მთავარი საზოგადოება ეკა გიგაური – ნამდვილად გასაკვირი იყო, რომ სააპელაციო სასამართლომ აბსოლუტურად იგივე გადაწყვეტილება...

ეკა გიგაური – ნამდვილად გასაკვირი იყო, რომ სააპელაციო სასამართლომ აბსოლუტურად იგივე გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

ჩემთვის ნამდვილად გასაკვირი იყო, რომ სააპელაციო სასამართლომ აბსოლუტურად იგივე გადაწყვეტილება დატოვა ძალაში, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ „რუსთავის 2“-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.

გიგაურის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებაში ძალიან ბევრი ხარვეზი და კითხვის ნიშანი იყო.

„ძალიან ბევრი საკითხი იყო იქ, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას. რა თქმა უნდა, ჩვენ დაველოდებით დასაბუთებას და ვნახავთ, იქ რა არის ახალი, მაგრამ ის, რომ აბსოლუტურად შეუცველი დატოვა სასამართლომ გადაწყვეტილება, მართლაც ძალიან ცუდია. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ მთავრობა და ხელისუფლება დაფიქრდეს რა ხდება დღეს სასამართლოში, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს არაა ნამდვილად გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესი. სასამართლო რამდენიმეტომიან საქმეზე გადაწყვეტილებას სულ რამდენიმე დღეში იღებს. ეს არაა დემოკრატიული სასამართლოს სტანდარტი, შესაბამისად, ჩვენ აქ ძალიან ბევრ პრობლემას ვხედავთ“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

სააპელაციო სასამართლომ ”რუსთავი 2”-ის საქმეზე პირველი ინსტანციის გაადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის მიერ 2015 წლის 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნებას ითხოვდნენ, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი