მთავარი საზოგადოება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარებაზე კანონის გამკაცრება იგეგმება

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარებაზე კანონის გამკაცრება იგეგმება

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მწეველთათვის სპეციალური ადგილების გამოყოფა სავალდებულო იქნება, ან მოწევა მთლიანად აიკრძალება. ასევე, შესაძლოა აიკრძალოს თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობების განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე და ან სხვაგან ისეთი სახით, რაც თამბაქოს პროდუქციას ხილვადს გახდის.

თამბაქოს ნაწარმის კატეგორიაში, შესაძლოა, ე.წ. ელექტრონული სიგარეტიც განისაზღვროს და შეზღუდვები მის გამოყენებაზეც გავრცელდეს.
ამ და სხვა აკრძალვებს საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა. ინიციატორი დეპუტატი გუგული მაღრაძეა.

“აკრძალვები შეეხება რესტორნებს, სასტუმროებს, კაფე-ბარებს და ასე შემდეგ. ჩვენ კანონში ამ მოთხოვნას ვდებთ, მაგრამ მათ 2018 წლის 1-ელ იანვრამდე ვაძლევთ ვადას, რომ ან მოახერხონ და ცალკე მოსაწევი ადგილები გამოყონ ან მოწევა მთლიანად აკრძალონ“, – აცხადებს გუგული მაღრაძე.

დეპუტატმა ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა, რაც დიკუსიის საგანი გახდა. საბოლოოდ, ბიუროს წევრები შეთანხმდნენ, რომ მას პარლამენტი ჩვეულებრივი – არადაჩქარებული წესით განიხილავს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი