მთავარი პოლიტიკა პრემიერს შეუძლია თინა ხიდაშელის მიერ გამოცემული ბრძანება გააუქმოს

პრემიერს შეუძლია თინა ხიდაშელის მიერ გამოცემული ბრძანება გააუქმოს

0 590

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრს შეუძლია სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შეჩერების თაობაზე თავდაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანება გააუქმოს.
როგორც დეპუტატმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, აღნიშნული დოკუმენტი უკვე ძალაშია, მაგრამ პრემიერს მიზანშეუწონლობის გამო, მისი გაუქმების შესაძლებლობა აქვს.
“აქ კიდევ ერთი სასაცილო მომენტი არის ის, რომ საგაზაფხულო გაწვევა სამ დღეში მთავრდება. თავდაცვის სამინისტრომ 1000 კაცი გაიწვია. საშემოდგომო გაწვევა დაიწყება აგვისტოში და ქალბატონი მინისტრი ამ ბრძანებას გამოსცემს დღეს, როცა ჯერ კიდევ მიმდინარეობს გაწვევა. მას გაწვევაზე შეეძლო უარი ეთქვა არა ბრძანებით, არამედ საშემოდგომო გაწვევაზე განაცხადი არ გაეკეთებინა და ამით დამთავრდებოდა. ამიტომ კიდევ ერთხელ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის პოლიტიკური პიარის ნაწილი“, – განაცხადა სესიაშვილმა.

დღეიდან თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა.

როგორც ხიდაშელმა განმარტა, ამ ბრძანების შესაბამისად დღეიდან თავდაცვის სამინისტრო არ განახორციელებს სამხედრო-სავალდებულო გაწვევას.

”მე დავდე პირობა, რომ ყველაფერი გავაკეთებდი, რათა 2017 წლიდან ჯარში გაწვევა აღარ არსებობდეს. ჩვენ ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ პრობლემის მოგვარება, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა შეირაღებულ ძალებში, ეს არ გამოვიდა. თუმცა, ვიპოვეთ სხვა ფორმა, რომლითაც თავდაცვის მინისტრს შემიძლია, რომ ეს გადაწყვეტილება ცალხმრივად და ერთპიროვნულად მივიღო. დღეიდან მოყოლებული, თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად აღარ განახორციელებს გაწვევას და მოთხოვანს, წვევამდელების გაწვევაზე. ძალით მოყვანილი სამხედროები არ სჭირდება შეირაღებულ ძალებს”, – განაცხადა ხიდაშელმა.

როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ თავდაცვის შემდგომი მინისტრი სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენას გადაწყვეტს, მას მისი ამ ბრძანების გაუქმება მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს გარდა, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას სხვა უწყებებიც ახორციელებენ, თუმცა თინა ხიდაშელის ბრძანება მათ არ ეხებათ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი