მთავარი საზოგადოება ”თავისუფალი დემოკრატების” განცხადება

”თავისუფალი დემოკრატების” განცხადება

”თავისუფალი დემოკრატების” განცხადება

დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. დღე, როდესაც პოლიტიკოსებს ახსენდებათ, რომ ქვეყანაში არიან გაჭირვებული, დაჩაგრული ბავშვები და დღე, როდესაც ტელევიზიებით ვნახულობთ, როგორ მიდიან პოლიტიკოსები ბავშვთა სახლებში და მიაქვთ ტკბილეული. სამწუხაროა, რომ ბავშვებს, რომლებიც დღესასწაულიდან დღესასწაულამდე ცოტას თუ ახსოვს, იყენებენ საარჩევნო მიზნისთვის და პოლიტიკური ქულების დასაწერად.
ბავშვების უფლებებს სერიოზული დაცვა ჭირდება და მას პირველ რიგში სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს. დაცვის ერთ-ერთი გზა არის იმ საერთაშორისო კონვენციებზე მიერთება, რომელიც გაერომ შექმნა ბავშვთა უფლებების დასაცავად. საქართველოს მთავრობა ან საერთოდ არ ასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით, ან ძალიან აჭიანურებს ამ პროცესს. გაეროს ბავშვთა უფლებების კომისია ჯერ კიდევ 2008 წელს საყვედურობდა საქართველოს, რომ ქვეყანაში არ შექმნილა საკოორდინაციო ოფისი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის შესრულებას. საქართველოს ჯერ კიდევ არ მოუხდენია ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიაში მოყვანა უკვე რატიფიცირებულ ჰააგის კონვენციასთან ქვეყნებს შორის გაშვილების Inter-Country adoption საკითხზე, რაც უცხოეთში გაშვილებულ ბავშვებს უდიდეს რისკს უქმნის. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების 27-ე პარაგრაფიც აღნიშნავს, რომ ბავშთა სიღარიბის შემცირების საკითხში სავალალო მდგომარეობაა.
და მთავარი – საქართველოს მთავრობა არა და არ ახდენს გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის მესამე დამატებითი ოქმის რატიფიცირებას, რომელიც ბავშვებს მისცემს საშუალებას, თავიანთი უფლებების დასაცავად მიმართონ გაეროს ბავშვთა უფლებების კომისიას, თუკი თავიანთ ქვეყანაში გაიარეს ყველა იურიდიული საფეხური და სამართალს ვერ მიაღწიეს. ეს დაახლოებით იგივეა, რაც ევროპული და საერთაშორისო სასამართლოები. მესამე პროტოკოლი ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელიც აძლიერებს ბავშვთა უფლებებს და ზრდის მთავრობის პასუხისმგებლობას ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის ამოქმედებაში. საქართველოს მთავრობამ ამ პროტოკოლის რატიფიცირების პირობა ბევრჯერ დადო, მათ შორის 2014/2015 წლის ადამიანის უფლებების ეროვნულ გეგმაში (პუნქტი 13.1.2.2.) და ბოლოს Universal Periodic Revue-ში.
ჩვენ, თავისუფალმა დემოკრატებმა, მთავრობაში ყოფნისას მოვამზადეთ ამ პროტოკოლის რატიფიცირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია (საგარეო საქმეთა სამინისტრომ). ჩვენი მთავრობიდან წასვლის შემდეგ ეს მნიშვნელოვანი საქმე მთავრობამ დაივიწყა.
დღეს, ბავშვთა დაცვის დღეს მოვუწოდებთ მთავრობას, გვერდზე გადადოს პოპულისტური და საარჩევნო ქულების დაწერისთვის გამიზნული ყალბი მზრუნველობის გამოხატვა დაჩაგრული ბავშვების მიმართ და საქმეს მიხედოს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, რომ ბავშვები საქართველოში იყვნენ უფრო დაცულები. ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები ამას გავაკეთებთ 2016 წლის ოქტომბერში, როცა გავიმარჯვებთ არჩევნებში და მოვალთ ხელისუფლებაში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი