მთავარი მსოფლიო ნიკოლა სარკოზიმ რუსეთსა და ევროპას სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდა

ნიკოლა სარკოზიმ რუსეთსა და ევროპას სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდა

0 557

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთსა და ევროპას სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდა.

როგორც ნიკოლა სარკოზიმ აღნიშნა, ვლადიმირ პუტინთან პირადი შეხვედრისას მან რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, გადადგას პირველი ნაბიჯი და გააუქმოს სასურსათო ემბარგო, რომელიც მოსკოვმა ევროპას დაუწესა.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პირველმა ხელი ყველაზე ძლიერმა უნდა გაუწოდეს, ასეთი კი რუსეთია.

პოლიტიკოსის თქმით, სანქციების გამო ნაკლებად სავარაუდოა, რომ მინსკის შეთანხმებების განხორციელება და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირება შესაძლებელი იქნება. სარკოზიმ აღნიშნა, რომ სანქციები რუსეთსა და ევროპას შორის უნდობლობის ატმოსფეროს ქმნის, რის გამოც შეთანხმების მიღწევა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება.

ამას გარდა, საფრანგეთის ყოფილი ლიდერი ფიქრობს, რომ რუსეთი ევროპას სირიის პრობლემის მოსაგვარებლადაც სჭირდება. ნიკოლა სარკოზის თქმით, უნდა შეიქმნას ერთი საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიცია.

“ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობები ვინმეს მიერ არ უნდა იყოს ნაკარნახევი”, – განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ და დასძინა, რომ აშშ ორი გეოპოლიტიკური სუბიექტის ურთიერთობებში არ უნდა ჩაერიოს.

სარკოზი ამბობს, რომ უკრაინა ევროპისა და რუსეთის დამაკავშირებელი რგოლი უნდა გახდეს, ამიტომ ის უკრაინის ნატო-ში შესვლასა და მის ევროკავშირთან ღრმა ინტეგრაციას ეწინააღმდეგება.

ნიკოლა სარკოზის თქმით, ვლადიმირ პუტინის ავტორიტეტი უდაოა. თუმცა მასაც ჰქონია რუსეთის პრეზიდენტთან უთანხმოებები, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო საზღვრების დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ყირიმის სტატუსს, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდნეტი აცხადებს, რომ ყირიმი მინსკის შეთანხმებებში ნახსენები არ არის.

სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი დღეს, 16 ივნისს გაიხსნა. ფორუმის გახსნამდე ერთი დღით ადრე ვლადიმირ პუტინსა და ნიკოლა სარკოზის შორის არაფორმალური ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტი ევროკომისიის პრეზიდენტს, ჟან-კლოდ იუნკერთანაც გეგმავს შეხვედრას.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი