მთავარი უცხოეთის ამბები 2018 წლიდან უკრაინის საზღვრის გადაკვეთას მხოლოდ ის უცხოელი მოქალაქე შეძლებს, ვისაც ბიომეტრიული...

2018 წლიდან უკრაინის საზღვრის გადაკვეთას მხოლოდ ის უცხოელი მოქალაქე შეძლებს, ვისაც ბიომეტრიული პასპორტი აქვს

მომავალი წლიდან, უკრაინის ტერიტორიაზე ქვეყნის საზღვრის გადაკვეთას შეძლებს მხოლოდ ის უცხოელი მოქალაქე, ვისაც ბიომეტრიული პასპორტი აქვს. 

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.

„ჩვენ უნდა ავიღოთ ყველა ბიომეტრიული მონაცემი, თითის ანაბეჭდების და ციფრული ფოტოს ჩათვლით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი განმარტებით, უსაფრთხოების ასეთი ზომების მიღება „ტერორიზმის წინააღმდეგ გაძლიერებული ბრძოლითაა“ განპირობებული.

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს მდივნის ალექსანდრე ტურჩინოვის განცხადებით, პირველ რიგში, რუსეთის მოქალაქეების ბიომეტრიულ მონაცემებს აიღებენ.

ამის შესახებ საინფორმაციო ვებპორტალი რადიო თავისუფლება„უკრაინის პრავდაზე“ დაყრდნობით წერს.

„ეს იქნება კრემლის აგრესიაზე პასუხი“,- განმარტავს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს მდივანი.

„2018 წლიდან რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა სურთ, გაივლიან წინასწარ ელექტრონულ რეგისტრაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში“ – განაცხადა ტურჩინოვმა

რუსებისთვის, ასევე სავალდებულო იქნება დროებით საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრირება და გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი უწყებებისთვის.

გუშინ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხარდამჭერი რეზოლუცია.

ევროპარლამენტარებმა რუსეთს მოუწოდეს, შეწყვიტოს ყირიმის „ოკუპაცია“, და უკრაინის ოლქებში – დონეცკსა და ლუგანსკში „ტერორისტული ქმედებების“ დაფინანსება. ასევე, ეუთომ კრემლს დონბასიდან შეიარაღებული ფორმირებების გაყვანისკენ მოუწოდა.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი