მთავარი პოლიტიკა “ძალიან სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა სისტემამ პოლიტიკოსებისთვის პარლამენტის კარი გამოკეტა”

“ძალიან სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა სისტემამ პოლიტიკოსებისთვის პარლამენტის კარი გამოკეტა”

0 668

“ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერის ანი მიროტაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.

“საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნება ქვეყნისთვის დამღუპველი, ახლა შეძლებენ მაგალითად იმის განხორციელებას, რასაც ვერ ახერხებდნენ მაშინ, როდესაც ოპოზიციური სპექტრი ვიყავით პარლამენტში, ახლა ამას მოახერხებ ძალიან მარტივად, ერთი დირექტივით, ეს იქნება ასე ყველა შემთხვევაში. ახლა პოლიტიკური სპექტრი იმისთვის კი არ ერთიანდება, რომ თავი გადაარჩინოს, არამედ ქვეყანა უნდა გადაარჩინოს, რომ ამ სისტემამ ხერხემალში არ გადაამტვრიოს, ეს არის დღეს ყველაზე მთავარი. დიახ, ჩვენ დავმარცხდით სისტემასთან, მაგრამ არ უნდა დავუშვათ, რომ ქვეყანამ მომავალი დაკარგოს.

ძალიან დიდი პოლიტიკური სპექტრი დარჩა გარეთ, პოლიტიკოსებმა საქმის კეთება იციან იქ, სადაც არიან, ძალიან სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა სისტემამ პოლიტიკოსებისთვის პარლამენტის კარი გამოკეტა”, – განაცხადა მიროტაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობაც” და “ქართული ოცნებაც” უკვე წარსულია იმის მიუხედავად, რომ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვეს და ეს ორივე ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

“21-ე საუკუნის ქვეყნებში პოლიტიკური ძალები ასე არ არსებობენ, ასე არ აგრძელებენ პოლიტიკურ თანაცხოვრებას, ასე არ ფიქრობენ ქვეყნის განვითარებაზე, როგორც ეს ორი ძალა. სხვათაშორის, ვულოცავ “ნაციონალურ მოძრაობას”, ახალი ლიდერი ჰყავს გიგა ბოკერიას სახით. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ორი კვირა გველოდება წინ და ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს იმას, რაც ახლა მოხდება ქვეყანაში.

ურთულესი პროცესები გველოდება წინ იმ გადაწყვეტილებების გამო, რომელსაც “ქართული ოცნება” მიიღებს. ძალიან ვწუხვარ, რომ “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის კი არ ჭირდება, რომ ქვეყნის განვითარებაზე იფიქროს, არამედ ყველაფერი ის გაატაროს, რაც მას გონია, რომ უნდა იყოს. თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ “ქართული ოცნება” პოლიტიკოსებისგან, პოლიტიკური გამოცდილების მქონე პირებისგან არ შედგება და ძირითადად, პოლიტიკური სპექტრი დარჩენილია ქუჩაში, ვინაიდან, როგორც ჩანს, პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილს საკუთარ გუნდში არ სჭირდებოდა, ადვილი წარმოსადგენია, მათი გადაწყვეტილებები როგორი იქნება”, – განაცხადა მიროტაძემ

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი