამაზის სიმბოლო, ლიკა ქავჟარაძე 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი