მთავარი საზოგადოება აქცია პროკურატურასთან – რუსთაველზე მომხდარ ავარიაში დამნაშავე მძღოლის დასჯას მოითხოვენ

აქცია პროკურატურასთან – რუსთაველზე მომხდარ ავარიაში დამნაშავე მძღოლის დასჯას მოითხოვენ

რუსთაველის გამზირზე რამდენიმე დღის წინ მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, რომელსაც ახალგაზრდა გოგონა ემსხვერპლა, მთავარ პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს. სოციალურ ქსელებში დაგეგმილი აქციის მონაწილეები ითხოვენ, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, დამნაშავე მძღოლი დაისაჯოს.

აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ტრანსპარანტი: „მე ადამიანი მოვკალი, მარა „პატრონი“ მყავს“.

ამასთან, აქციის მონაწილეები ამ კუთხით კანონმდებლობის შეცვლას და მის გამკაცრებას ითხოვენ.

რუსთაველზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ კანონის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეული პირის გამოკვეთა და მისთვის ბრალის წარდგენა მხოლოდ შესაბამისი ექსპერტიზების დასრულების შემდეგაა შესაძლებელი.

შსს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სამივე მძღოლი პოლიციის მიერ მოწმის სახით გამოიკითხა. შსს-ს ცნობით, 24 იანვარს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.

„შს სამინისტრო მიმართავს მაქსიმალურ ძალისხმევას, რომ აღნიშნული საქმე დროულად იქნას გამოძიებული და დამნაშავე წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი