მთავარი საზოგადოება გიორგი მარგველაშვილი რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებს შეხვდა (ვიდეო)

გიორგი მარგველაშვილი რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებს შეხვდა (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტი  ევროპის კვირეულის ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა სტუნდენტების შეკითხვებსაც უპასუხა, რომლებიც საქართველო – რუსეთის ურთიერთობებს, საქართველოს ევროინტეგრაციის, ვიზალიბერალიზაციის და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხს შეეხებოდა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთთან მიმართებაში საქართველოს სტრატეგიული თმენის პოლიტიკა აქვს და მისი მიზანი რუსეთის რაციონალურ დიალოგამდე მიყვანაა. პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც აცხადებს, რომ მას უნდა კეთილმეზობლური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, იმ პირობით, რომ რუსეთი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ძალიან მძიმეა, როცა ირღვევა ადამიანის უფლებები, როცა შენს ტერიტორიაზე შუა სოფელში აბსოლუტურად აბსურდულ და არაფრისმთქმელ მავთულხლართებს ავლებენ , მაგრამ ემოციის აყოლა არაფერს მოგვიტანს. ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმებული გზა არის შემდეგში – ჩვენ ვავითარებთ საქართველოს და უფრო ევროპულს, უფრო ევროატლანტიკურს ვხდით, გვაქვს სტრატეგიული თმენის პოლიტიკა და მიზანი ამ პოლიტიკის არის რუსეთის რაციონალურ დიალოგამდე მიყვანაა“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, რაციონალური დიალოგი ნიშნავს იმას, რომ შენს საზოგადოებას და მოწინააღმდეგე მხარეს აჩვენო, რომ ამ დაპირისპირებაში არც რუსეთი არ არის მოგებული. ეს დიალოგი მიგვიყვანს ჩვენ სუვერენიტეტის აღდგენამდე, ეს არის რთული გზა, მძიმე გზა, მაგრამ სხვა ალტერნატივა ამ გზას არ გააჩნია.

როგორც სტუდენტებთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის კონტექსტში, ყველა თვალსაზრისით, უმაღლესი შეფასება გვაქვს. ეს შეეხება, როგორც რეფორმების განხორციელებას, ასევე საერთაშორისო მისიებში ქართველი ჯარისკაცების ძალიან აქტიურ ჩართულობას – ავღანეთში – ნატოს ფორმატში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში – ევროპულ ფორმატში.

„ევროინტეგრაციის მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯია ასევე, ასოცირების ხელშეკრულება. ჩვენ სულ მალე უვიზო მიმოსვლაზე ხელშეკრულებას ველით. ნატოს მიმართულებით, ჩვენ გვაქვს შინაარსობრივი პაკეტი, რომელსაც ვახორციელებთ თუნდაც იმ წვრთნებით, რომელიც ახლა მიმდინარეობს. მთელი ეს გამოწვევები უაღრესად ადეკვატურადაა პასუხგაცემული“, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების სიაში არჩევნები დაასახელა და სტუდენტებს არჩევნებში აქტიური ჩართულობისაკენ მოუწოდა.

„ჩვენ ვიცით, პოლიტიკურად რა რეალობის წინაშე ვართ დღეს. დემოკრატიის გამოცდის, ერთერთი ყველაზე სერიოზული, პრობლემა საზოგადოებაში არსებული ნიჰილიზმია. ქართულ საზოგადოებას ძალიან ხშირად არ მოსწონს ქართველი პოლიტიკოსები, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. ქართულმა საზოგადოებამ უნდა იაქტიუროს არჩევნებზე და პოლიტიკოსის არმოწონება, არჩევნებზე არმისვლაში არ უნდა გამოიხატოს. თუ თქვენ არ მიხვალთ არჩევნებზე, ამით პოლიტიკოსები არ დაზარლდებიან. დავზარალდებით ჩვენ, მთელი საზოგადოება. ეს რეალობაა გასააზრებელი და აქედან გამომდინარე, ძალიან აქტიურები უნდა იყოთ თქვენ“, – მიმართა პრეზიდენტმა სტუდენტებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი