მთავარი სამართალი “ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ ერთად, რას როდის ჩავნიშნავთ და ვერავინ მიგვითითებს რა როგორ...

“ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ ერთად, რას როდის ჩავნიშნავთ და ვერავინ მიგვითითებს რა როგორ უნდა ვაკეთოთ“

0 640

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ვისი ინიციატივით დაიგეგმა საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრა, უცნობია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა მედიასთან განაცხადეს, რომ დიპლომატებს მიაწოდეს ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ასევე, მოსამართლეებმა გააკეთეს განმარტებები იმის თაობაზე, თუ რატომ არ მივიდნენ გიგი უგულავას და ე.წ. კაბელების საქმის განხილვის სხდომაზე, რომელიც დღეს იყო ჩანიშნული.

მათი თქმით, ეს არ იყო არანაირი პროტესტი და არც საბოტაჟი. მოსამართლეები განმარტავენ, რომ მათ სასამართლოს რამდენიმე დღით ადრე შეატყობინეს, რომ დღეს მათ ჰქონდათ დაგეგმილი შეხვედრა.

„სასამართლოს ირგვლივ შექმნილი ფონი, აშკარად არაჯანსაღია. მათ შორის საინფორმაციო ჭრილში და ის განცხადებები ხშირად არაკორექტული და სპეკულატიური, ალბათ ამ მიზანსაც ემსახურება. ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ ერთად, რას როდის ჩავნიშნავთ და ვერავინ მიგვითითებს რა როგორ უნდა ვაკეთოთ“, – განაცხადა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა ოთარ სიჭინავამ.

კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთმა მოსამართლემ ლალი ფაფიაშვილმა.

„ჩვენი მხრიდან საბოტაჟი ვერ იქნებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შაბათს, ჯერ კიდევ სასამართლოს თავმჯდომარისთვის ცნობილი იყო,რომ ჩვენ ვერ ჩამოვიდოდით. გუშინ ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით, რომ სასამართლოს თავისი ინიციატივით გადაეტანა ეს სხდომა. ძალიან ვწუხვარ, რომ სასამართლოს ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულება. დღევანდელ დღეს ჩვენ ვერ ვახერხებდით სასამართლო პროცესზე ჩასვლას“, – განაცხადა ლალი ფაფიაშვილმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი