მთავარი საზოგადოება “დღეს ჩვენ გაგვაჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას NATO-ს წევრობისათვის მოამზადებს”

“დღეს ჩვენ გაგვაჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას NATO-ს წევრობისათვის მოამზადებს”

საქართველოს პრეზიდენტმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა პრეზიდენტის სასახლეში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ღონისძიებისთვის, რომელიც ჩატარდა საქართველოში. ეს არის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს უკვე მეოთხე სხდომა, რომელიც საქართველოში ტარდება. ამ სხდომის ჩატარება ნათელი გზავნილია, რომელიც საქართველოსთვის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერას შეიცავს.

საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის ხარისხი წლიდან წლამდე იზრდება. დღეს ჩვენ გაგვაჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას NATO-ს წევრობისათვის მოამზადებს და მაქსიმალურად ეფექტიანად იქნება გამოყენებული თავდაცვისუნარიანობის გაღრმავების თვალსაზრისით.

მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ალიანსის ყველა სახელმწიფო მზად არის გაგვიწიოს დახმარება ვარშავაში მიღწეული შეთანხმებების რეალიზებაში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამისათვის მადლობა გადავუხადო პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შესაძლებლობები სწორად იქნება შეფასებული და წარმოდგენილი ბრიუსელის სამიტზე.

თავის მხრივ, საქართველო აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო მისიებში ჩვენს ევროატლანტიკურ პარტნიორებთან ერთად. მინდა, ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ყველა იმ ქართველ ჯარისკაცს, რომელიც საერთაშორისო მისიებში საქართველოსა და გლობალური უსაფრთხოების ინტერესებს იცავს.

ასევე მსურს შევეხო ალიანსთან ჩვენი თანამშრომლობის ახალ და უაღრესად მნიშვნელოვან მიმართულებას; ეს არის შავი ზღვის მიმართულება.

ჩვენ არაერთხელ გაგვიმახვილებია ჩვენი პარტნიორების ყურადღება შავი ზღვის პრობლემატიკაზე. ეს რეგიონი ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და მისი მომავალი უშუალოდ არის დაკავშირებული ერთიანი და მთლიანი ევროპის კეთილდღეობასთან. ჩვენი საერთო ამოცანაა უზრუნველვყოთ შავი ზღვის უსაფრთხოება და ვაქციოთ ის ევროპული თანამშრომლობის ზღვად.

თანამედროვე, დინამიურად ცვალებად მსოფლიოში უსაფრთხოება მხოლოდ თანამშრომლობითა და ერთიანობით მიიღწევა. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრება მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერებს გლობალურ უსაფრთხოებას.

ალიანსს კონფრონტაციული პარადიგმის დაძლევის, გაფართოების ტალღების განხორციელების გამოცდილება ჰქონდა. NATO-ს შემდგომმა გაფართოებამ შეუქმნა მხოლოდ პოზიტივი როგორც ალიანსის წევრ, ისე სხვა ქვეყნებს გლობალურ უსაფრთხოებაში.

NATO-ში ინტეგრაციის გზა ეს ქართული სახელმწიფოებრიობის გზაა. საქართველოს NATO-ში გაწევრება, ნიშნავს ჩვენი რეგიონის სიმშვიდეს, უსაფრთხოებასა და სტაბილურობის უზრუნველყოფას, ტრანსრეგიონული და ტრანსკონტინენტური თანამშრომლობის პროექტების გაღრმავებას.

ბატონო გენერალურო მდივანო, მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში ჩამობრძანებისა და ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერისათვის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

„ბატონო პრეზიდენტო, ძალიან დიდი მადლობა თბილი მისალმებისთვის. ჩვენ დღეს მართლაც განსაკუთრებული და თბილი სტუმართმოყვარეობის მაგალითი ვიხილეთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოში ჩამოვიდა, შეხვედრები გამართა პარლამენტში, თქვენთან და სხვა ორგანიზაციებთან. ეს გახლავთ საბჭოს მეოთხე ვიზიტი და საქართველოსა და NATO-ს პარტნიორობის მნიშვნელობის ხაზგასმა.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი, რომელშიც ალიანსის ოცდარვავე მოკავშირე ქვეყანა და დამატებით მონტენეგრო მონაწილეობს, რომელიც 29-ე წევრად გაწევრების პროცესს გადის, მკაფიო გზავნილია, რომ საქართველოსა და NATO-ს შორის ურთიერთობა და კავშირი უფრო მყარია, ვიდრე ოდესმე.

ძალიან დიდი მადლობა იმ წვლილისთვის, რომელსაც საქართველო ახორციელებს NATO-ს ოპერაციებში. ჩვენ ამის მოწმე ვართ ავღანეთში, სადაც საქართველო მხარდამხარ დგას NATO-ს წევრ ქვეყნებთან უკვე მრავალი წელია და მე მადლიერი ვარ თქვენი ამ წვლილისათვის. ჩვენ ვაღიარებთ იმ მსხვერპლს, რომელიც საქართველოს ჯარისკაცებმა და მათმა ოჯახის წევრებმა გაიღეს. ხაზს ვუსვამთ იმ წვლილს, რომელიც შეგაქვთ საერთაშორისო უსაფრთხოების, ჩვენი ერთობლივი უსაფრთხოების სფეროში.

საქართველო აგრძელებს ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებას. ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა ამ რეფორმების მასშტაბებმა და წინსვლის ტემპმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და თქვენი ძალისხმევის რეალიზაციისთვის, რომელიც ალიანსის წევრობისკენ არის მიმართული.

აღნიშნული რეფორმები უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის და ისინი საქართველოს ამზადებენ NATO-ს წევრობისთვის. ამას დრო ესაჭიროება, მოითხოვს მოთმინებას, მაგრამ ჩვენ გვაქვს ვალდებულება დაგეხმაროთ ამ გზაზე.

NATO-საქართველოს კომისიის ჩართულობით და NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის რეალიზაციის გათვალისწინებითაც, ჩვენ გვყავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ექსპერტები საქართველოში, რომლებიც მუშაობენ თქვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე, იძლევიან კონსულტაციებს კიბერუსაფრთხოების, სამხედრო დაგეგმარებისა და სხვა მიმართულებით.

გასულ წელს თქვენთან ერთად მოვახდინე NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინაუგურაცია, ჩვენ პრაქტიკულ მხარდაჭერას გიწევთ და ვაფართოვებთ NATO-საქართველოს პრაქტიკულ თანამშრომლობას.

მარტივად რომ ვთქვათ, დღესდღეობით უფრო მეტი NATO-ა საქართველოში და უფრო მეტი საქართველოა NATO-ში, რაც სასარგებლოა როგორც NATO-სთვის, ასევე საქართველოსთვის.

როგორც NATO-ს წევრობის მსურველი ქვეყანა, საქართველო უნდა აკმაყოფილებდეს ალიანსში გაწევრებისთვის არსებულ დემოკრატიის სტანდარტებს. უახლოეს მომავალში ჩვენ ველოდებით არჩევნებს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტებს, რადგან ჩვენ ვართ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოება. NATO ანიჭებს უდიდეს მნიშვნელობას დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და სხვა დემოკრატიულ ღირებულებებს.

ჩვენ დავაკვირდებით ვითარებას უსაფთხოების მიმართულებით თქვენს ქვეყანაში. აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში სიტუაცია ნამდვილად არ უმჯობესდება და ვარშავის სამიტზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი სრული ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მასპინძლობისთვის და მეგობრობისათვის” – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი