მთავარი ტურიზმი აჭარაში ღვინის ტურისტული მარშრუტის მიმართულებით გიდები გადამზადნენ

აჭარაში ღვინის ტურისტული მარშრუტის მიმართულებით გიდები გადამზადნენ

0 566

აჭარაში გიდების გადამზადება მაღალმთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გრძელდება. ამჯერად, გიდების ცოდნის გაღრმავება ქედის ღვინის ტურისტული მარშრუტის მიმართულებით მოხდა. აჭარის ტურისტული პროდუქტების სააგენტომ რეგიონში მოქმედი 10 უცხო და ქართულენოვანი გიდი უცხოელ ტურისტებში პოპულარული მარშრუტის მიმართულებით გადაამზადა.

თეორიული სწავლების გარდა ტრენინგების ფარგლებში გიდებისთვის ღვინის მარშრუტის მიმართულებით ინფოტურები მოეწყო. ისინი მარშრუტზე არსებულ ღვინის მარნებს, საოჯახო სახლებსა და ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს გაეცნენ. ადგილზე დააგემოვნეს საოჯახო მარნებში დამზადებული ღვინო და ტრადიციული კერძები. რაც შეეხება თეორიულ ტრენინგებს, მათ აჭარაში ცნობილი მეღვინის, სომელიესა და ისტორიკოსისგან ღვინის ისტორიის, დეგუსტაციის წესებისა და ტექნოლოგიური მომზადების, ასევე ექსკურსიათმძღოლობისას პრობლემატური საკითხების მოგვარების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

აჭარაში ქედის ღვინის მარშრუტი განსაკუთრებით საინტერესოა ტურისტებისთვის, რომლებსაც რეგიონში ტრადიციული კერძების დაგემოვნება და მხოლოდ აჭარისთვის დამახასიათებელი ღვინის სახეობების აღმოჩენა სურს. ქედის „ჩხავერი“ და „ცოლიკაური“ განსაკუთრებული არომატით გამოირჩევა და ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს
მიზანია, რომ რეგიონში მოქმედი გიდები მარშრუტზე არსებულ ყველა სერვისსა და ტურისტულ ღირსშესანიშნაობას იცნობდნენ, რათა სწორად მოახდინონ მათი პოპულარიზაცია და შეთავაზება ტურისტებისთვის.

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ გადამზადებული გიდების ბაზა ტურისტულ სააგენტოებს გადაეცათ. ღვინის მარშრუტის გარდა სააგენტომ უკვე გადაამზადა გიდები მაჭახელას ტურისტული მარშრუტის მიმართულებითაც. გიდების გადამზადება შუახევისა და ხულოს ტურისტული მარშრუტის მიმართულებით იგეგმება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი