მთავარი პოლიტიკა გიორგი კვირიკაშვილი – ,,საქართველოს მალე 2 მილიარდიან ბაზარზე ექნება თავისუფალი წვდომა”

გიორგი კვირიკაშვილი – ,,საქართველოს მალე 2 მილიარდიან ბაზარზე ექნება თავისუფალი წვდომა”

0 645

ჩემი მთავრობა ყველა ღონეს მიმართავს, რათა საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქტების მსხვილ ექპორტიორად აქციოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაცია CNFA-ს საქართველოში საქმიანობის 10 წლისთავთან დაკავშირებით “ექსპო ჯორჯიაში” გამართულ საზეიმო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კვირიკაშვილმა CNFA-ს იუბილე მიულოცა და საქართველოში განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.

“10 წელზე მეტია, CNFA უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნის სოფლის მეორნეობის გარდაქმნის პროცესში. ამ დროის მანძილზე CNFA ჩვენთვის არამარტო პარტნიორი, არამედ მეგობარიც იყო. აშშ-ის მთავრობის, განსაკუთრებით კი USAID-სა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დახმარებით, საქართველოს CNFA-ს მსგავსი ორგანიზაციების გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდა”, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა გაიხსენა, რომ 2008 წელს რუსეთთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ, USAID-ის პროგრამის საშუალებით CNFA-მ საქართველოს ნიშვნელოვანი დახმარება გაუწია. გარდა ამისა, ბაღების მოვლის ხელშეწყობის მიზნით, CNFA-მ, “ქართუ ბანკთან” ერთად, ელექტრონული ვაუჩერების საბარათე სისტემა დანერგა. აღნიშნული ბარათები გადაეცა 17 000-ზე მეტ ფერმერს, რომლებმაც მცენარეების მოვლის 5,8 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქტები შეიძინეს.

მისივე ინფორმაციით, საერთო ჯამში, CNFA-მ საქართველოში 8 პროექტის რეალიზაციას შეუწყო ხელი; USAID-ისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეშვეობით, ამერიკის მთავრობამ დახმარება 430-ზე მეტ სოფლის მეურნეობის საწარმოს გაუწია, შექმნა 3500-ზე მეტი სამუშაო ადგილი და აამაღლა 140 000-ზე მეტი პირის კვალიფიკაცია; შედეგად, CNFA-ს მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო საწარმოების გაყიდვებმა 51 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

“ტრადიციულად, სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, თუმცა გასული წლების მანძილზე იგი მნიშვნელოვნად დასუსტდა და საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში მისი წილი შემცირდა. საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლის ტიპის დასახლებებში ცხოვრობს – ამდენად, აღნიშნული მოვლენა მათზე უარყოფითად აისახა. სოფლის მეურნეობის რეფორმირების მიზნით, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ახალმა მთავრობამ შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაიწყო. ეს ღონისძიებები ექსპორტისა და წარმოების მოცულობის ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას ისახავდა მიზნად. ჩემი მთავრობა ყველა ღონეს მიმარავს, რომ სოფლის მეურნეობის საწარმოებისთვის მოსახერხებელი გარემო შექმნას და საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქტების მსხვილ ექპორტიორად აქციოს”,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირისა და დსთ-ს ქვეყნებთან, ასევე, თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობს; თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დასრულებულია ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, ხოლო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან, რაც ნიშნავს, 

რომ საქართველოს მალე 2 მილიარდიან ბაზარზე ექნება თავისუფალი წვდომა.

მისივე თქმით, გასული 4 წლის მანძილზე საქართველოს მთავრობამ განახორციელა მნიშვნელოვანი ინვესტიციები სოფლის მეურნეობის ძირითად დარგებში: წარმატებით დასრულდა საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციისა და აღდგენის 120-ზე მეტი პროექტი. 2012 წლის შემდეგ გაორმაგდა სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი.

“მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტები მიზნად ისახავს როგორც წვრილ მიწათმფლობელთა, ისე მსხვილი კოოპერატივების მხარდაჭერას. სხვადასხვა პროექტების მეშვეობით, სახელმწიფომ დახმარება 800 000-ზე მეტი წვრილ ფერმერს გაუწია. ჩვენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებასაც ვუწყობთ ხელს. 2014 წლის შემდეგ თითქმის 1400 კოოპერატივი დაარსდა. მათი წევრების რაოდენობა 12000-ს აღემატება. ჩვენ წამოვიწყეთ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი და თანადაფინანსების სხვა მექანიზმები, რაც ხელს უწყობს ახალი საწარმოების დაარსებას და, ამგვარად, სოფლის მეურნეობის სექტორის გეოგრაფიულ დივერსიფიცირებას. შეღავათიანი აგრო-კრედიტის წყალობით დაარსდა 148 ახალი საწარმო და გაფართოვდა თითქმის 700 მათგანი, სახელმწიფომ მონაწილეობა მიიღო 28 სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მწარმოებელი საწარმოების დაფინანსებაში. სანერგე მეურნეობებისა და ბაღების თანადაფინანსებაზე ორიენტირებული მრავალი ახალი პროექტი, მათ შორის, „დანერგე მომავალი“ ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ხარისხის ზრდას. ახალი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის გახსნა მოწინავე კვლევითი და ინოვაციური ტექნიკის სამეურნეო პრაქტიკაში დანერგვას ემსახურება. სულ ახლახან, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად და ევროკავშირის სტანდარტებთან მათი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, დაარსდა მსოფლიო დონის ფიტოსანიტარული ლაბორატორია. ესაა საქართველოს სოფლის მეურნეობის აღორძინებისა და განვითარებისკენ მიმართულ ღონისძიებათა მხოლოდ მცირე ჩამონათვალი. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს შეუძლებელი იქნებოდა აქ დამსწრეთა დიდი ნაწილის მხარდაჭერისა და თავდადების გარეშე”,- განაცხადა პრემიერმა.

მან ასევე აღნიშნა, სამი დღის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა CNFA-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯონ კოსტელო, რომელიც ამჟამად CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრია. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრებს – დავით კირვალიძესა და შალვა ფიფიას.

პრემიერ-მინისტრის გარდა, კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ტომას მორისი, CNFA-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი სილვან როი, CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრი და საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე, სოფლის მეორნეობის ყოფილი მინისტრი შალვა ფიფია და CNFA-ს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ჯონ კოსტელო.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი