მთავარი ჯამრთელობა ხელვაჩაურში 24 ადამიანის მოწამვლის სავარაუდო მიზეზი გამოიკვეთა

ხელვაჩაურში 24 ადამიანის მოწამვლის სავარაუდო მიზეზი გამოიკვეთა

0 524

ხელვაჩაურში 24 ადამიანის მოწამლის ფაქტთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

მისივე თქმით, კონკრეტულად რომელმა ნივთიერებამ გამოიწვია მოწამვლა, ექსპერტიზა მიმდინარეობს და იგი ჯერ არ დასრულებულა. 

„პირველ დღეს ჩატარდა ეპიდემიოლოგიური კვლევა, ატარებენ ძალიან დეტალურ გამოკითხვას – პრაქტიკულად გამოძიებას კვების პროდუქტებთან დაკავშირებით. გამოიკვეთა ცალსახა პასუხი, რომ ეს იყო ერთ-ერთ კვების პროდუქტთან, ხაჭაპურთან კავშირში, რადგან უკლებლივ ყველასთან განვითარდა ეს მოვლენები. რაც შეეხება იმას, რომელმა კონკრეტულმა ნივთიერებამ გამოიწვია მოწამვლა, ამის დასადგენად ექსპერტიზა მიმდინარეობს და პასუხი მალე გვეცოდინება. თუმცა, საბედნიეროდ, ამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა სერგეენკომ. 

მისივე თქმით, თბილისში სამკურნალოდ გადმოყვანილი 11 ბავშვიდან კლინიკაში მეთვალყურეობის ქვეშ ორი რჩება. 

ხელვაჩაურში სოფელ სატეხიაში 24 ადამიანის მოწამვლის ფაქტზე გამოძიება 15 ივნისს დაიწყო. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოკვლევა.

სოფელ სატეხიაში მცხოვრებლებს ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები აქვთ. ერთი ვერსიით, ინტოქსიკაცია გაზიანმა სასმელმა გამოიწვია, მეორე ვერსიით კი, შესაძლოა მოწამვლა განზრახ განხორციელდა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი