მთავარი პოლიტიკა საქართველოს პრეზიდენტმა კარნეგის ცეტნრში ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან დისკუსია გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა კარნეგის ცეტნრში ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან დისკუსია გამართა

0 411

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კარნეგის ფონდის ბელგიის ოფისს ეწვია და ევროკავშირის ინსტიტუტების, დიპლომატიური კორპუსისა და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა და საქართველოს როლზე ისაუბრა, როგორც რეგიონული, ისე გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. საუბარი რეგიონის გეოპოლიტიკურ ვითარებასაც შეეხო. დისკუსიაში მონაწილეებმა ჩვენს რეგიონში არსებული სიტუაცია განიხილეს და იმ შემაშფოთებელ გარემოზე ისაუბრეს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეინიშნება.

ხაზგასმით აღინიშნა ბოლო დროს ხურჩაში მომხდარი შემაძრწუნებელი ინციდენტი, როდესაც საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს საოკუპაციო ხაზთან.

საუბარი მომავალ NATO-ს ვარშავის სამიტსა და ჩვენი ქვეყნისათვის მის მნიშვნელობასაც შეეხო.

დისკუსიაში მონაწილეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხიც განიხილეს.

მნიშვნელოვანი ყურადღება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას დაეთმო. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მხარს უჭერენ უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები საქართველოში საარჩევნო გარემოთიც დაინტერესდნენ. საუბარი ეკონომიკურ საკითხებსაც შეეხო. ხაზგასმით აღნიშნა ახალი აბრეშუმის გზის პროექტის მნიშვნელობა და ზოგადად საქართველოს როლი, როგორც შემაკავშირებელი აზიისა და ევროპის ბაზრებს შორის.

საქართველოს პრეზიდენტმა ბრუსელში ვიზიტი კარნეგის ფონდში სტუმრობით დაიწყო.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი