მთავარი მედია „მაესტროს“ 27 ყოფილ თანამშრომელს ტელეკომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს

„მაესტროს“ 27 ყოფილ თანამშრომელს ტელეკომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს

„მაესტროს“ 27 გათავისუფლებულ თანამშრომელს ტელეკომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს.

საუბარია „ბიზნეს კონტაქტისა“ და „საქმიანი დილის“ თანამშრომლებზე.

ჟურნალისტების თქმით, ტელეკომპანიის ახალმა ხელმძღვანელობამ მათ ჯერ უფლებამოსილება შეუჩერა, 6 ივნისს კი სამსახურიდან გაათავისუფლა.

ტელეკომპანიის ყოფილი თანამშრომლების თქმით, მათ არა ერთხელ სცადეს ახალ მენეჯმენტთან მოლაპარაკება, თუმცა უშედეგოდ და ახლა პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ გზად საქმის სასამართლოში განხილვას მიიჩნევენ.

ჟურნალისტები „მაესტროსგან“ ფინანსური დავალიანების დაფარვას მოითხოვენ.

„ბიზნეს კონტაქტისა“ და „საქმიანი დილის“ ინტერესებს პროფკავშირების იურისტი რაისა ლიპარტელიანი დაიცავს.

მისი თქმით, შპს „მაესტრომ“ რამდენჯერმე დაარღვია ზეპირსიტყვიერი შეთანხმება, რის გამოც, ერთადერთ გამოსავლად სამართლებრივი დავა რჩება.

„სამართლებრივად არასწორი და უკანონო იყო შპს „მაესტროს“ 2 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის მიზეზიც თანამშრომელთა გაფიცვა გახდა. ეს იყო მათი უფლება და „მაესტროს“ ეს უნდა გაეთვალისწინებინა. ამავდროულად, თანამშრომლებმა დააფიქსირეს, რომ მზად იყვნენ გაეგრძელებინათ შრომითი უფლებამოსილება 30 დღის ვადით და შეესრულებინათ ნაკისრი ვალდებულებები. ჩვენი მხრიდან არაერთგზის იყო მოლაპარაკება მაისის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, ზეპირსიტყვიერად შევთანხმდით მხარეები, რომ ანაზღაურების თარიღად განისაზღვრებოდა 14 ივნისი. ასევე შპს „მაესტროს“ უნდა მოეხდინა ამ 14 დღის ანაზღაურებაც, თუმცა სამწუხაროდ, „მაესტრომ“ დაარღვია შეთანხმება და ერთადერთი გამოსავალი, სამართლებრივი დავაა. მოქმედი კანონმდებლობით, შპს „მაესტროს“ ყოველ გადაცილებულ დღეზე დაემატება გათავისუფლებულ თანამშრომელთა ხელფასის 0.07 %-ის გადახდა, სანამ არ მოხდება მათი მთლიანი გასტუმრება”, – განაცხადა რაისა ლიპარტელიანმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი