მთავარი საზოგადოება საია: საარჩევნო პროცესში რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა

საია: საარჩევნო პროცესში რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა

მ დროისთვის საარჩევნო პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის საარჩევნო პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა. მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა დარღვევის შესახებ, ჩვენ ამ ინფორმაციას ვამოწმებთ და როგორც კი გვექნება დამატებითი ინფორმაცია, საზოგადოებას გავაცნობთ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა. 
რაც შეეხება ამ დროისთვის უკვე გადამოწმებულ ფაქტებს, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ამ პერიოდისთვის ძირითადი დარღვევები დაფიქსირებულია წილისყრის პროცედურებთან და რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლების არასათანადო ქცევასთან დაკავშირებით.მისივე თქმით, ზოგადად ძირითადად უბნები დროულად გაიხსნა და აღჭურვილი იყო შესაბამისი მასალით. 
„რაც შეეხება წილისყრის პროცედურების დარღვევას, გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში, როდესაც გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოსვლენად წილისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ეს ჩვენი შეფასებით, წარმოადგენს არასათანადო შესრულებას კომისიის წევრის მოვალეობის. ჩვენ ამასთან დაკავშირებით საჩივრები დავწერეთ. მიგვაჩნია, რომ კომისიის წევრები ამგვარ წილისყრებში უნდა მონაწილეობდნენ. ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ოლქში შესაბამისმა თავმჯდომარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ის წევრები, რომელბიც წილისყრაში მონაწილეობაზე უარს აცხადებდნენ, არც სხვა ფუნქციების გამოსავლენ წილისყრებში მიიღებდნენ მონაწილეობას და მხოლოდ თავმჯდომარის შესაბამის მითითებებს შეასრულებდნენ დღის განმავლობაში. ჩვენ ასევე მოვიპოვეთ დირექტივა, რომელიც მიცემული იყო საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებისთვის, რომ ისინი ასე მოქცეულიყვნენ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.მისივე თქმით, თბილისში ორ უბანზე – ნაძალადევის 26-ე უბანსა და დიდუბეში მე-11 უბანზე დაფიქსირდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წევრების მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევა და არასთანადო ქცევა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი