მთავარი ეს საინტერესოა ერიხ მარია რემარკი: ,,ბედნიერება იწყება შენით და შენთანვე მთავრდება”

ერიხ მარია რემარკი: ,,ბედნიერება იწყება შენით და შენთანვე მთავრდება”

გამოჩენილი გერმანელი მწერლის, ე.წ. „დაკარგული თაობის“ წარმომადგენლის, ერიხ მარია რემარკის ,,ტრიუმფალური თაღი” სიყვარულის ტრაგიკულ ბედზეა, ადამიანის ბედი ფაშისტურ, გულცივ სამყაროში და სიყვარული, როგორც ერთადერთი, თუნდაც დროებითი თავშესაფარი.

 ფაშისტური გერმანიიდან განდევნილი, ნიჭიერი ექიმი რავიკი პარიზში ცხოვრობს და ემიგრანტის საშინელ ხვედრს იზიარებს, დაეძებს ჯალათს, რომელმაც არაერთი ადამიანი აწამა და ერთპიროვნულად უსწორდება მას. ემიგრანტის სტატუსი და მის ქვეშ მცხოვრებ ადამიანთა მძიმე ხვედრი.სიყვარული, რომელიც განწირულია დასაღუპავად და შურისძიების წყურვილი, ადამიანს რომ საკუთარ თავს ავიწყებს და ოსტატურად გადმოცემული ეს ყოველივე.

 

რავიკის ცხოვრებისეულ გამოცდილებას აირეკლავს მისი ყოველი ნაბიჯი, ჭეშმარიტებით აღსავსეს ხდის მის ყოველ სიტყვას. რემარკი მისი ენით გადმოგვცემს არაერთ ცხოვრებისეულ სიბრძნეს. ამასთან, ავტორის ენა, მისი ოსტატური წერის მანერა არაჩვეულებრივად საინტერესოს ხდის კითხვის პროცესს. საოცარი ძალა აქვს მის ყოველ სიტყვას.

რემარკი ხშირად ექცეოდა კრიტიკის ქარცეცხლში. ყოველ მის რომანს მოყვებოდა როგორც დაგმობა და უარყოფა, ასევე დიდება და პოპულარობა. 

გთავაზობთ ამონარიდებს  ,,ტრიუმფალური თაღიდან”, რომელიც რემარკისეულ ხედვას უფრო ნათლად წარმოაჩენს.

ყველაფერი რისი მოგვარებაც ფულით ხერხდება იაფია

***

მძიმე ჟამს ღმერთს ყოველთვის აქვს რაღაც შანსი

***

შებრალება საპატიებელია მხოლოდ მშვიდობიან დროს, მაშინ კი არა , როცა საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება

***

იაფფასიანია მხოლოდ ის, რასაც საკუთარი თავის რწმენას მოკლებული ადამიანები ატარებენ

***

შეიძლება გახდე მთავარანგელოზი, მასხარა, დამნაშავე – და ვერავინ შენიშნავს ამას. მაგრამ აი, ვთქვათ ღილი მოგწყდა სადმე- ამას კი მაშინვე ყველა დაინახავს. რა სულელურად არის ქვეყნად მოწყობილი ყველაფერი!

***

იმ კატას გავდა , ჩიტს რომ უთვალთვალებს და ისეთ სახეს იღებს, ვითომ მისი მზერით ტკბება 

***

თუ რაიმეს გაკეთება გინდა , არასდროს იკითხო ამას რა მოყვება, თორემ ვერაფერს გააკეთებ

***

ბედნიერება იწყება შენით და შენთანვე მთავრდება

***

ვინც მართლა დაღუპულია, ის არაფერს ამბობს

***

კლინიკა მონასტერივითაა- ხელახლა სწავლობ ყველაზე უბრალი ამბების დაფასებას,იგებ , რას ნიშნავს სიარული, სუნთქვა, ხედვა

***

ბედნიერება, როგორღაც ძალიან უბრალოდ მოდის ხოლმე და მუდამ ბევრად უფრო მარტივად, ვიდრე კაცი ფიქრობს

***

დიდ სიღრმეზე მობინადრე თევზს არ აღელვებს ოკეანის ზედაპირზე მძვინვარე ქარიშხლები

***

ღამით ბევრი რამ მუქ ფერებში ეხატება ადამიანს.

***

მისთვის, ვინც მოკვდა, მისი სიკვდილი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე თავისი ღერძის გარშემო მბრუნავი მთელი დედამიწა.

***

რა უნდა მისცეს ერთმა ადამიანმა მეორეს, ერთი წვეთი სითბოს გარდა? და რა უნდა იყოს ამაზე დიდი?

***

სიცოცხლე – იმაზე მეტია, ვიდრე სენტიმენტალურ ცნობათა კრებული.

***

ვიდრე ცოცხალი ხარ, არავის ენაღვლები. მოკვდები თუ არა, არაჩვეულებრივარ მნიშვნელოვანი ხდები.

***

პარიზი ერთადერთი ქალაქია, სადაც შეიძლება ბრწყინვალედ გაატარო დრო ისე, რომ არაფერი აკეთო.

***

შეურაცხყოფისაგან თავის დაცვა შეიძლება, თანაგრძნობისაგან კი – არა.

***

დედამიწაზე ყველაფრისთვისაა საკმარისი ადგილი. მხოლოდ ადამიანებს არა აქვთ ადგილი.

***

ცხოვრება არ აპირებდა ჩვენგან სრულყოფილ არსებათა შექმნას. ვინც სრულყოფილია, მისი ადგილი მუზეუმშია.

***

ყველაზე მსუბუქი ხასიათი ცინიკოსებს აქვთ, ყველაზე აუტანელი – იდეალისტებს.

***

ყველაფერი რისი მოგვარებაც ფულით ხერხდება, იაფია.

***

მხოლოდ ოცნება გვაიძულებს შევურიგდეთ სინამდვილეს.

***

მეტისმეტად სერიოზული რამ არის ცხოვრება, რომ იმაზე ადრე დასრულდეს,ვიდრე სუნთქვას შეწყვეტთ.

***

დამარხე მიცვალებული და კბილით ჩაეჭიდე ცხოვრებას.

***

თუ რაიმეს გაკეთება გინდა,არასოდეს არ იკითხო, ამას რა მოჰყვება, თორემ ვერაფერს გააკეთებ.

***

ორიდან ერთი ყოველთვის ტოვებს მეორეს. მთავარი ისაა, რომელი რომელს დაასწრებს.

***

ნელი, ნელი მოძრაობა ცხოვრების გზაზე. გულის ყოველ ძგერაზე მილიმეტრობით ვუახლობდებით სიკვდილს.

***

უსიყვარულოდ ადამიანი იგივეა, რაც მიცვალებული შვებულებაში.

***

ცხოვრება არის ცხოვრება,არაფერი არ ღირს და უსასრულოდ ბევრიც ღირს.

***

ღამით დრო გაჩერებულია, მხოლოდ საათი მიდის.

***

ზღაპრული ბედნიერება – იწვე და არაფერზე ფიქრობდე.

***

ყველაფერი ყოველთვის წინასწარ არის გადაწყვეტილი, ხოლო ადამიანები არა გრძნობენ ამას და კვანძის დრამატული გახსნის მომენტი ჰგონიათ გადამწყვეტი საათი, თუმცა ამ საათმა უკვე დიდი ხანია უხმაუროდ დაჰკრა.

***

აი, დღეც დადგა, სადღაც, დედამიწის მეორე მხარეს კი ჯერ ისევ ღამეა. როდისმე ისეთ თვითმფრინავებს გამოიგონებენ, რომ შესაძლებელი იქნება, ადამიანი ღამეს დაეწიოს, დედამიწის ბრუნვის სისწრაფით გაფრინდეს. და თუ დილის ოთხ საათზე გეყვარები, საქმეს ისე მოვაწყობთ, რომ სულ დილის ოთხი საათი იქნება. დროსთან ერთად გავეშურებით დედამიწის გარშემო, და დრო-ჟამი შეჩერდება ჩვენთვის.

***

ცხოვრება ჯოჯოხეთური სისწრაფით მიექანება. არაფერს არ უნდა მიეჩვიო.

***

საკმარისია ნამცეცი ფანტაზია – და ნაგვის ყოველი ზვინი ვერცხლის საბადოებად იქცევა ხოლმე.

***

თუ სისულელეების ჩადენაზე ხელი ავიღეთ – ჩანს, დავბერებულვართ.

***

გაიღვიძა და მაშინვე იგრძნო, რომ ჟოანი მის ოთახშია. ჯერ კიდევ ბნელოდა, ქალის დანახვა არ შეეძლო, მაგრამ იცოდა, რომ ქალი იქვე იყო. ოთახიც სხვა გახდა, ფანჯარაც სხვანაირი, ჰაერიც სხვაგვარი, და თვითონაც სულ სხვა არსებას იქცა.

***

ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო, ყველაფერი დანარჩენი – სიცრუეა.

***

ყველანი ცხოვრების ჩრდილოვანი მხარეების ანგარიშზე ვცხოვრობთ.

***

უეცრად სუნთქვა შეეკრა: ერთი წამით მოეჩვენა, რომ ეს ქალი გაგიჟებით უყვარს.

***

საკუთარ გრძნობას ისე ვკვეთ, როგორც მორგში დასვენებულ გვამს, მაგრამ ეს არ მშველის, ასმაგად ძლიერ ტკივილებსა ვგრძნობ. ვიცი, ბოლოსდაბოლოს ყველაფერი გაივლის, მაგრამ არც ეს მშველის. თუმცა ვერაფერს ხედავდა, თვალები ჟოანის ფანჯარას მიაპყრო, თანაც გრძნობდა,უგუნურობამდე სასაცილო რომ იყო… მაგრამ ესეც არაფერს ცვლიდა…

***

არ მინდოდა სიყვარული და არ მწამდა, არ მეგონა, თუ ხელახლა მომევლინებოდა… მაგრამ მოვიდა და მთელი ჩემი გამოცდილება უსარგებლო გახადა, ცოდნა კი მხოლოდ ტკივილს მაყენებს.

 

ავტორი: მარიამ ქობულია

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი