მთავარი პოლიტიკა ზვიად ძიძიგური: ,,პაატა ბურჭულაძე კარგი მომღერალია, თუ როგორი პოლიტიკოსი იქნება, ამას მომავალი...

ზვიად ძიძიგური: ,,პაატა ბურჭულაძე კარგი მომღერალია, თუ როგორი პოლიტიკოსი იქნება, ამას მომავალი გვაჩვენებს”

0 575

პაატა ბურჭულაძე კარგი მომღერალია, მაგრამ როგორი პოლიტიკოსი იქნება, ამას მომავალი გვაჩვენებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „კონსერვატორმა“ ზვიად ძიძიგურმა დღეს „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, პაატა ბურჭულაძეს არაერთხელ გაუკეთებია მკვეთრი განცხადებები როგორც საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ასევე სხვა საკითხებთან მიმართებაში, თუმცა, როგორც ძიძიგური ამბობს, მას არ ახსოვს მისი არცერთი მკვეთრი განცხადება მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იმ მძიმე ვითარებაზე, რომელიც ადამიანის უფლებებთან და თუნდაც მედიის თავისუფლებასთან იყო დაკავშირებული.
„პაატა ბურჭულაძე კარგი მომღერალია, თუ როგორი პოლიტიკოსი იქნება, ამას მომავალი გვაჩვენებს. მომღერლობა არ გამორიცხავს იმას, რომ შეიძლება კარგი პოლიტიკოსი აღმოჩნდეს, თუმცა ეს არც იმას გამორიცხავს, რომ ის შეიძლება პოლიტიკაში ვერ იყოს ისეთი წარმატებული, როგორიც სიმღერაში იყო. თავს შევიკავებ წინასწარი შეფასებებისგან. მე ვნახე მისი რადიკალური განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოსთან, „რუსთავი 2“- ის საქმესთან დაკავშირებითაც, თუმცა მე არ მახსენდება მისი რადიკალური განცხადებები მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, როდესაც ადამიანის უფლებები, ბიზნესის უფლებები, სოციალური ფონი და მედიათავისუფლება მძიმე მდგომარეობაში იყო. რამდენიმე თვეა, რაც ის რადიკალურ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ ეს განცხადებები ხშირად უნისონშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ასევე მოვისმინეთ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის კომენტარი, რომელიც არ გამორიცხავს პაატა ბურჭულაძესთან ალიანსს. თუ რა ფორმატს მიიღებს ეს ყველაფერი და როგორი გადაწყვეტილება გაკეთდება შენდგომ, ამას ყველა ნახავს“, – განაცხადა ძიძიგურმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი