მთავარი სამართალი ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის მთავარი მოწმე:,, კაცს რომ შენს თვალწინ მოკლავენ, ღმერთის...

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის მთავარი მოწმე:,, კაცს რომ შენს თვალწინ მოკლავენ, ღმერთის არ ეშინიათ? ჩემგან რაღა უნდათ?”

0 169

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის მთავარი მოწმის ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავას შვილი მას „შუბლის გახვრეტით“ დაემუქრა. ამის შესახებ კობა გოგატიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მასზე ფირცხალავას მეუღლე და შვილი ზეწოლას ახდენდნენ, რათა ჩვენება შეეცვალა.
გოგატიშვილის ინფორმაციით, ნინო ხვიტია, ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ, მას 30 ათას დოლარს, საზღვარგარეთ გამგზავრებასა და იქ უზრუნველ ცხოვრებას ჰპირდებოდა.
„მე ვარ კორტების სპეცოპერაციის თვითმხილველი. ჩემი თვალით მაქვს ნანახი ყველაფერი. ჩვენება მიცემული მაქვს გამოძიებისთვისაც და სასამართლოსთვისაც. ჩემზე ფირცხალავას ოჯახის წევრებიდან და ახლობლებიდან იყო ზეწოლა და მუქარა. მაიძულეს, რომ შევხვედროდი. შემომთავაზეს 30 ათასი დოლარი და საზღვარგარეთ უზრუნველი ცხოვრება, რათა შემეცვალა ჩვენება და მეთქვა, რომ კორტებზე მოგვიანებით მივედი. ასევე, მეუბნებოდნენ, სიმართლეს, რომ ჰგავდესო თქვი, რომ პროკურორებისგან იყო ზეწოლაო. რეალურად, არავისგან არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. ფირცხალავას მეუღლისა და შვილის გარდა, შეხვედრაზე იყვნენ მამაკაცები, რომლებისაც შემეშინდა და ამიტომ ვუთხარი, რომ გავაკეთებდი ყველაფერს. სახალხო დამცველთან მიმიყვანეს და იქ უნდა მომეყოლა ის, რაც დამაზეპირებინეს. ვიდრე შევიდოდი, მანქანაში მომიბრუნდა ფირცხალავას შვილი და მითხრა, თუ არ შეცვლი ჩვენებას, გაგიხვრეტენ შუბლსო“, – განაცხადა კობა გოგატიშვილმა.
მოწმის თქმით, მან იცოდა, რომ საუბარს იწერდნენ. გოგატიშვილი ჩანაწერის სრული ვერსიის გასაჯაროებას ითხოვს. მოწმის ინფორმაციით, თანხა, რომელიც შეცვლილი ჩვენების სანაცვლოდ მისთვის უნდა გადაეცათ, ნინო ხვიტიას მანქანაში ედო.
„სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან რომ მივედით, მოვიმიზეზე ცუდად ყოფნა და ამიტომ ვერ მივეცი ის ჩვენება, რომელიც დამაზეპირებინეს. ამის შემდეგ, ჩვენ დავშორდით ერთმანეთს“, – აღნიშნა გოგატიშვილმა.
მისივე თქმით, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავას ოჯახთან და ადვოკატთან კონტაქტზე იძულებით გაიყვანეს და მუქარის შემდეგ, ის თავად დაუკავშირდა ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილს. როგორც გოგატიშვილმა აღნიშნა, მას ყველა ნომერი აქვს ამოწერილი, საიდანაც მუქარის შემცველი ზარები ხორციელდებოდა და ასევე, ყველა ესემესი, რომელიც ზეწოლას შეიცავს.
„მინდა, საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს. ელემენტარულად, კაცს რომ შენს თვალწინ მოკლავენ, ღმერთის არ ეშინიათ? ჩემგან რაღა უნდათ?“ – განაცხადა მოწმემ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი