მთავარი საზოგადოება „გუდვილში“ ტყვიით დაბინძურებული სუნელები აღმოაჩინეს

„გუდვილში“ ტყვიით დაბინძურებული სუნელები აღმოაჩინეს

2017 წლის ივნისში, მთელი ჩვენი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ე.წ. სუნელების სკანდალმა, რომელიც ნიუ-იორკის ჯანმრთელობისა და მენტალური ჰიგიენის დეპარტამენტის დასკვნას მოჰყვა:
ამ ორგანიზაციის ცნობით, საქართველოდან შეტანილ სუნელებში ტყვიის შეცველობა ნორმასთან შედარებით მაღალია. მსგავსი დარღვევები ათიოდე დღის წინ სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმაც აღმოაჩინა – ამჯერად უკვე თბილისში. ამ ორგანიზაციის წევრებმა სუნელები 2017 წლის 9-10 ოქტომბერს შეამოწმეს. მათ დაუფასოებელი სუნელების ნიმუშები აიღეს ნავთლუღის, გლდანის და ე.წ. ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბაზრებიდან, ხოლო დაფასოებული სუნელები თბილისის პრესტიჟულ მაღაზიებში შეიძინეს. შემოწმების შედეგად, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „გუდვილში“ ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქცია აღმოჩნდა. უფრო დაწვრილებით ამ ფაქტზე სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორი ვახო კობალაძე გვიამბობს:

ვახო კობალაძე – ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის დასკვნა მართლაც საგანგაშო იყო. სხვათა შორის, მსგავსი გაფრთხილებები ამ დეპარტამენტის მიერ 2015 წლიდან ვრცელდებოდა. იმ დროიდან მოყოლებული, მომხმარებელს აფრთხილებდნენ, რომ საქართველოდან შეტანილი სუნელები არ შეეძინათ. ეს ინფორმაცია ფართო საზოგადოებისთვის საკმაოდ გვიან გახდა ცნობილი და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამის გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც შეამოწმა სუნელები და რამდენიმე მათგანში ტყვიის გადაჭარბებული რაოდენობა აღმოაჩინა. ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვემოწმებინა რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქართულ ბაზარზე. შევარჩიეთ 2 ტიპის სუნელი, რომელშიც ყველაზე ხშირად იყო აღმოჩენილი ტყვიის ჭარბი რაოდენობა – ყვითელი ყვავილი და წითელი წიწაკა. სულ 13 ნიმუში დაგვიგროვდა, ამათგან ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა „ბლექ სი ჯორჯიას“ მიერ წარმოებულ ყვითელ ყვავილში აღმოჩნდა, რომელიც „გუდვილში“ იყიდებოდა. გაირკვა, რომ ტყვიის შემცველობა ამ პროდუქტში ნორმაზე ორჯერ მეტია. ეს ინფორმაცია მაშინვე გადავუგზავნეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მწარმოებელ კომპანიასაც, თუმცა, ჯერჯერობით არც ერთისგან პასუხი არ მიგვიღია.

ვახო კობალაძის თქმით, მკითხველს არ უნდა გაუკვირდეს, რომ მავნე პროდუქცია პრესტიჟულ მაღაზიაში აღმოაჩინეს:

ვახო კობალაძე – ჩვენ ადრეც უამრავი დარღვევა არმოგვიჩენია ბრენდულ მაღაზიებში, ასევე – ცნობილი ფირმების პროდუქციაში. არ არსებობს გარანტია, რომ ბრენდულ მაღაზიაში შეძენილი პროდუქტი აუცილებლად უვნებელი და უნაკლო იქნება. რასაკვირველია, მარტო მეწარმეს კი არა, მაღაზიებსაც ეკისრებათ თავისი წილი პასუხისმგებლობა. მათ უნდა ამოიღონ საეჭვო პროდუქტი ქსელიდან და უნდა იზრუნონ, რომ სანდო მიმწოდებლები ჰყავდეთ. ვფიქრობ, რომ სუნელების პერიოდული მონიტორინგი მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, რადგან არც ერთ შემთხვევაში არ დადგენილა დაბინძურების წყარო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პირველ რიგში ეს წყაროები უნდა დაადგინოს. 2013 წლიდან დღემდე სააგენტომ საკმაო რაოდენობის დარღვევები აღმოაჩინა, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში დაბინძურების წყარო არ ჩანს.
თსუ-ის პროფესორი, სურსათის ექსპერტი ეთერ სარჯველაძეც აცხადებს, რომ ყველაზე მთავარი დაბინძურების წყაროს პოვნაა:

ეთერ სარჯველაძე – აუცილებალდ უნდა გაირკვეს, სად არის მოყვანილი ეს პროდუქცია – ხომ შეიძლება ეს სუნელები იმპორტირებულიც იყოს? ამიტომ უნდა ვიპოვოთ დაბინძურების წყარო – სად, რომელ რგოლში დაზიანდა პროდუქცია, საიდან მოვიდა ეს ტყვიით დაბინძურებული სუნელები? ხალხში ამბობენ, რომ იმპორტით შემოდის, ამავე დროს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოშია ტყვიის წყარო, რითაც ქართული პროდუქციის იმიჯი ილახება. სულაც არ მიკვირს, რომ ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა განგაში ატეხეს, რადგან ტყვია დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ორგანიზმს: თუ დიდი რაოდენობით დაგროვდება, შეიძლება თავის ტვინის დამბლაც კი გამოიწვიოს. არ მინდა მკითხველი შევაშინო, მაგრამ ეს არის მძიმე მეტალი, რომელიც სისხლში ილექება და ადამიანის ჯანმრთელობას წარმოუდგენელ ზიანს აყენებს.

ექსპერტის თქმით, ტყვიის მთავარი წყარო გამონაბოლქვია, ამიტომ, მხოლოდ გზის პირას მოწეულ მცენარეებში შეიძლება იყოს ტყვიის შემცველობა მაღალი, მაგრამ არა იმ დოზით, რაც ქართულ სუნელებში აღმოაჩინეს:

ეთერ სარჯველაძე
 – ამ საკითხის გამო სპეციალისტებსაც ძალიან ბევრი ეჭვი და კითხვა უჩნდებათ, ამიტომ უნდა დასახელდეს წყარო, სათავე, საიდანაც მოდის ეს სუნელები. არანაკლებ რთული პრობლემაა ის, რომ მომხმარებელი ბრენდულ მაღაზიებშიც არ არის დაცული: ის ცდილობს მარკეტში შეიძინოს საკვები, რადგან ფიქრობს, რომ იქ უფრო საიმედო პროდუქცია იყიდება, მაგრამ მოტყუებული რჩება. ამიტომ არის ევროპაში დანერგილი მიკვლევადობის სისტემა, რომ უფრო ადვილად დაადგინონ, საიდან მოდის მავნე პროდუქცია. მით უმეტეს, ამ შემთხვევაში სუნელების დიდ რაოდენობაზეა ლაპარაკი, რომელიც პოპულარული სუპერმარკეტების ქსელში იყიდება. ბუნებრიავია, ამ ყველაფრის კვლევა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უნდა ჩაატაროს.
P.S. „ბიზნესპრესნიუსი“ სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც დაუკავშირდა. როგორც უწყების წარმომადგენლებმა გვითხრეს, ამ ფაქტის ირგვლივ მოკვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. „როგორც კი სრულყოფილი ინფორმაცია ექნებათ, სურსათის ეროვნული სააგენტო სპეციალურ განცხადებას გააკეთებს და მასმედიას და საზოგადოებას საქმის კურსში ჩააყენებს“ – აცხადებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს მუშაკები.

ხათუნა ჩიგოგიძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი