მთავარი კულტურა იუნესკომ მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან ამოიღო

იუნესკომ მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან ამოიღო

0 1006

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან ამოიღო და მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დააბრუნა”,- აღნიშნულის შესახებ კულტურის სამინისტრომ განაცხადა.

უწყების ინფორმაციით, გადაწყვეტილება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40 სესიაზე მიიღეს, სადაც საქართველოს დელეგაციას, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე და სააგენტოს თანამშრომლები წარმოადგენდნენ.

კომიტეტის წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადებითად შეფასდა ის კომპლექსური ძალისხმევა, რომელსაც სახელმწიფო მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მიმართულებით ახორციელებს.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ კომიტეტის წევრებს მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა . კომიტეტის წევრებს ასევე საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ დეტალურ ანგარიშს მცხეთის ისტორიული ძეგლების დაცვის მიმართულებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით.

”გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა და რეგულარული კონსულტაციები მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და მის მრჩეველ ორგანოებთან (ICOMOS, ICC ROM). რომლებიც გააგრძელებენ საქართველოში მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებზე და მათ შორის მცხეთის ისტორიულ ძეგლებზე მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას”, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წლიდანაა შესული, ხოლო სახელმწიფოს მიერ გადადგმული არათანმიმდევრული ქმედებებისა და საერთაშორისო ვალდებულებების უგულველყოფის გამო 2009 წლიდან იგი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში იქნა გადატანილი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი