მთავარი სამართალი ტარიელ კაკაბაძე: ,,პოლიციელთა მხრიდან ჩადენილი არცერთი დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს”

ტარიელ კაკაბაძე: ,,პოლიციელთა მხრიდან ჩადენილი არცერთი დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს”

0 1008

ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტის, გიორგი გასვიანის ცემისა და მუქარის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან მიხეილ ხუციშვილი, პაატა კვინიკაძე და ბორის გოგიჩაიშვილი. სამივე მათგანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. 

სამივე ბრალდებულს ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლით. სამიდან ერთ-ერთ ბრალდებულს (მიხეილ ხუციშვილს, რომელიც იარაღით დაემუქრა გიორგი გასვიანს) კი დამატებით 126-ე მუხლთან ერთად ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე (მუქარა) მუხლით.

სამი ბრალდებულიდან ორი მოქმედი პოლიციელია, ხოლო ერთი- ყოფილი პოლიციელი.

შეგახსენებთ, შემთხვევა ბორჯომში მოხდა. გიორგი გასვიანი სამართალდამცველს ცემაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფილი პოლიციელი ორ პირთან ერთად მას ფიზიკურად გაუსწორდა.

,,შენი მედია გუნდი” დაუკავშირდა გიორგი გასვიანის ადვოკატს, ტარიელ კაკაბაძეს, რომელმაც  ვრცლად ისაუბრა აღნიშნული საქმის სამართლებრივ  მნიშვნელობაზე.

- როდის დაიწყო ამ საქმეზე საგამომძიებლო მოქმედებების ცატარება და იაყვით თუ არა უშუალოდ ჩართული მიმდინარე პროცესებში?

– პოლიციელთა მხრიდან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის, გიორგი გასვიანის, მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დღიდანვე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.  საგამოძიებო მოქმედებებში,დაზარალებული მხარე, აქტიურად ვიღებდით მონაწილეობას. პარალელურ რეჟიმში ვახდენდით მტკიცებულებათა მოპოვებას და ყველა მოპოვებულ მტკიცებულებას ვაწვდიდით პროკურატურას საქმეზე დასართავად.

საქმეზე ყოველი ახალი მოპოვებული მტკიცებულება კიდევ უფრო ამყარებდა გიორგი გასვიანის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას. საქმეზე მოპოვებული ბოლო მტკიცებულებებით კი ფაქტობრივად უტყუარად დადგინდა საქმის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი.

-ძირითადად რა მტკიცებულებათა ერთობლიობაზეა საუბარი?

-მოცემულ საქმეზე შეკრებილია შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულის ჩვენება, სხვა მოწმეთა ჩვენებები, ნივთმტკიცებები, ექსპერტიზის დასკვნები და ბევრი სხვა უტყუარი მტკიცებულება.

დაკავებულ პირებს ბრალს დაკავებიდან 48 საათში წაუყენებენ და ბრალის წაყენებიდან 48 საათში ჩატარდება ბრალდებულთა სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა. კონკრეტულ სხდომაზე განიხილება ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი.
პროკურატურა დიდი ალბათობით მოითხოვს ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას.

- ბრალდებულები დაიკითხნენ?

-დიახ, აღსანიშნავია ერთი დეტალი- ბრალდებულებმა თანხმობა განაცხადეს გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზე. სამივე ბრალდებულის მიერ გამოძიებისთვის მიცებული ჩვენებები შინაარსობრივად ეწინააღმდეგება ერთმანეთს.

აქვე მადლობას მოვახსენებ ახალციხის რაიონულ პროკურატურის პროკურორს, განსაკუთრებით კი ახალციხის რაიონულ პროკურორს- მალხაზ კაპანაძეს, რომელმაც პირად კონტროლზე აიყვანა კონკრეტული საქმის გამოძიება. მე და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმედს გამოვთქვამთ, რომ პროკურატურა გააგრძელებს ეფექტურ მუშაობას და ბოლომდე იდგება მოწოდების სიმაღლეზე.

გიორგი გასვიანის საქმე უნდა იყოს პრეცედენტული საქმე, როდესაც მოქალაქის ცემის შედეგად მკაცრად ისჯებიან სამართალდამცველები.ეს იქნება სიგნალი ყველა პოლიციელისთვის, ვინც მიჩვეულია მოქალაქეთა უფლებების შელახვას და ასევე იქნება იმის მაჩვენებელი, რომ პოლიციელთა მხრიდან ჩადენილი არცერთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება.

 -თქვენ, როგორც დაზარალებულის ადვოკატი, ფიქრობდით რომ ეს საქმე გამოუძიებელი დარჩებოდა?

-არ არსებობს საქმე, სადაც დანაშაულის ჩამდენი პირის წინააღმდეგ მტკიცებულებები ვერ მოიძებნოს. ამ კონკრეტულ საქმეში იმდენად დიდია ჩვენი სიმართლე, წარმოუდგენლად მიმაჩნდა რომ ვერ მომხდარიყო უტყუარი მტკიცებულებების შეგროვება. ველოდი, რომ სწორად, ეფექტურად მუშაობის შემთხვევაში აუცილებლად მოხდებოდა დანაშაულის ჩამდენ პირთა პასუხისგებაში მიცემა.

-ფლობთ თუ არა ინფორმაციას ანალოგიური  შემთხვევის  შესახებ ბორჯომში?

-ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გიორგი გასვიანი არის ღირსეული და პატიოსანი ადამიანი, რომელსაც არასდროს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, არასდროს არანაირი ფორმით კანონი არ დაურღვევია. როდესაც ასეთ ადამიანს ასე სასტიკად ექცევიან, ადვილი წარმოსადგენია რა სისასტიკეს სჩადიან სხვადასხვა დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულ პირთა მიმართ.

სხვათაშორის, ახალციხის პროკურატურაში ერთ-ერთი ვიზიტის დროს, მანქანა გავაჩერეთ ბორჯომში, ერთ-ერთ მარკეტში. მარკეტში შემოვიდა რამდენიმე ადგილობრივი როდესაც გაიგეს, რომ ვიყავით თბილისიდან, მოგვმართეს თხოვნით რომ 1 კვირით დავრჩენილიყავით ბორჯომში და საკუთარი თვალით გვენახა რა სისტემატურ ძალადობას ახორციელებს ბორჯომის პოლიცია ახალგაზრდების მიმართ. ადგილობრივებმა გვთხოვეს, რომ გაგვეკეთებინა ყველაფერი, რათა უმკაცრესად დასჯილიყვნენ კონკრეტული პოლიციები, რომლებიც, მათი თქმით, ყოველდღიურად ძალადობენ ადამიანებზე. ჩემი საადვოკატო პრაქტიკის დროს ძალიან ხშირად ვხვდები ბრალდებულებს, რომლებიც პირდაპირ ამხელენ პოლიციას ცემასა თუ წამებაში. მსურს, რომ გიორგი გასვიანის საქმეში დამდგარმა შედეგმა ამ კუთხით სასიკეთო გარდატეხა მოახდინოს.

 

 

 

ავტორი: მარიამ ქობულია

 

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი