მთავარი განათლება თუ აღმოჩნდა მტკიცებულებები შაჰინის სკოლის მიერ ბავშვების ტერორიზმში ჩართვის შესახებ, ეს იქნება...

თუ აღმოჩნდა მტკიცებულებები შაჰინის სკოლის მიერ ბავშვების ტერორიზმში ჩართვის შესახებ, ეს იქნება სამართლებრივი დევნის საფუძველი

1 874

თუ აღმოჩნდა მტკიცებულებები ბათუმში მდებარე, „შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმის“ მიერ ტერორიზმში ან სხვა სახის უკანონობაში ბავშვების ჩართვის შესახებ, ეს იქნება როგორც ადმინისტრაციული, ასევე შესაძლოა სისხლის სამართლის დევნის საფუძველი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განუცხადა, თუმცა მინისტრმა იქვე დასძინა, რომ ამ დროისთვის აღნიშნულის მტკიცებულებები მათ არ აქვთ. 

ჯეჯელავას თქმით, აშშ-ში მცხოვრები ფეთჰულა გიულენის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ფინანსდება, მათ შორის საქართველოშიც სკოლების მთელი ქსელი არსებობს.

„ეს სკოლები უმეტეს შემთხვევაში აკრედიტებულია ჩვენი კანონმდებლობით. ქართულ ენაზე მიდის სწავლება ჩვენი პროგრამების მიხედვით. შესაბამისად, არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერორიზმთან ან სხვა სახის უკანონობასთან ჰქონდეს კავშირი ამ სკოლებს, აქამდე არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით თურქეთის ხელისუფლების დამოკიდებულებას ახლა“, – განაცხადა ჯეჯელავამ. 
მისივე თქმით, ხვალ არის დაგეგმილი თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინსიტრის ვიზიტი. დელეგაციის შემადგენლობაში იქნება თავადაც და უმაღლესი დონის შეხვედრებზე აღნიშნულ საკითხს აუცილებლად განიხილავენ. 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენს მეგობრობას არაფერი ართულებდეს, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვანია, რომ ობიექტურად შევაფასოთ სიტუაცია და ერთი ადამიანის განცხადებაზე არ ავაგოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა ჯეჯელავამ.
კითხვაზე, ხომ არ შეუწყდება აკრედიტაცია აღნიშნულ ლიცეუმს, მინისტრის თქმით, არსებობს კანონი, რომელშიც კონკრეტულადაა გაწერილი აკრედიტაციის შეწყვეტის საფუძველი.

„მართლა თუ აღმოჩნდა მტკიცებულება ტერორიზმში, ან სხვა სახის უკანონობაში ბავშვების ჩართვის შესახებ, აუცილებლად, ეს იქნება როგორც ადმინისტრაციული, ასევე შესაძლოა სისხლის სამართლის დევნის დაწყების საფუძველი, თუმცა ამ წუთას ასეთი მტკიცებულებები ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

თურქეთის გენერალური კონსულის, იასინ თემისქანის განცხადებით, ბათუმში შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან. 
კონსულის განმარტებით, სასწავლო დაწესებულებას ტერორისტული დაჯგუფებები მართავენ, შესაბამისად, იქ ბავშვები მათივე იდეოლოგიის ქვეშ იზრდებიან. 

მისივე თქმით, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციას საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელი აქვს. ის აჭარის მოსახლეობას მოუწოდებს, ბავშვები სკოლიდან გამოიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი სავალალო შედეგის წინაშე აღმოჩნდებიან.

1 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი