მთავარი საზოგადოება საქართველოს მხარდამჭერი დოკუმენტი ევროპარლამენტში – “ევროპის სახალხო პარტიის” წევრმა საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა

საქართველოს მხარდამჭერი დოკუმენტი ევროპარლამენტში – “ევროპის სახალხო პარტიის” წევრმა საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა

ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელი, ევროპის სახალხო პარტიის წევრი, მარია გაბრიელი რეკომენდაციას აძლევს სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების კომიტეტს მხარი დაუჭიროს მის მიერ წარმოდგენილ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საკანონმდებლო ინიციატივის ანგარიშის პროექტს.

მარია გაბრიელმა გამოაქვეყნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საკანონმდებლო ინიციატივის ანგარიშის პროექტი.

მასში, აღნიშნულია, რომ საქართველომ შეასრულა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება, და მომხსენებელი ძალზედ პოზიტიურად აფასებს იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებამ, ევროკომისიის დასკვნის შემდეგაც, შეიმუშავა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და გააგრძელა დაწყებული რეფორმები იმ სფეროებში, სადაც უკვე მიღწეული იყო საკმარისი პროგრესი.

ხაზგასმულია, ასევე, რომ ასოცირების შეთანხმების დადებამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სრულიად ახალ დონეზე აიყვანა, ღრმა და ყოვლის მომცველმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ კი მნიშვნელოვნად გაზარდა ევროკავშირის, როგორც საქართველოს კომერციული პარტნიორის როლი.

დასასრულს მომხსენებელი აღნიშნავს, რომ ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი წინადადების მიღებით, ევროპარლამენტი დაადასტურებს იმ პრინციპებისადმი ერთგულებას, რომ თითოეულ ქვეყანას ყველა შესაბამისი კრიტერიუმის წარმატებით შესრულების შემდეგ, შეუძლია ისარგებლოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციით.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი